მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“90-იანებში "ბორჯომის" მართვის ტენდერში მონაწილეობა ივანიშვილის "ქართუმაც" მიიღო”- ხაზარაძე და ჯაფარიძე

626d941862b6a
BM.GE
01.05.22 00:01
3787
დღეს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ კომპანია “ბორჯომის” შესახებ ერთობლივი განცხადება გააკეთეს. მამუკა ხაზარაძემ 
"საქართველოს მინისა და მინერალური წყლების" კომპანია (GGMW) 1995 წელს დააფუძნეს. GGMW-იმ სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო კონკურსში ბორჯომის ჭაბურღილების მართვის ლიცენზია მოიპოვა. პარტია "ლელოს" დამფუძნებლები აღნიშნავენ, რომ ამავე ტენდერში მონაწილეობას იღებდა ბიძინა ივანიშვილის “ქართუ” და მისი ბანკი “Rossiyskiy Kredit”-ი.

პარტია "ლელოს" დამფუძნებლები ასევე პასუხობენ მათ შესახებ გავრცელებულ სიცრუეს, თითქოს რუსულ "Alfa Group"-ს მათ მიყიდეს “ბორჯომის” საკონტროლო პაკეტი, მაშინ როდესაც 2013 წელს ამ გარიგების დროს, კომპანიის 100%-იანი წილი პარაკაციშვილების ოჯახს ეკუთვნოდა და შესაბამისად, გარიგების მხარესაც ისინი წარმოადგენდნენ.

მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის განცხადება ბორჯონთან დაკავშირებით:

"90-იანი წლების შუაში, სამოქალაქო ომის შემდგომ, „ბორჯომის” მინერალური წყლის წარმოება ისევე, როგორც მრეწველობის სხვა დარგები, სრულიად გაპარტახებული იყო. იმ დროს, როცა საბჭოთა კავშირის დროს გეგმური ეკონომიკის პირობებში „ბორჯომის“ ყოველწლიური წარმოება 400 მილიონ ბოთლს შეადგენდა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მისი წარმოება 5 მილიონ ბოთლამდე დაეცა. ჩვენ შევძელით “ბორჯომის” წარმოების მოდერნიზაციის და აღორძინების პროექტში თავი მოგვეყარა წამყვანი საფინანსო ინსტიტუტებისთვის - მსოფლიო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, მნიშვნელოვანი კერძო და ინსტიტუციონალური ინვესტორები აშშ- დან, საფრანგეთიდან, ჰოლანდიიდან , იტალიიდან. საერთაშორისო ტენდერის საფუძველზე მოპოვებული იქნა ბორჯომის მინერალური წყლის წარმოების ლიცენზია „ბორჯომის“ ჩამომსხმელი ქარხნების მართვის უფლება და 1997 წლისათვის ჯამურმა ინვესტიციებმა შეადგინა 26 მილიონი, რაც იმ დროისათვის უპრეცედენტო ზომის ინვესტიცია იყო.

უნდა ითქვას, რომ ქარხნების მართვის ტენდერებში ასევე მონაწილეობდა ბიძინა ივანიშვილის მფლობელობაში მყოფი რუსული ბანკი „როსიისკი“ კრედიტი და ჯგუფი „ქართუ“ , მაგრამ სატენდერო კომისიამ უპირატესობა მისცა მსოფლიო ბანკის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ჩვენთან ერთად წარდგენილ საინვესტიციო წინადადებებს.

უნდა ითქვას, რომ „ბორჯომის“ კომპანია 1997 წლიდან 2012 წლამდე ორჯერ აღმოჩნდა ფაქტობრივად გაკოტრებულ მდგომარეობაში - პირველად 1998 წლის ფინანსური კრიზისის დროს და 2007 წელს, როდესაც რუსეთის ფედერაციამ პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ აკრძალა „ბორჯომის“ რეალიზაცია და იმპორტი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.

