მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

14 ქვეყანა, სადაც დღემდე covid-19-ის არცერთი შემთხვევა არ დადასტურებულა

5f43a5670624e
ნათია თაქთაქიშვილი
25.08.20 00:03
1992
Business Insider-ი John Hopkins University's-ის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ვირუსი მსოფლიოს 188 ქვეყანაში გამოვლინდა. covid-19-მა არაერთი ქვეყანა აიძულა, გამოეცხადებინათ საგანგებო მდგომარეობები, რამაც მოქალაქეების ცხოვრების სტილი ფუნდამენტალურად შეცვალა.

როგორც გამოცემა წერს, მსოფლიოს მასშტაბით, არის 14 ქვეყანა, სადაც დღემდე კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა, ყოველ შემთხვევაში, ოფიციალურად დადასტურებული არაა. მათი უმრავლესობა არის შორეული კუნძულები, სადაც კორონავირუსის გავრცელების და უსაფრთხოების ნორმების დაცვა უფრო მარტივია.

14 ქვეყანა, სადაც დღემდე კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. 

1. სამოა - კუნძული 200,000-იანი მოსახლეობით. კუნძულმა საგანგებო მდგომარეობა მარტში გამოაცხადა და საზღვრები დახურა ყველასთვის, მათ შორის გემებისთვის. მოსახლეობას უწევს სპეციალური რეგულაციების დაცვა, რათა კუნძულზე ვირუსი არ გავრცელდეს. 

2. მარშალის კუნძულები - მისი მოსახლეობა 60,000-სს უტოლდება და, ჯერჯერობით, კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დადასტურებულა.

3. სოლომონის კუნძულები - ქვეყანა წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მელანეზიაში. სოლომონის კუნძულებზე საგანგებო მდგომარეობა კორონავირუსის გავრცელებიდან ძალიან მოკლე პერიოდში გამოცხადდა.

4. ვანუატუ  - კუნძულ ვანუატუზეც კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დადასტურებულა; კუნძულმა საგანგებო მდგომარეობა მარტის დასაწყისში გამოაცხადა და ის 2020 წლის ბოლომდე გაგრძელდება.

5. ტუვალუ - კუნძულ ტუვალუზე, რომელსაც თითქმის 12,000-იანი მოსახლეობა ჰყავს, კორონავირუსის შემთხვევები დღემდე არ გამოვლენილა.

6. ტონგა - მისი მოსახლეობა 100,000 ადამიანს შეადგენს. საგანგებო მდგომარეობა მარტიდან გამოცხადდა და სპეციალური რეგულაციები შემოიღეს; მათ შორის აიკრძალა მრავალრიცხოვანი შეკრებები და სპორტული ღონისძიებები, ასევე, მოსახლეობას მოსთხოვეს სოციალური დისტანცირების ნორმების დაცვა.

7. კირიბატი - კუნძული 110,000-იანი მოსახლეობით. ვიზიტორები, ვინც იმ ქვეყნებიდან ჩადიან, სადაც კორონავირუსის შემთხვევებია გამოვლენილი, ვალდებულები არიან ჯერ 14 დღიანი კარანტინი და შემდგომ კი, სამედიცინო შემოწმება გაიარონ.

8. თურქმენეთი - თურქმენეთში კორონავირუსის არცერთი დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება. ქვეყანამ საზღვრები კორონავირუსის გავრცელების ადრეულ ეტაპზე ჩაკეტა, რამაც კორონავირუსის გავრცელების შეჩერებას ხელი შეუწყო.

9. მიკრონეზიის ფედერალური შტატები - მიკრონეზიის ფედერალურმა შტატებმა საგანგებო მდგომარეობა COVID-19-ის გავრცელების ადრეულ ეტაპზე გამოაცხადა. მთავრობა ხშირად აწყობდა კორონავირუსთან ბრძოლის მოდელირებულ შემთხვევებს იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად იყო ქვეყანა მზად ვირუსთან გასამკლავებლად.

10. ნაურუ - კუნძული ნაურუ, რომლის მოსახლეობაც 10,000 ადამიანია, კორონავირუსის არცერთ შემთხვევაზე არ აცხადებს, მაგრამ ნაურუს მთავრობა წუხილს გამოთქვამს კორნავირუსის მზარდი შემთხვევების გამო ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში.

11. ჩრდილოეთ კორეა - ჩრდილოეთ კორეის მთავრობასაც დღემდე კორონავირუსის არცერთი დადასტურებული შემთხვევის შესახებ არ განუცხადებია. ქვეყანამ, რომელსაც ისედაც მცირე კონტაქტი აქვს დანარჩენ მსოფლიოსთან, საზღვრები იანვარში ჩაკეტა და ყველა პირისთვის, ვინც ქვეყნის საზღვრებს გადმოკვეთდა, საკარანტინე ნორმები დააწესა.

12. პალუა  - კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დადასტურებულა კუნძულ პალუაზე, რომლის მოსახლეობაც 18,000 ადამიანს შეადგენს. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ სპეციალური გაიდლაინები დააწესა მოსახლეობისთვის, ხოლო ქვეყანაში შემსვლელთათვის საკარანტინე ნორმები მოქმედებს.

13. კუკის კუნძულები - კუკის კუნძულები ახალი ზელანდიის ასოცირებული წევრია; კუნძულებმა საზღვრების ჩაკეტვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ახალ ზელანდიაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდა დაფიქსირდა.

14. კუნძული ნიუ - კუნძული ნიუ მცირე ზომის ქვეყნებს მიეკუთვნება, რომლის მოსახლეობაც მხოლოდ 2,000 ადამიანს შეადგენს. იქ დღემდე კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.