მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022-ში საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ისტორიულად დაბალი იყო - რას ნიშნავს ეს?

641c16da5a870
შოთა ტყეშელაშვილი
23.03.23 13:09
908
მთავრობის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის განმავლობაში საქართველოს საგადასახდელო ბალანსის დეფიციტი ისტორიულად დაბალი იყო და მშპ-ის მხოლოდ 3-3.5 პროცენტს შეადგენდა. ამის შესახებ დღეს ფინანსთა მინისტრმა პარლამენტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა.

საგადასახადელო ბალანსი ქვეყანაში შემოსული და ქვეყნიდან გასული სავალუტო ნაკადების მოცულობას ასახავს. საქართველოსთვის შემომავალ სავალუტო ნაკადებს ძირითადად ექსპორტი; ფულადი გზავნილები და ტურიზმი (მომსახურების ექსპორტი) აგენერირებენ, ხოლო გამავალი ნაკადების მთავარი წყარო იმპორტია.

“2022 წელი წარმატებული იყო საგარეო მოწყვლადობის შემცირების მიმართულებით. მესამე კვარტალში, დაფიქსირდა მიმდინარე ანგარიშის დადებითი სალდო 400 მილიონი აშშ დოლარის მოცულობით (მშპ-ის 5,9%), რაც ისტორიული მაქსიმუმია. სამი კვარტლის ჯამურმა დეფიციტმა რეკორდულად დაბალი, 459.4 მლნ აშშ დოლარი, მშპ-ის 2.7 პროცენტი შეადგინა. 2022 წელს წინასწარი შეფასებით, ველოდებით დეფიციტის შემცირებას მშპ-ის 3-3.5 პროცენტის ფარგლებში, რაც ასევე ისტორიულად საუკეთესო მაჩვენებელია,”- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

2022 წლის საგადასახდელო ბალანსის ზუსტ სტატისტიკას ეროვნული ბანკი მარტის ბოლოს გამოაქვეყნებს. უკვე ცნობილია ბალანსის ძირითადი მდგენელების სტატისტიკა, რადგანაც ექსპორტი 2022 წელს რეკორდულად დიდი იყო და 5.6 მილიარდ დოლარს შეადგენდა, ასევე რეკორდულად დიდი იყო ფულადი გზავნილებიც, რომლის ნაკადების მოცულობაც 4.4 მილიარდი დოლარი იყო. ტურიზმის შემოსავალიც ასევე რეკორდულად დიდი იყო და 3.5 მილიარდ დოლარს შეადგენდა, ხოლო პირდაპირი უცხოური ინვესტიციები $2 მილიარდი იყო. ამ მდგენელების ჯამი 15.5 მილიარდი დოლარია, რაც 13.6 მილიარდი დოლარის იმპორტს თითქმის 1.9 მილიარდი დოლარით აჭარბებდა. იმპორტის გარდა ეკონომიკას სხვა გამავალი სავალუტო ნაკადებიც ჰქონდა და საბოლოო ჯამში საგადასახადელო ბალანსი არა პროფიციტული, არამედ დეფიციტური იყო, თუმცა დეფიციტის დონე შემცირებულია. მაგალითად, პანდემიამდე, ანუ 2019 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 5.9%-ის ტოლი იყო, 2020 წელს პანდემიური კრიზისის გამო, დეფიციტი მშპ-ის 12.5%-მდე გაიზარდა, რაც ამ წელს ლარის მკვეთრი გაუფასურების ერთ-ერთ წამყვან მიზეზს წარმოადგენდა. 2021 წელს დეფიციტის დონე 10.4%-მდე შემცირდა, ხოლო 2022 ში კი მისმა დონემ მთავრობის მოლოდინით 3-3.5%-მდე იკლო. სწორედ ეს ფაქტორი გახდა 2022 წლის მეორე ნახევარში ლარის გაცვლითი კურსის გამყარების ერთ-ერთი წამყვანი მაკროეკონომიკური მიზეზი.

საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ მიმდინარე ანგარიშის დადებითი სალდო არცერთი წლის განმავლობაში არ ჰქონია. პროფიციტი პირველად 2019 წლის მესამე კვარტალში, ტურისტული სეზონის პიკის დროს დაფიქსირდა და ის მხოლოდ 5 მილიონ დოლარს შეადგენდა (მშპ-ის 0%), ხოლო შემდგომში პროფიციტული ბალანსი 2022 წლის მესამე კვარტალში აღირიცხა, რაც 400 მილიონ დოლარს (მშპ-ის 5.9%-ს შეადენდა). სავარაუდოდ ასევე პროფიციტული იყო წლის მეოთხე კვარტალიც, როდესაც ფულადი გზავნილების რეკორდული შემოდინებები დაფიქსირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები