მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერთ ან ორ კვირაში ჩავალ წალენჯიხაში, უნდა ვნახოთ, რა პოტენციალია - ცეზარ ჩოჩელი

6186c9dc83f11
თელარა გელანტია
07.11.21 00:00
3008
ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი წალენჯიხაში ჩასვლას უახლოეს ორ კვირაში აპირებს. როგორც ჩოჩელმა bm.ge-სთან განაცხადა, ის მამუკა ხაზარაძის ინიციატივას და გეგმებს მიესალმება.

საქმე ის არის, რომ „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე იყო პირველი, ვინც წალენჯიხაში საცხოვრებლად გადასვლა და მის განვითარებაზე მუშაობა დაანონსა. დღეს კი სოციალურ ქსელში დაწერა, რომ წალენჯიხის განვითარების გეგმების თაობაზე ცეზარ ჩოჩელსაც ესაუბრა.

„ეს მამუკა ხაზარაძის იდეაა, ალბათ იმის საჩვენებლადაც, თუ როგორ შეიძლება კოალიციური მმართველობის პირობებში ესა თუ ის რაიონი განვითარდეს. რა თქმა უნდა, საუბარი არაა არსებული წარმოებების გადატანაზე, არამედ იმაზე, ზოგადად როგორ შეიძლება რაიონი განვითარდეს.

მამუკა ხაზარაძემ გამაცნო თავისი ხედვა და გეგმები. ჩვენ, ზოგადად ვისაუბრეთ, რა შეიძლება გაკეთდეს წალენჯიხაში. მას აინტერესებდა, ჩვენ ჩავერთვებით თუ არა ამ პროცესში და ამ ეტაპზე ყველანაირი თანადგომა, დახმარება აღვუთქვით.

მე რაც შევატყვე, ძალიან სერიოზული გეგმა აქვს მამუკა ხაზარაძეს და მე როგორც ვფიქრობ, ეს ერთი და ორი დღის ნააზრევი არაა. იქიდან გამომდინარე, რომ ანაკლიის განვითარების გეგმა ჰქონდა, არაა გამორიცხული, წალენჯიხის მიმართულებითაც, თავიდანვე ჰქონოდა ჩანაფიქრი.

რაც შეხება კონკრეტულ საქმეს, ჯერ უნდა შევისწავლოთ, რა შეიძლება გაკეთდეს, რადგან თუ საქმეს ვაკეთებთ, შედეგი უნდა მოიტანოს. მოკლედ, ერთ ან ორ კვირაში ჩავალთ ადგილზე, უნდა ვნახოთ, რა პოტენციალია. წალენჯიხას ტურისტული პოტენციალი ნამდვილად აქვს... შეიძლება საჭირო იყოს სოფლის მეურნეობის მაღალ დონეზე განვითარება; ასევე შეიძლება გაკეთდეს სამკერვალო ქარხანა, რომელსაც საექსპორტო პოტენციალი ექნება და ა.შ.“, - ამბობს bm.ge-თან ცეზარ ჩოჩელი.

ბიზნესმენის აზრით, გამომდინარე იქიდან, რომ რეგიონებს ნაკლები ყურადღება ექცევა, ყველაფერმა თბილისში მოიყარა თავი.

„დღეს ჩვენ ვდარდობთ, რომ სოფლები იცლება და სოფლები კი არა რაიონებიც დაიცლება თუ ეს პროცესი გაგრძელდა, ამიტომ რეგიონების განვითარებაზე ცოტა მეტია საფიქრი“, - დასძინა ცეზარ ჩოჩელმა.