მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

100 000 ლარის ინვესტიცია - "კოდალა" სათამაშოების წარმოებას აფართოებს

5e109da03c1ca
ვიქტორია მღებრიშვილი
05.01.20 16:00
1880
სათამაშოების საწარმო „კოდალა“ წარმოების გასაფართოებლად 100 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს, - ამის შესახებ BM.GE-ის საწარმოს დამფუძნებელმა კოტე სვანაძემ განუცხადა.

როგორც კოტე სვანაძე ამბობს, კომპანიისთვის 2019 წელი პროგრესული იყო, გაზრდილ გაყიდვებში აისახა. „კოდალამ“ გასულ წელს ექსპორტზე ახალ ბაზარზეც გავიდა და წელს კიდევ ერთი ბაზრის ათვისებას გეგმავს.

„2019 წელი წინა წელთან შედარებით პროგრესული წელი იყო. ჩვენი გაყიდვები დაახლოებით 20-25%-ით გაიზარდა. ჩვენი ტრადიციული საექსპორტო ბაზარი გერმანიაა, მხოლოდ გერმანიაში დაახლოებით 10 000 ევროს ღირებულების სათამაშოები გავიტანეთ. შარშან დაემატა ექსპორტი რუსეთი მიმართულებით. ამ ეტაპზე ნორვეგიასთან გვაქვს მოლაპარაკებები და წელს ალბათ შევძლებთ ჩვენი ნაწარმის ნორვეგიაში გატანას“, - განაცხადა კოტე სვანაძემ.

ხის სათამაშოების მწარმოებელი ამბობს, რომ გაზრდილი გაყიდვები არის ერთ-ერთი მიზეზი იმის რის გამოც კომპანიამ გაფართოება გადაწყვიტა. 2020 წლიდან „კოდალას“ ხის ნაკეთობები ახალ მისამართზე, ავლაბრის ტერიტორიაზე, ელიას მთაზე გადავა და უფრო მეტ ადამიანსაც დაასაქმებს.

„დაახლოებით გაზაფხულზე გავხსნით ახალ საწარმოს. 300 მ2 ვაფართოებს და მოხდება მისი სრული გადაიარაღება. დაახლოებით 100 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება და წარმოება სრულად ახალ მისამართზე გადავა. ამ დროისთვის 25 ადამინი გვაყვავს დასაქმებული და დაემატება კიდევ 12 ადამინი. საწარმოს გაფართოების შემდეგ ასორტიმენტი და წარმოების მოცულობა რა თქმა უნდა გაიზრდება. სათამაშოების უფრო მრავალფერვანი ასორტიმენტი იქნება და ვფიქრობთ დავამატოთ თოჯინების სახლების წარმოებაც“, - უთხრა BM.GE-ის „კოდალას“ დამფუძნებელმა.

„კოდალას“ ხის სათამაშოები სხვადასხვა მაღაზიებში და ჰიპერმარკეტებში იყიდება, როგორიცაა სუპერი, გუდვილი, აგროჰაბი, სმარტი და სხვა საცალო ობიექტები. თებერვლიდან ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტის შეძენა „ავერსის“აფთიაქებშიც იქნება შესაძლებელი.