მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„Paragraph-ის დატვირთულობა 2019 წლის დონეს უტოლდება“ - საიდან სტუმრობენ შეკვეთილს?

6180fa3ba7b05
ინგა მურუსიძე
02.11.21 18:15
4157
Paragraph Shekvetil-ის მენეჯმენტის შეფასებით, სასტუმროში დატვირთულობის კოეფიციენტი 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს თითქმის გაუტოლდა. როგორც BM.GE-სთან სასტუმროს გენერალურმა მენეჯერმა ელენე შარიქაძემ განაცხადა, Paragraph-ი შაბათ-კვირას თითქმის 100%-ით არის დატვირთული, ხოლო კვირის დღეებში - 40-50%-ით.

„2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვაქვს, რადგან შარშან ამ დროს covid-აფეთქება იყო, ე.წ. “მეორე ტალღა”, როცა აჭარა, ფაქტობრივად, დაიხურა, ამიტომ გასულ წელს არც ვედრებით. რაც შეეხება 2019 წელს, დატვირთულობის თვალსაზრისით, თითქმის იდენტურად ვართ და საბოლოო ჯამში, შედეგებითაც კმაყოფილი ვართ. სულ 600-მდე სტუმრის მიღება შეგვიძლია, თუმცა კვირის განმავლობაში საშუალოდ 200-300 სტუმარს ვმასპინძლობთ. შესაბამისად, დატვირთულობა საშუალოდ 40-50%-ს შეადგენს, ხოლო შაბათ-კვირას თითქმის 100%-იანი დატვირთვა გვაქვს“, - გვიყვება ის.

რაც შეეხება დამსვენებლების გეოგრაფიას, ელენე შარიქაძის ინფორმაციით, სტუმრების უმრავლესობა ქართველია, თუმცა არიან უცხოელებიც.

„სტუმართა 70% ქართველია, დანარჩენი 30% კი სხვადასხვა ქვეყნიდან არის, მათ შორის ისრაელიდან, პოსტსაჭოთა ქვეყნებიდან; იმატა ყაზახეთის და უზბეკეთის წილმაც და ამ მხრივ, კარგი დინამიკაა. გარდა ამისა, წელს დიდი რაოდენობით გვყავს სტუმრები არაბული ქვეყნებიდან, აქამდე ისინი ნაკლებად ჩამოდიოდნენ და სავარაუდოდ, ეს ცვლილება პირდაპირმა ავიარეისებმა განაპირობა“, - აღნიშნა ელენე შარიქაძემ და იქვე დასძინა, რომ სასტუმროში განთავსების ფასები ცვალებადია და ძირითადად, სეზონსა და დატვირთულობის დონეზეა დამოკიდებული.

Bm.ge მაღალი კლასის სასტუმროს გენერალურ მენეჯერს ახალი წლის სამზადისზეც ესაუბრა, მაგრამ როგორც ელენე შარიქაძემ გვითხრა, პანდემიის გამო არსებული რეგულაციების გათვალისწინებით, ჯერჯერობით, ღონისძიებების დაგეგმვას ვერ იწყებენ, თუმცა დაინტერესება და სურვილი დიდი აქვთ.

„ვინაიდან თავშეყრები და ღონისძიებები შეზღუდულია, ამ ეტაპზე, სავარაუდოდ, წავალთ იგივე სტილით, რაც იყო შარშან - ვახშამი, საღამო და ფონური მუსიკა, თუმცა თუ covid-რეგულაციები შემსუბუქდა, გეგმები გვაქვს და მათ სიამოვნებით განვახორციელებთ. სხვათაშორის, ცოტა გვიკვირს, მაგრამ ახალი წლის ღონისძიებებზე ქართველებისგან მოთხოვნა არის, თუმცა ჩვენი პასუხი მათთვისაც იგივეა ანუ ჯერჯერობით, პასუხი არ გვაქვს“, - აღნიშნა ელენე შარიქაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები