მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ ბიზნესი წამლებს ზედა ჭერზე ძვირად გაყიდის, ჯერ გაფრთხილებას მიიღებს, შემდეგ - ჯარიმას

636ba3d0e79e0
ვიქტორია მღებრიშვილი
09.11.22 17:52
887
2023 წლიდან წამლებზე რეფერენტული ფასები დაწესდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო მედიკამენტების ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს დაადგენს, რომელზე ძვირადაც მედიკამენტის რეალიზაცია დაუშვებელი იქნება.

როგორც მთავრობის დღევანდელი სხდომის დამთავრების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განმარტა, პირველ ეტაპზე რეფერენტულ ფასს მხოლოდ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტებზე დააწესებენ, რომელიც 1 100 დასახელების მედიკამენტს შეეხება. შემდეგ ეტაპზე, მეორე კვარტლიდან კი ეს ცვლილება ყველა დარჩენილ სარეცეპტო მედიკამენტებზე გავრცელდება.

„შესაბამისად, მომდევნო წლის ბოლომდე მოსახლეობას მედიკამენტების ღირებულებაზე, რეფერენტული ქვეყნების მიხედვით, ექნება მაქსიმალურად გამჭვირვალედ დაწესებული ზედა ზღვარი და უკვე გაცილებით ნაკლები თანხის გადახდა მოუწევს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მისივე თქმით, "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ დაგეგმილია ცვლილებების შეტანა და თუ კომპანიები მედიკამენტებს რეფერენტული წესით დადგენილ ფასზე ძვირად გაყიდიან, ფინანსური სანქციები დაუწესდებათ.

"პირველ ჯერზე დარღვევის შემთხვევაში, სანქციები - გაფრთხილებას, ხოლო განმეორებით შემთხვევაში, 5 000-დან 45 000 ლარამდე დაჯარიმებას გულისხმობს, როგორც საცალო ქსელში მოქმედი აფთიაქების, ასევე დისტრიბუტორებისა და საბითუმოდ მოვაჭრეების; რადგან ეს ისეთი რეგულაციაა, რომელიც ყველამ უნდა დაიცვას, ამიტომ სანქციების ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ შემოწმებასა და მონიტორინგს, რომელსაც ახლაც ვახორციელებთ, აქტიურად გავაგრძელებთ. ასევე, კომპანიებს ინფორმაციის დისტანიციური მოწოდების ვალდებულება ექნებათ, სადაც ჩვენ მათ ბაზებს დავინახავთ ანუ რა ფასად ყიდიან მედიკამენტებს, რაც აღსრულების პროცესს გაგვიადვილებს“, - განაცხადა აზარაშვილმა.

რაც შეეხება კიდევ ერთ ხშირად დასმულ კითხვას - როგორ დაადგენს სახელმწიფო მედიკამენტების რეფერენტულ ფასს, BMG-ს ამ კითხვაზე პასუხად ჯანდაცვის მინისტრმა დღესაც გაიმეორა, რომ რეფერენტი ქვეყნების შერჩევა მიმდინარეობს.

"დაახლოებით, 4-5 ქვეყნიდან წამლების ფასებს დავირეფერენსებთ. ეს ქვეყნების ეკონომიკის ზომის, მოსახლეობის რაოდენობის და სხვა კრიტერიუმების მიხედვით შეირჩევა, რომელიც ჩვენი მოგონილი არ არის და ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების კონსულტაციის შედეგად დგება. ამ ქვეყნების შერჩევის შემდეგ, შეიძლება 4-5 ქვეყანა იყოს, რადგან თითოეული მათგანი, თავის მხრივ, კიდევ სხვა ქვეყნებს ირეფერენსებს და ჯამში, შეიძლება, 30-მდე ქვეყანა გამოვიდეს. მაგალითად, აზერბაიჯანს 25 რეფერენს ქვეყანა ჰყავს, თუმცა ის ჩვენი რეფერენსი ქვეყნების ჩამონათვალში არ არის; ჩვენ უფრო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს ვუყურებთ“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მედიკამენტის რეფენტულ ფასზე საუბრისას, მინისტრმა დღეს რეფერენტული ფასების დადგენის ზოგადი ფორმულაც განმარტა: „იმ ბაზრებზე, რომელთაც შევარჩევთ, ერთ კონკრეტულ მოლეკულაზე წარმოებულ ბრენდულ მედიკამენტებს მოვიძიებთ და მათი ღირებულების მიხედვით, საშუალო ფასი გამოითვლება - ჩვენთან ეს ფასი საბითუმოდ გასაყიდი მედიკამენტის მაქსიმალური ფასი იქნება. ეს კონკრეტული ფასის დაწესება არ არის, ეს ჭერის განსაზღვრაა, რომელზე ძვირადაც ვერც საბითუმო და ვერც აფთიაქი წამალს ვერ გაყიდის, ხოლო საბითუმოდან აფთიაქებში გატანისას განვსაზღვრავთ პროცენტულ მარჟას, რომლის დამატებასაც აფთიაქი შეძლებს“, - განმარტა მინისტრმა.

2023 წლიდან წამლებზე რეფერენტული ფასები დაწესდება - რას ნიშნავს ეს?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები