მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

247 მლნ-ის აქტივები, პოლიტიკაში მონაწილეობა, მედიაზე გავლენა - ოლიგარქობის კრიტერიუმები

63451e6182630
შოთა ტყეშელაშვილი
11.10.22 11:46
939
"ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში ანტიოლიგარქიული კანონპროექტი დააინიცირა, რომელიც უკრაინული მოდელის ანალოგს წარმოადგენს. პროექტის მიხედვით, განსაზღვრულია, რომ პირი ოლიგარქად გამოცხადებისთვის ოთხიდან სამ კრიტერიუმს მაინც უნდა აკმაყოფილებდეს. დადგენილია ქონებრივი მოთხოვნაც, კერძოდ აღნიშნულ პირს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 247 მილიონი ლარის აქტივები. კანონპროექტის მიხედვით, უნდა შეიქმნას სპეციალური რეესტრი, სადაც ოლიგარქები შევლენ, ხოლო აღნიშნულ პირებს შემდეგ პოლიტიკური კამპანიების დაფინანსება შეეზღუდებათ.

კანონპროექტით წესრიგდება ძირითადად შემდეგი საკითხები:

− „ოლიგარქის“ ცნების განმარტება;
− პირის ოლიგარქად ცნობისა და შესაბამის რეესტრში შეყვანის, ოლიგარქის რეესტრიდან ამორიცხვისა და აღნიშნული რეესტრის წარმოების საკითხები;
− პირის ოლიგარქად ცნობის სამართლებრივი შედეგები;
− გარკვეული პირების მიერ ოლიგარქსა და მის წარმომადგენელთან კონტაქტის თაობაზე შესაბამისი დეკლარაციების შევსების საკითხები.

კანონპროექტში არსებული კრიტერიუმები:

მუხლი 3. საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირი (ოლიგარქი)

1. ფიზიკური პირი, რომელიც შემდეგი კრიტერიუმებიდან სულ მცირე 3 მათგანს ერთდროულად აკმაყოფილებს, ამ კანონის მიზნებისთვის მიიჩნევა საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირად (ოლიგარქად):

ა) ის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს;
ბ) ის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს;
გ) ის არის იმ მეწარმე იურიდიული პირის საბოლოო ბენეფიციარი, რომელსაც ამ მუხლის ამოქმედების შემდეგ, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია, და რომელიც ამ მდგომარეობას 1 წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აუმჯობესებს;
დ) მისი და იმ მეწარმე იურიდიული პირების აქტივების დადასტურებული ოდენობა, სადაც ის ბენეფიციარია, შესაბამისი წლის 1 იანვრის მდგომარეობით 1000,000-ჯერ აღემატება შრომისუნარიანი პირებისთვის დადგენილ საარსებო მინიმუმს. (საარსებო მინიმუმი დღეს 247 ლარი. 247 X 1,000,000 = 247,000,000 ლარი)

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მითითებული აქტივების ღირებულება გამოითვლება იმ პირისა და იმ მეწარმე სუბიექტების აქტივების საერთო ღირებულებით, სადაც ის ბენეფიციარია. ის აქტივები, რომელთაც პირი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ფლობს, ზემოაღნიშნული აქტივების ღირებულების გამოთვლისას მხედველობაში არ მიიღება.

რა შედეგები დგება პირის ოლიგარქად გამოცხადების შემთხვევაში?

კანონპროექტით საქართველოს პარლამენტს ენიჭება პირის ოლიგარქად ცნობისა და შესაბამის რეესტრში შეყვანის, ოლიგარქის რეესტრიდან ამორიცხვისა და აღნიშნული რეესტრის წარმოების უფლებამოსილება. ამ უფლებამოსილების განხორციელებისთვის საჭირო ხარჯები დაიფარება საქართველოს პარლამენტის საქმიანობისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ასიგნებებიდან.

კანონპროექტის თანახმად, ოლიგარქად ცნობილ პირს, რომლის შესახებ მონაცემებიც შესაბამის რეესტრში შეიტანება, ეზღუდება გარკვეული ფინანსური აქტივობები; კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით, პირს, რომელსაც საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონა აქვს (ოლიგარქი) და შეყვანილია შესაბამის რეესტრში, "ეკრძალება: ა) „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისადპოლიტიკური პარტიების მხარდასაჭერად თავისი სახსრებიდან შემოწირულებების გაღება, სამუშაოს შესრულება, საქონლის, მომსახურების ან ნაღდი ფულის მიწოდება, დაკავშირებული პირების მეშვეობით ან/და ისეთი იურიდიული პირების მეშვეობით, სადაც ის საბოლოო ბენეფიციარია, სამუშაოს შესრულება, საქონლის ან მომსახურების მიწოდება; აგრეთვე საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისადკანდიდატების საარჩევნო ფონდში (გარდა თავისი საარჩევნო ფონდისა) შემოწირულებების გაღება და საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას პოლიტიკური პარტიების დაფინანსება; ბ) ფართომასშტაბიანი ობიექტების პრივატიზაციის პროცესში იყოს მყიდველი (მყიდველის ბენეფიციარი); გ) ნებისმიერი პოლიტიკური კამპანიის დაფინანსება, პოლიტიკური მოთხოვნების მქონე შეკრებების ან დემონსტრაციების გამართვა. აქედან გამომდინარე, კანონპროექტი სათანადო გავლენას იქონიებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირად (ოლიგარქად) ცნობილი პირის ფინანსურ აქტივობებსა და ამ აქტივობებით მოსარგებლე პირთა, მათ შორის, შესაბამის პოლიტიკურ პარტიათა, შემოსავლებზე. კანონპროექტის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კონტაქტების დეკლარაციის წარდგენის ვალდებულების დარღვევა პირისთვის პოლიტიკური ან/და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია; რეესტრში შეყვანილი პირის/მისი წარმომადგენლის მიერ შეტყობინების ვალდებულების დარღვევა არ ათავისუფლებს საჯარო მოსამსახურეს კონტაქტების დეკლარაციის წარუდგენლობის გამო მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებისაგან. აქედან გამომდინარე, კანონპროექტის ამ ნორმამ შესაძლოა გავლენა იქონიოს მოცემულპირთა შემოსავლებზე, რაც აღნიშნული პასუხისმგებლობის დაკისრების ფორმებსა და ფარგლებზე იქნება დამოკიდებული,"- ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.