18.აპრილი .2022 20:46

2026 წლისთვის ყველა საჯარო სკოლა ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება - განათლების სამინისტრო

2026 წლისთვის ყველა საჯარო სკოლა ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება - განათლების სამინისტრო
views 692
უკან

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, თბილისსა და რეგიონებში აშენდება და რეაბილიტირდება 800 სკოლა. 1 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტი საგანმანათლებლო რესურსებზე თანაბარ ხელმისაწვდომობასა და მათ გაუმჯობესებას უზრუნველყოფს - პროექტით 230 000-ზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს. შედეგად, 2026 წლის ბოლოსთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება.

ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

„აშენდება 80 ახალი სკოლა, 220 სკოლა სრულ, ხოლო 500 ნაწილობრივ რეაბილიტაციას გაივლის. ამ უპრეცედენტო მასშტაბის მქონე პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 1 მილიარდ ლარს და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამ სიკეთით ისარგებლებს 230 000-ზე მეტი მოსწავლე.

80 ახალი სკოლა აშენდება იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ნაცვლად, რომლებიც არ ექვემდებარება რეაბილიტაციას – განხორციელდება აღნიშნული სკოლების დემონტაჟი და მათ ადგილზე აშენდება თანამედროვე ახალი სკოლები. აღსანიშნავია, რომ ჩვენ პირველ რიგში დავიწყებთ იმ სკოლების რეაბილიტაციას, რომელთაც ეს ყველაზე მეტად ესაჭიროება და ჯამში მოვიცავთ 800 სკოლას.

როდესაც ჩვენ ახალ სრულად რეაბილიტირებულ სკოლებზე ვსაუბრობთ, აქ რასაკვირველია უნდა აღინიშნოს, რომ მშენებლობა-რეაბილიტაცია და აღჭურვა განხორციელდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. ახალი სასკოლო გარემო პირდაპირ კავშირშია განათლების ხარისხის გაუმჯობესებასთან. სკოლები თანამედროვე ლაბორატორიებით აღიჭურვება, კეთილმოეწყობა სპორტული ინფრასტრუქტურა, რაც ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის გაუმჯობესების მიმართულებით უაღრესად მნიშვნელოვანია. ყველა სკოლა იქნება სრულად ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის", - განაცხადა მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა