მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გვსურს მომხმარებელი გაყინული პროდუქტების სექციაშიც ისევე ხშირად ეძებდეს ჩაის, როგორც ტრადიციულში - Freeze Tea

64144ea0488a6
ნანუკა ნარიმანიძე
20.03.23 09:40
611
კომპანია Freeze Tea ქართულ ბაზარზე 2021 წლიდან გამოჩნდა და ის მომხმარებელს ახლად მოკრეფილი ჩაის ფოთლების, სამკურნალო მცენარეებისა და ტყის ველური ხილის შერწყმით დამზადებულ ცოცხალი არომატისა და გემოს ჩაის სთავაზობს.

კომპანიის თანადამფუძნებელმა ირაკლი დოლიძემ BM.GE-თან ინტერვიუში თქვა, რომ ამჟამად მოლაპარაკებების წარმოების ეტაპზე არიან და შესაძლოა მათი ადგილობრივი სარეალიზაციო ბაზარი გაიზარდოს.

მან ასევე აღნიშნა, რომ მთავარი სირთულე გაყინული ჩაის ფოთლებზე ცნობადობის ამაღლებაა.

„ჩაის იმერეთსა (ჭიათურა, ხონი) და გურიაში ვიბარებთ. პიტნასა და ქართულ ვარდს წნორში, კახეთში ვყიდულობთ ქართველი ბიო-მეწარმეებისგან. ველურ მოცვსა და ცაცხვის ყვავილებს იმერეთის მაღალმთიანი სოფლების მოსახლეები აგროვებენ ტყეებში და გვაბარებენ. ცოცხლად გაყინული ფოთლების ჩაის გამაჯანსაღებელი ანტიოქსიდანტების ძალიან მაღალი შემცველობით გამოირჩევა,ჩვენი ძირითადი გამოწვევა ამ სიახლის დანერგვა და მაღაზიებში მომხმარებლის ჩაის ტრადიციული სექციის ნაცვლად საყინულეებთან მიყვანაა, ამჟამად ამას აქტიური პრომოციით ვახერხებთ, თუმცა, გვსურს რომ უფრო სწრაფად გაგვიცნონ მომხმარებლებმა და გაყინული პროდუქტების სექციაშიც ისევე ხშირად ეძებდნენ ჩაის, როგორც ტრადიციულში.

2022-ში 3 ახალი სახეობის Freeze Tea დავამატეთ, 2023-ში კიდევ ვფიქრობთ ასორტიმენტის გაფართოებას ქართული ტყის ნედლეულის გამოყენებით, ასევე ჩვენი პროდუქცია რამდენიმე დაინტერესებულ იმპორტიორს გავუგზავნეთ, მათგან უკუკავშირს ველოდებით, გვინდა რომ 2023 წლის პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე გატანა შევძლოთ“, - განაცხადა ირაკლი დოლიძემ და დასძინა, რომ ამჟამად, კომპანია მომხმარებელს 6 სახეობის ჩაის სთავაზობს, რომლის ფასიც 14.95 ლარსა და 15.95 ლარს შორის მერყეობს.

მისივე თქმით, 2022 წლისთვის კომპანიამ 4,000 შეფუთვა აწარმოვა, 2023 წლისთვის კი შეკვეთების მიხედვით წარმოების ზრდას გეგმავს. 

ცნობისთვის, Freeze Tea-ს ცოცხლად გაყინული ფოთლების ჩაის ყიდვა გუდვილის ჰიპერმარკეტებსა და კომპანიის ტყის სოკოების ონლაინ მაღაზია- www.boletto.ge-დან არის შესაძლებელი. პროდუქცია Freeze Tea მუდმივად 6 ადამიანს ასაქმებს, სეზონურად კი 10-15 ადამიანს იმატებს საწარმოში, ხარაგაულში.