მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

30 000 ჰა მიწა აუთვისებელია, ამ ტერიტორიებზე 300 მლნ ლარის გამომუშავებაა შესაძლებელი - გონაშვილი

6096a9d91d722
ვიქტორია მღებრიშვილი
08.05.21 22:00
6067
ფერმერული მეურნეობა „აგროქიზიყის“ დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა ბექა გონაშვილმა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის საირიგაციო სისტემის მოწესრიგების მნიშვნელობაზე გადაცემა BMG Drive-ში ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ აგრო-მეურნეობის განვითარებისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ მისი პროდუქტიულობა და წარმოების ეფექტურობა გაზარდოს, ამას კი უხვწყლიან ქვეყანაში ირიგაციის მოუწესრიგებლად ვერ შეძლებს. მისი მტკიცებით, ქვეყანაში 30 000 ჰა მიწაა აუთვისებელი და მათ გასააქტიურებლად მთავრობა საგარეო ვალის აღებასაც არ უნდა მოერიდოს.

„დღეისთვის ირიგაციაზე საკმაოდ ბევრი ფული იხარჯება, მსოფლიო ბანკიც საკმაოდ ბევრ პროექტს აფინანსებს. სოფლის მეურნეობისთვის რა ბიუჯეტიც არის გამოყოფილი თითქმის მეოთხედი ირიგაციაზე მიდის, მაგრამ აქ მეორე პრობლემაა ეს ფული საკმარისი არ არის.

გაცილებით მეტი ტერიტორია გვაქვს ირიგაციის ქვეშ მოსაქცევი. თუ ჩვენ ამას შევძლებთ მაშინ პროდუქტიულობა ძალიან გაგვეზრდება. იქ, სადაც ირიგაციაა, შეგიძლია წვეთოვანი მორწყვის სისტემები დაამონტაჟო, შეგიძლია მოიყვანო 2 ან 3 მოსავალი, მაგალითად სიმინდის და ხორბლის კომბინაციით. ბევრი სხვადასხვა კულტურა შეგიძლია მოაშენო. მაგალითად კენკროვანი, კაკლოვანი მეურნეობები. დღეს საქართველოში დაახლოებით 30 000 ჰა მიწა აუთვისებელია და საძოვრებად არის ქცეული. ამ მიწებზე შეგვიძლია ნუშის და ზეთისხილის მოყვანა. უხეშად, რომ ვიანგარიშოთ თითო ჰექტარმა წლიურად მოგების სახით შეიძლება 10-15 000 ლარი დააგენერიროს. გამოდის რომ, 300 მლნ ლარის მოგება შეიძლება ამ ტერიტორიებმა გამოიმუშავოს, ხოლო ექსპორტის თვალსაზრისით ეს 300 მლნ დოლარის საექსპორტო პოტენციალია, რადგან ნუში თუ ზეთისხილი საექსპორტო პროდუქტია.

ასეთი გათვლებით თუ ვიფიქრებთ, დღეს ქვეყანამ საგარეო ვალი უნდა აიღოს, რომ ირიგაცია ყველაზე მაღალ დონეზე იყოს მოწესრიგებული. უდაბნოში ისრაელმა, რაც გააკეთა, ჩვენ აქაც შეგვიძლია გავაკეთოთ“, - ამბობს ბექა გონაშვილი.

ფერმერი საირიგაციო სისტემების ხარჯვასა და ეფექტურობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ თანამედროვე მართვის სისტემები ძვირადღირებულია.

„ირიგაციის მოწესრიგება მხოლოდ კაბელების გაყვანა არ არის, ბევრი რამის გაკეთებაა საჭირო. დღეს საქართველოში დაახლოებით 120 ათასი ჰა-ზე შეიძლება, რომ წყალი მივიდეს, პრობლემა ისაა, რომ ხდება მიგდებით მორწყვა, რასაც თავისი პრობლემები აქვს, პირველი ის, რომ მიგდებით მორწყვა მიწას რეცხავს: ანუ ის ჰუმუსოვანი ფენა, რასაც მოსავალი მოჰყავს, ირეცხება. არასწორად კეთდება ყველაფერი. 1 ჰა-ზე ამ მეთოდით მორწყვისას დაახლოებით 200 ტონა წყალი იხარჯება, მაშინ როდესაც პილოტი, რომელიც დადის და რწყავს მოსავალს, ის 400 ტონა წყალს ხარჯავს, ხოლო წვეთოვანი რწყვით წყლის ხარჯვა 35 ტონაა. გასაკეთებელია წყალსაცავები და ახალი ტექნოლოგიებია დასაფინანსებელი, რომ ფერმერებმა უფრო მეტად გამოიყენონ ისეთი მეთოდები, რომლებიც წყლის ხარჯს შეამცირებს. ეს ინფრასტრუქტურა იმდენად ძვირი ჯდება, რომ დიდი ფულია დასახარჯი და ეს თუ არ გავაკეთეთ სოფლის მეურნეობა წინ ვერ წავა“, - განმარტა გონაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები