პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი 83 ხმით ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა. პლენარულ სესიაზე ფინანსური დოკუმენტის კენჭისყრას საპარლამენტო უმრავლესობის გარდა ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" ესწრებოდა. ბიუჯეტის პროექტის მესამე - საბოლოო ვარიანტი დეპუტატებს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გააცნო.
მინისტრის მოხსენების შემდეგ მხოლოდ ორმა დეპუტატმა დასვა კითხვა, რაც ექიმებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებისთვის მომავალ წელს ხელფასების ზრდის საკითხს ეხებოდა.
ვანო მაჭავარიანმა განმარტა, რომ 2020 წელს სასწრაფო დახმარების და სოფლის ექიმის ინსტიტუტები ერთი მენეჯმენტის ქვეშ მოექცევა და ამ ინსტიტუციებში დასაქმებულთა (8 ათასამდე მოქალაქე) ანაზღაურება 100 ლარით გაიზრდება; ასევე 1 ივლისიდან დაგეგმილია სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ხელფასების საშუალოდ, 125 ლარით ზრდა.
რაც შეეხება ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებს - ერთ-ერთი მთავარი ცვლილება, რაც დოკუმენტის მესამე ვარიანტში შევიდა, მომავალი წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის 5-დან 4.5%-მდე შემცირებაა. მთავრობამ ამ კუთხით საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების რეკომენდაციები გაითვალისწინა. გარდა ამისა, ბიუჯეტის საბოლოო პროექტში წინა ვარიანტთან შედარებით, შემოსულობების პროგნოზი დაახლოებით 500 მილიონით გაიზარდა და 14 მილიარდ 554 მილიონ ლარს აღწევს, გადასახდელების კი - 221 მილიონით, 14 მილიარდ 433 მილიონამდე გაიზრდა.
ვალდებულებების ნაწილი ასე გამოიყურება - საშინაო ვალის გეგმა მიმდინარე წელს უკვე ნახევარი მილიარდით გაიზარდა, 2020 წელს კი, ეს მაჩვენებელი მილიარდ 200 მილიონ ლარს მიაღწევს. აღსანიშნავია, რომ შიდა ვალის პროგნოზი ბიუჯეტის მეორე წარდგენას 300 მილიონით აჭარბებს. საგარეო ვალი სახით კი, მთავრობა 2020 წელს მილიარდ 867 მილიონ ლარს აიღებს - 13 მილიონით მეტს, ვიდრე ბიუჯეტის წინა ვერსიის მიხედვით აპირებდა, მათ შორის ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტები - 685 მილიონს, საინვესტიციო კრედიტები კი, რაც ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იხარჯება, მილიარდ 182 მილიონ ლარს შეადგენს.