კერძო ბაგა-ბაღების ასოციაციის ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრომ სექტორისთვის რეკომენდაციებზე მუშაობა დაასრულა.
დოკუმენტის არსებული რედაქციით, ბაღებს 5კვ.მ-ზე ერთი ბავშვის დაშვების უფლება ეძლევათ. სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თუ კვადრატულობა არ გაზარდეს, ბაღების 80% ვერ გაიხსნება.
“ბექა ფერაძემ (შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი) განაცხადა, რომ ბაღებთან შეთანხმდა რეკომენდაციებზე, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. მე როგორც ა(ა)იპ “საქართველოს კერძო საბავშვო ბაგა-ბაღების ასოციაციის” თავმჯდომარე ვიყავი ჩართული სამუშაო პროცესში და გვქონდა აღნიშნულ საკითხზე დისკუსია ბექა ფერაძესთან და ბიზნესომბუდსმენთან. ჩვენი პოზიცია ასეთი იყო, რომ 5კვ. მეტრი ერთ ბავშვზე დაეკორექტირებინათ 2 კვ.მეტრი ერთ ბავშვზე, რაზეც მივიღეთ პასუხად, რომ შეათანხმებდა ეპიდემიოლოგებთან და ორ-სამ დღეში ჩანიშნავდა ისევ ვიდეოკონფერენციას. 2-3 დღიანი ვადა ივლისის ბოლოს ამოიწურა და პასუხი დღემდე არ ვიცით.
ასევე ჭურჭლის სარეცხის მანქანა ან ნიჟარა სამზარეულოში, რომელიც უნდა დაემატებინა (შეეძინა) კერძო ბაღებს, ამაზე გვქონდა განხილვა, მაგრამ ის, რომ 99% შევჯერდით ეგ სიმართლეს არ შეესაბამება და ჩვენ ველოდებით ბექას პასუხს ამ ორ საკითხთან დაკავშირებით.
5კვ. მეტრის დატოვების შემთხვევაში საბავშვო ბაღების 80% არ გაიხსნება მარტო იმიტომ, რომ აღნიშნულ კვადრატულობაზე ბავშვების დაშვებობა ვერ მოგვცემს იმხელა ფინანსურ შემოსავალს, რომ სახელფასო ვალდებულებები გავისტუმროთ და კომუნალური გადასახადები გადავიხადოთ. გამოვრიცხავ ფასის (ბაღის გადასახადის) რადიკალურად მკვეთრად ზრდასაც.
ვფიქრობთ, რომ ისედაც მძიმე სოციალური პირობების გამო ზოგადად მოსახლეობაში ბაღების ფასის მკვეთრმა ზრდამ შესაძლოა სავალალო შედეგები მოუტანოს ბაღების მმართველებს. შესაბამისად ვფიქრობთ, რომ ეს ნომერი პირველი ამოცანაა ყველა ბაღისთვის. კერძო ბაღებში ფართი არის 20-დან 70კვ.მდე. პანდემიამდე მაგალითად 20კვ. მეტრიან ჯგუფში 10-12 ბავშვი ყავდათ ყველა ბაღს და ეხლა ამ რეგულაციების მიღება თუ მოხდა მთავრობის მხრიდან 20 კვ.მეტრზე 3 აღსაზრდელის და ერთი აღმზრდელის დაშვება ჩვენთვის იქნება უმძიმესი.
ასევე მეორე საკითხი, რაც ბიზნესომბუდსმენთან დავაყენეთ ეხებოდა შუამდგომლობას სახელმწიფოსთან არსებულ საშემოსავლო შეღავათებზე, რომელიც 750 ლარამდე ხელფასის შემთხვევაში იურიდიულ პირს ათავისუფლებდა გადასახადიდან ოქტომბრის თვემდე. ეს ხომ ჩვენ, ბაღებმა ვერ გამოვიყენეთ, შესაბამისად ვითხოვდით ამის კომპესირებას და ვადის ჩვენი სეგმენტისთვის გახანგრძლივებას. იძულებითი განაცდურის სახით 7 თვის ვადით, რასაც ვერ მივაღწიეთ. ასევე ვითხოვდით ბიზნესომბუცმენის აპარატისგან შუამდგომლობას ბანკებში. უამრავ ბაღს აღებული აქვს იპოთეკური ვალდებულება. დავაყენეთ ამ ვადის გახანგრძლივების საკითხი 7თვის ვადით, ამაზეც პასუხი ჯერ არ გვაქვს.
სამუშაო პროცესი ძალიან ჭიანურდება. გვპირდებიან ვითომდა სექტემბრის დასაწყისში მოასწრებენ ბაღებისთვის საბოლოო რეგულაციების შემუშავებას, შემდეგ მთავრობაზე ნებართვის აღებას და შემდეგ ამდენი ბაღის დატრენინგება-შემოწმებას და გახსნის უფლების მინიჭებას. ფიზიკურად სურსათის ეროვნული სააგენტოს და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტს ამდენი ადამიანური რესურსი არ აქვს”- განაცხადა bm.ge-თან საუბრისას ასოციაციის თავმჯდომარე პავლე ქალიაშვილმა.