მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

5000 ლარზე მაღალი ყოველთვიური შემოსავალი საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 0.7%-ს აქვს

619504a38d424
შოთა ტყეშელაშვილი
17.11.21 17:36
10383
"ბიზნეს მედია საქართველომ" (BMG) შემოსავლების სამსახურიდან მოსახლეობის შემოსავლების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა, საიდანაც ირკვევა, რომ 2020 წელს საქართველოში სახელფასო შემოსავალი 1.17 მილიონ ადამიანს ჰქონდა, რაც 2019 წელთან შედარებით 48 ათასით მეტი იყო. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ მატება დაფიქსირდა მხოლოდ ყველაზე დაბალ (100 ლარამდე) სახელფასო ჯგუფში, 1000 ლარამდე ხელფასის ჯგუფებში კი კლება იყო.

შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, 2020 წელს 191 ათას ადამიანს დასაბეგრი შემოსავლის სახით წლიურად 1200 ლარზე ნაკლები თანხის მიღება დაუფიქსირდა, რაც თვეში მაქსიმუმ 100 ლარის ტოლია. 

საპირისპიროდ კი, მოკრძალებულია მათი რაოდენობა, ვისაც 5000 ლარზე მეტი ყოველთვიური შემოსავალი აქვს და ის მოსახლეობის 0.7%-ს შეადგენს. წელიწადში 100,000 ლარზე (თვეში 8333 ლარი) მეტი სახელფასო შემოსავალი კი მოსახლეობის მხოლოდ 0.3%-ს აქვს.

რა არის მოსახლეობის საშუალო შემოსავალი

2020 წელს საქართველოში სახელფასო ანაზღაურების სახით სულ 15,2 მილიარდი ლარი გაიცა. ერთ მოქალაქეზე გაანგარიშებით საშუალო ანაზღაურება 1200 ლარს შეადგენდა, თუმცა საშუალო ხელფასი წარმოადგენს საშუალო არითმატიკულს, მის ნაცვლად საშუალო ხელფასს “მედიანური ხელფასი” უკეთესად ასახავს, რაც წარმოდგენილი მონაცემების მათემატიკური ანალიზის მიხედვით, 800 ლარს უდრიდა.

მაღალი ალბათობით, იმ ადამიანების ნაწილი, ვისაც წლიურად 3600 ლარზე (თვეში 300 ლარზე) ნაკლები შემოსავალი ჰქონდა, რეალურად სეზონურად დასაქმებულებს წარმოადგენენ. ამასთანავე, წარმოდგენილი ინფორმაცია არ მოიცავს ე.წ. “არაფორმალური დასაქმების” სტატისტიკურ მაჩვენებლებს, რომელთაც უმეტესად სოფლის მეურნეობის სექტორში თვითდასაქმებული ადამიანები მიეკუთვნებიან.

შემოსავლების სამსახურის სტატისტიკა აჩვენებს იმასაც, რომ საქართველოში საშუალო ფენა თითქმის არ არსებობს. თუ საქართველოს მაჩვენებელს შევადარებთ განვითარებული ქვეყნის ანალოგიურ სტატისტიკას, დავინახავთ, რომ იქ ყველაზე დიდი საშემოსავლო ჯგუფი არა უღარიბესი ჯგუფი, არამედ საშუალო შემოსავლების მქონე ფენაა. შემოსავლების ასეთი განაწილება უფრო მეტად განვითარებადი ღარიბი ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი.



განმარტება: წარმოდენილი მაჩვენებლები დასაბეგრი ხელფასების სტატისტიკაა, შესაბამისად უშუალოდ მოქალაქეთა მიერ ხელზე აღებული თანხის განსაზღვრისთვის თითოეულ მათგან 20%-ის ოდენობის საშემოსავლო უნდა მოაკლდეს. მაგალითად, 5000 ლარის სახელფასო ჯგუფის მიერ “ხელზე” აღებული შემოსავალი არა 5000, არამედ 4000 ლარია.

შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, 15.1 მილიარდის ხელფასების გარდა, 2020 წელს მოქალაქეებმა კიდევ 3.4 მილიარდის სხვა შემოსავლებიც მიიღეს, რაც სერვისების ჰონორარს და დივიდენდებს მოიცავდა.