Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ხორბლის შეთანხმება - გაუვა თუ არა რუსეთს მსოფლიოს შანტაჟი?

BM.GE
21.07.23 15:07
41
გუშინ, 20 ივლისს, რუსეთმა „სამხედრო დანიშნულების ტვირთების პოტენციურ გადამტანებად“ გამოაცხადა ყველა გემი, რომლებიც შავი ზღვის აკვატორიაში უკრაინის პორტებისკენ გაემართებიან. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. გუშინდლიდან რუსეთი „კონფლიქტში კიევის რეჟიმის მხარეს ჩართულად“ ჩათვლის ქვეყნებს, რომელთა დროშებითაც ეს გემები დაცურავენ. 

ამ განცხადების შემდეგ, თეთრი სახლის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ რუსეთი სამოქალაქო გემებზე თავდასხმას და ამ თავდასხმაში უკრაინის დადანაშაულებას გეგმავს. 

რუსეთმა, 18 ივლისს, შეთანხმების დატოვებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, უკრაინის პორტებზე თავდასხმები მართლაც დაიწყო. უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის, მიკოლა სოლსკის განცხადებით, დარტყმების შედეგად 60 000 ტონა მარცვლეული გაანადგურა და მარცვლეულის ექსპორტის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი დააზიანა. 

BBC-ის ცნობით, ერთი ტონა ხორბლის ფასი ევროპის საფონდო ბირჟაზე ოთხშაბათს, წინა დღესთან შედარებით, 8.2%-ით, 253.75 ევრომდე გაიზარდა, სიმინდი კი 5.4%-ით გაძვირდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში მიზეზად დასახელებულია ის, რომ ფუნქციონირება შეწყვიტა „შავი ზღვის ინიციატივამ“ და საზღვაო ჰუმანიტარულმა დერეფანმა, რომლითაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა უკრაინიდან ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების ექსპორტი. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიხედვით, „შავი ზღვის საერთაშორისო წყლების ჩრდილო-დასავლეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთში ზოგიერთი რაიონი ნაოსნობისთვის საშიშად ცხადდება და დადგენილი წესით გაგზავნილია საინფორმაციო შეტყობინება უსაფრთხოების გარანტიების გაწვევის შესახებ“. 

რუსეთმა 18 ივლისიდან დატოვა „მარცვლეულის შეთანხმება". გაეროს და თურქეთის შუამავლობით, 2022 წლის ივლისში მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, შავი ზღვით ხორციელდებოდა უკრაინული ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების ექსპორტი, მათ შორის აფრიკის და აზიის ღარიბ ქვეყნებში. 

მას შემდეგ, რაც რუსეთმა შეთანხმების გაგრძელებაზე უარი თქვა, უკრაინამ შუამავალ გაეროს და თურქეთს მიმართა, რუსეთის გარეშე უზრუნველყონ შავი ზღვის საექსპორტო დერეფნის მუშაობა.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უარი თქვა გაეროსა და თურქეთის შუამავლობით მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმების გაგრძელებაზე, უკრაინა სხვა მარშრუტზე ალაპარაკდა.

თურქეთში უკრაინის ელჩმა ვასილი ბოდნარმა მედიას უთხრა, რომ საუბარია რუმინეთისა და ბულგარეთის აკვატორიის გამოყენებაზე, თუმცა სხვა დეტალებზე არ უსაუბრია. 

ელჩის განმარტებით, ახალი მარშრუტის შემთხვევაშიც მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობა იმისთვის, რომ უკრაინამ გეგმა განახორციელოს.

უკრაინამ და რუსეთმა 2022 წლის 22 ივლისს სტამბოლში გააფორმეს შეთანხმებები თურქეთთან და გაეროსთან, უკრაინის სამი პორტის - ოდესის, ჩერნომორსკისა და იუჟნის - გათავისუფლების შესახებ. ეს პორტები ბლოკირებული იყო მას შემდეგ, რაც თებერვლის ბოლოს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

შეთანხმება მსოფლიოში არსებული სასურსათო კრიზისის საპასუხოდ გაფორმდა, რადგან რუსეთიც და უკრაინაც მარცვლეულის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორები არიან. თავის მხრივ, რუსეთმა მიიღო გარანტია, რომ საკუთარი მარცვლეულისა და პესტიციდების ექსპორტსაც განახორციელებდა. შეთანხმების მოქმედების ვადა 17 ივლისს ამოიწურა. 

რუსეთი შეთანხმების სანაცვლოდ ტოლიატი-ოდესის ამიაკის მილსადენის ამუშავებას, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის და მისი ნაწილების მიწოდების აღდგენას, უცხოეთის პორტებში რუსული გემების შესვლას და Россельхозбанк-ის საგადასახადო სისტემა SWIFT-ში დაბრუნებას ითხოვდა. 

რას უნდა ველოდოთ და ვის წისქვილზე ასხამს წყალს ამ ბაზარზე შექმნილი გაურკვევლობა

სტუმარი: ლევან ჯანაშია - "აგროექსპორტის" დამფუძნებელი;

#საქმიანიდილა-ს #ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად;











Subscribe to our news

Get the main news of the day