მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

520-ე დადგენილების ამოქმედების გამო, "ღია გულმა" გეგმიური ოპერაციების გაკეთება შეწყვიტა

5df0ff9c966c5
ინგა მურუსიძე
12.12.19 09:45
3362
კლინიკა „ღია გულის“ აღმასრულებელი დირექტორის დავით მიქელთაძის განცხადებით, კლინიკა „ღია გულმა“ გეგმიური ოპერაციების გაკეთება შეწყვიტა.

როგორც მან bm.ge-ის განუცხადა, 20 ნოემბრის შემდეგ ანუ რაც მთავრობის 520-ე დადგენილება ამოქმედდა, კლინიკა მხოლოდ გადაუდებელ ოპერაციებს აკეთებს.

„დღევანდელ დღემდე ასეთი სიტუაცია მაქვს, ვატარებთ მხოლოდ გადაუდებელ ოპერაციებს. ეს გადაწყვეტილება უკავშირდება იმას, რომ ტარიფი იმაზე მეტია, ვიდრე ოპერაცია თავიდან ბოლომდე. არ კი არა, ვერ ვაკეთებთ ოპერაციებს“, - განაცხადა მიქელთაძემ.

რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებას იმის შესახებ, რომ მან არ იცის თუ რა სერვისის მიწოდება შეწყვიტეს კლინიკებმა, მიქელთაძე გაკვირვებულია, ვინაიდან მისი ინფორმაციით, 26-მა კლინიკამ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას სწორედ ამ პრობლემაზე ისაუბრა.

„როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ პრემიერთან გვქონდა შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრთან ერთად და ამ თემაზე იქ ვისაუბრეთ. 26-მა კლინიკამ ვთქვით, რომ გეგმიურ ოპერაციებს ვერ ვაკეთებდით და გასაკვირია, რომ მინისტრის მოადგილეს ამ საკითხზე ინფორმაცია არ აქვს. ეს თემა პრემიერთან შეხვედრისას დავაყენე და გვითხრეს, რომ ორ-სამ დღეში გაგცემთ პასუხსო. მუშა ჯგუფი შექმენითო, ჯგუფი ჩამოყალიბებულია, გამოქვეყნებულია წერილი და ის უკვე შეტანილია სამინისტროში. მივმართეთ ნებისმიერ დროს დაგვირეკეთთქო, მაგრამ თქვენ მირეკავთ და ისინი - არა“, - განაცხადა მიქელთაძემ.

რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სამინისტროში შეიქმნება საბჭო, რომელიც აღნიშნულ საკითხზე იმუშავებს, მიქელთაძე პასუხობს, რომ „მთავარია კლინიკებს სასაუბროდ დაუძახონ“.

„უნდათ საბჭო შექმნან და უნდათ კოსმონავტების კრება დაარქვან, არაფერი შეიცვლება, ერთი ორგანიზმი იქნება; მთავარია დაგვიძახონ, მივიდეთ და ვიმუშაოთ პრობლემის მოგვარებაზე. ამ ეტაპამდე ამ საკითხზე არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა“, - აღნიშნა მიქელთაძემ.