მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პარაგრაფი“ - დამსვენებლების 30% უცხოელი ვიზიტორები არიან

60f03c61146db
თათია კაკიაშვილი ვიქტორია მღებრიშვილი
16.07.21 09:00
1611
PMCG-ის ტურიზმის ყოველთვიური მიმოხილვის მიხედვით, ივნისში 5-ვარსკვლავიან სასტუმროებში ყველაზე მაღალი განთავსების საშუალო ფასი გურიაშია. ივნისში ამ ტიპის სასტუმროებში 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასი 739 ლარია. როგორც BM.GE-ის მიმოხილვის ავტორებმა განუმარტეს, გურიაში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო მხოლოდ „პარაგრაფია“ და რეგიონებს შორის სასტუმროებში ყველაზე მაღალ ღირებულებას სწორედ ის განსაზღვრავს.

BM.GE-ი დაინტერესდა, რა დატვირთვით მუშაობს დღეს სასტუმრო პარაგრაფი და ვინ სტუმრობს სასტუმროს ყველაზე ხშირად - უცხოელები თუ ადგილობრივი დამსვენებლები და ამ კითხვებით „პარაგრაფის“ გენერალურ მენეჯერს ელენე შარიქაძეს მიმართა.

სასტუმროს მენეჯერის ინფორმაციით, დღეს „პარაგრაფი“ თითქმის სრული დატვირთვით მუშაობს და სასტუმროს მენეჯმენტს არსებული ჯავშნების მიხედვით აგვისტოსა და სექტემბერში ანალოგიური დატვირთვის მოლოდინები აქვთ.

„ივნისი ძალიან წარმატებული იყო, შესაბამისად შემიძლია გითხრათ, რომ სასტუმროს ოპერირების 4-წლიანი პერიოდის განმავლობაში გასული თვე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ივლისში სასტუმროს დატვირთულობა ასევე საკმაოდ მაღალია. აგვისტოს პროგნოზებიც, ჩვენი შეფასებით, ძალიან ოპტიმისტურია. თავისთავად ცხადია, არსებული ჯავშნები დაკავშირებულია ქვეყანაში ეპიდსიტუაციაზე; ასევე იმაზეც, ზოგადად ქვეყანა და მოსახლეობა რეგულაციების შენარჩუნებას რამდენად შეძლებს“, - აღნიშნა სასტუმრო „პარაგრაფის“ გენერალურმა მენეჯერმა.

სასტუმროს მენეჯმენტში განთავსების ღირებულებაზე არ საუბრობენ და აცხადებენ, რომ სასტუმროს ფასები დამოკიდებულია ოთახის კატეგორიაზე და სასტუმროს დატვირთულობაზეა დამოკიდებული. რაც შეეხება ვიზიტორებს ქვეყნების მიხედვით, სასტუმროში ამბობენ: „დამსვენებლების 70% ადგილობრივები არიან, 30%-ს კი უცხოელი ვიზიტორები. უცხო ქვეყნის მოქალაქეები ძირითადად უზბეკეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, ისრაელიდან და გალფის ქვეყნებიდან გვსტუმრობენ“.