მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წლისთვის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 5.56 მილიარდამდე იზრდება

5fc5f3905d1cd
შოთა ტყეშელაშვილი
01.12.20 11:37
2864
საქართველოს მთავრობამ პარლამენტს 2021 წლის ბიუჯეტის განახლებული პროექტი წარადგინა. დოკუმენტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის მოცულობა 2020 წელთან შედარებით 2.46 მილიარდი ლარით იზრდება და ის 18.38 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. 

2021 წელსაც მთავრობა ყველაზე მეტი საბიუჯეტო რესურსის ჯანდაცვის სამინისტროსკენ მიმართვას გეგმავს, რომლის ბიუჯეტიც 48 მილიონი ლარით იზრდება და ის 5.56 მილიარდ ლარს მიაღწევს. ბიუჯეტის ზრდას განაპირობებს როგორც პენსიის ინდექსაციის ახალი კანონი, რომლითაც პირველი იანვრიდან ასაკობრივი პენსია გაიზრდება, ასევე, ქვეყანაში დაწესებული "ლოქდაუნის" გამო, ბიუჯეტი სოციალურად დაუცველთათვის 6 თვით 100-ლარიან დახმარებებსაც დააფინანსებს.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის მთავრობამ 800 მილიონი ლარი გაითვალისწინა, თუმცა მნიშვნელოვანია გარემოება, რომ როგორც - 2020 წელს, ისე წინა წლებში ამ პროგრამის ბიუჯეტი ვადაზე ადრე ამოიწურა და მთავრობას მისთვის სახსრების დამატება დასჭირდა. 802 მილიონი ლარი იყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი 2020 წელს, თუმცა ის ნოემბერში ამოიწურა და მთავრობამ 95 მლნ ლარი დაამატა.  

ჯანდაცვის სამინისტროს განახლებული ბიუჯეტის პროექტი ასეთია:

"მოსახლეობის სოციალური დაცვა - 3 839.9 მლნ ლარი, რაც ბიუჯეტის წინა წარდგენასთან შედარებით გაზრდილია 260.5 მლნ ლარით, მათ შორის: 

საპენსიო უზრუნველყოფა - 2 600.0 მლნ ლარი წინა წარდგენებთან შედარებით არ შეცვლილა (2020 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 370.0 მლნ ლარით), რაც გამოწვეულია მათ შორის საპენსიო ასაკის მოსახლეობისათვის „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო პენსიის ზრდის ინდექსაციის წესის შემოღებით, ეკონომიკურ პარამეტრებზე დაყრდნობით. კერძოდ, წარმოდგენილი კანონის პროექტით 2021 წლის პირველი იანვრიდან გათვალისწინებულია 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსიის ზრდა 20 ლარით და განისაზღვრება 240 ლარით, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერებისთვის პენსია იზრდება 25 ლარით და განისაზღვრება 275 ლარის ოდენობით;

მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარება - 816.0 მლნ ლარი, რაც წინა წარდგენასთან შედარებით გაზრდილია 8.4 მლნ ლარით, ხოლო დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით - 23.0 მლნ ლარით; 

სოციალური შეღავათები მაღალმთიან დასახლებაში - 66.3 მლნ ლარი; 

ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო მოსახლეობის სოციალური დახმარებისთვის ბიუჯეტში აისახა დამატებით 250.0 მლნ ლარით და შეადგენს 310.0 მლნ ლარს: 

COVID-19-თან დაკავშირებით მიმდინარე წელს დაწყებული სოციალური პაკეტით გათვალისწინებული ღონისძიებების გაგრძელება. კერძოდ, მოსახლეობისათვის კომუნალური გადასახადების სუბსიდირებისთვის განსაზღვრული ასიგნება შეადგენს 60 მლნ ლარი; 

65 000 – 100 000 ქულამდე სოციალურად დაუცველი ოჯახების, ასევე სოციალურად დაუცველი იმ ოჯახებისათვის, რომელთაც ყავთ 3 და მეტი შვილი და შშმ ბავშვებისა და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისათვის - 100.0 მლნ ლარი; 
6 თვის მანძილზე 200 ლარიანი დახმარება პანდემიის გამო სამსახურიდან დათხოვილ პირებზე - 150.0 მლნ ლარი; 

მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა - 1 548.6 მლნ ლარი, რაც ბიუჯეტის წინა წარდგენებთან შედარებით გაზრდილია 444.6 მლნ ლარით, ხოლო წინა წელთან შედარებით 182.3 მლნ ლარით. მათ შორის ზოგიერთი პროგრამების ასიგნება განისაზღვრა შემდეგი ოდენობებით: 

COVID-19-თან დაკავშირებული ჯანმრთელობის დაცვის სერვისებისათვის 400.0 მლნ ლარი იქნება მობილიზებული 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში; 
მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვა - 800.0 მლნ ლარი, რაც წინა წარდგენასთან შედარებით გაზრდილია 40.0 მლნ ლარით; 
იმუნიზაცია - 28.0 მლნ ლარამდე; 
ტუბერკულოზის მართვა - 17.2 მლნ ლარამდე; 
აივ ინფექციის/შიდსის მართვა - 14.1 მლნ ლარამდე; 
C ჰეპატიტის მართვა - 7.0 მლნ ლარი; 
ეპიდზედამხედველობა - 2.2 მლნ ლარი, რაც წინა წარდგენებთან შედარებით გაზრილია 500.0 ათასი ლარით; 
ფსიქიკური ჯანმრთელობა - 28.9 მლნ ლარი; 
დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია - 40.4 მლნ ლარი; 
პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა - 121.4 მლნ ლარი; 
რეფერალური მომსახურება - 25.0 მლნ ლარი; 
ნარკომანიით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობა - 12.2 მლნ ლარი; 
დიაბეტის მართვა - 16.0 მლნ ლარი, რაც წინა წარდგენებთან შედარებით გაზრდილია 1.0 მლნ ლარით; 

სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაცია და აღჭურვა - 30.0 მლნ ლარი; 
შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამა - 8.9 მლნ ლარი, რაც წინა წარდგენასთან შედარებით გაზრდილია 2.0 მლნ ლარით, ძირითადად შრომის ინსპექტირების ღონისძიებების ხელშეწყობისთვის; 
იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა ხელშეწყობა - 71.8 მლნ ლარი", - ნათქვამია ბიუჯეტის პროექტში.