მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2016-ში აღებული და გამოუყენებელი €100 მლნ-ის სესხი კოვიდ-კრიზისზე და ვაქცინებზე დაიხარჯება

602a98ef46ea1
შოთა ტყეშელაშვილი
15.02.21 20:50
1098
2016 წლის 9 დეკემბერს საქართველომ ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) 100 მილიონი ევროს სასესხო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომლითაც ქვეყანაში რეგიონული განვითარებისთვის სხვადასხვა პროექტი უნდა განხორციელებულიყო. სესხის დამტკიცების მიუხედავად, მთავრობამ განსაზღვრული პროექტების განხორციელება ვერ შეძლო, პანდემიური ვითარების ფონზე კი ამ რესურსის კოვიდ-კრიზისზე გადამისამართების შესახებ მოლაპარაკებები გამართა.

პარლამენტში წარდგენილი დოკუმენტის თანახმად, ევროპის საინვესტიციო ბანკთან განიხილება სესხის მიზნობრიობის შეცვლა, რომელიც ასე არის განსაზღვრული:

ევროპის საინვესტიციო ბანკი მოლაპარაკებების შემდეგ დათანხმდა საქართველოსთვის გადაუდებელი დახმარების სახით გამოყენებულ იქნას 2016 წლის 9 დეკემბერს საქართველოსა და EIB-ს შორის ფინანსური ხელშეკრულების (პროგრამა საქართველოს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის აღდგენა) საქართველოსთვის გამოყოფილი თანხა 100 მილიონი ევრო, რომელიც მიმართული იქნება COVID-19-ზე სწრაფი რეაგირების ფარგლებში პანდემიით გამოწვეული კრიზისის ეკონომიკური ხარჯების შემსუბუქებასა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უზრუნველყოფაზე. კერძოდ რესურსები განაწილდება ორი ძირითადი მიმართულებით:

1) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერვისის მიწოდების გაუმჯობესება (ახალი მოწყობილობებისა და ტექნიკის შეძენა; ახალი სამედიცინო პუნქტების მშენებლობა; ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის გაძლიერება);
2) COVID19-ის სპეციფიკური სქემები (COVID19-ის ვაქცინების შეძენა; ვაქცინაციის კამპანიები; საზოგადოებრივი დანიშნულების შენობების გარდაქმნა ჯანდაცვის დანიშნულებისთვის; ტესტირების ლაბორატორიების აღჭურვა; პირადი დაცვის საშუალებების შეძენა).

სესხის პირობების თანახმად, ის ათვისების დაწყებიდან 25 წლის განმავლობაში უნდა დაიფაროს, მათ შორის პირველი 5 წელი საშეღავათოა.