მიუხედავად ამისა, „ბორჯომის“ კომპანიის ჩვენი მმართველობის პირობებში მოვახერხეთ ჩამომსხმელი ქარხნების სრული გადაიარაღება და მოდერნიზაცია. „ბორჯომის“ დისტრიბუციისა და ექსპორტის ბაზრების გაზრდა 40 ქვეყანამდე. რუსეთის მიერ „ბორჯომის“ აკრძალვის მიუხედავად,მხოლოდ „ბორჯომის“ წარმოება გაიზარდა 350 მილიონ ბოთლამდე და მინერალური წყლების მთლიანი ჯგუფის კი ( სადაც შედის ცნობილი უკრაინული წყლებიც - მორშინსკაია, მირგოროდსკაია და ა.შ. ) , მილიარდ ხუთას მილიონ ბოთლამდე წელიწადში.ეს შედეგი მიღწეული იქნა იმის წყალობით , რომ “ ბორჯომის “ კომპანია გარდაიქმნა მულტინაციონალურ ჰოლდინგად , რომელსაც მინერალური წყლების ჩამოსხმას რამდენიმე ქვეყანაში აწარმოებს. 2002 წელს კომპანიის თავდაპირველი ინვესტორების გამოსყიდვა მოხდა საინვესტიციო ფონდ „სელფორდის“ მიერ , რომლის დამფუძნებლები იყვნენ ბადრი პატარკაციშვილი და მისი პარტნიორები. 2013 წელს "სელფორდმა", სადაც ასევე წარმოდგენილი იყო ირაკლი რუხაძე - „ტვ იმედის“ დღევანდელი მმართველი, „ბორჯომის“ ჰოლდინგის საკონტროლო პაკეტი გაასხვისა „ალფა კაპიტალზე “რუსულ საფინანსო ჯგუფზე.

ჩვენ არაერთი წელი ვიმუშავეთ „ბორჯომის“, როგორც ქართული ბრენდის განვითარებაზე. ეს იყო დიდი წარმატების ისტორია და ჩვენ ამით ვამაყობთ. „ბორჯომის“ განვითარების „ქეისი“ დღემდე ისწავლება მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში, ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში, როგორც საბჭოთა წარმოების თანამედროვე კონკურენტულ საწარმოდ გარდაქმნის წარმატებული მაგალითი. მატყუარების პარტიის “ქართული ოცნების “ მატყუარა სპიკერების ვოლსკისა და ქადაგიშვილის , ასევე „ბოტების“ და „ტროლების“ ნებისმიერი მცდელობა ფაქტების გაყალბების გზით შეცდომაში შეიყვანონ ჩვენი მოქალაქეები დასრულდება სრული მარცხით. ასეთი მცდელობები არის დანაშაულის ტოლფასი და მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს უსინდისო სიცრუეს,"- ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს მთავრობა "ბორჯომთან" დაკავშირებით "სასიამოვნო ინფორმაციას" აანონსებს:

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ "ბორჯომის“ შესახებ "სასიამოვნო ინფორმაცია" ცოტა ხანში გახდება ცნობილი. ღარიბაშვილს ჟურნალისტებთან ინფორმაციის დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა, აღნიშნა, რომ „ბორჯომის“ პრობლემის მოგვარებაზე მთავრობა აქტიურად მუშაობს.

"ზოგადად გეტყვით ერთ რამეს, მთავარი ჩვენი მოტივაცია არის ის რომ მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. ყველა მიმართულებით, მნიშვნელობა არ აქვს იქნება ეს ენერგეტიკა, ეკონომიკა, ყველა მიმართულებით. მაგალითად, ბოლო დღეებში გვესმის ჩვენ რომ ბორჯომის აქციები, მოგეხსენებათ რომ ბორჯომის მესაკუთრე არის სანქცირებული და ჩვენ ახლა აქტიურად ვმუშაობთ, ამ საკითხზე ჩვენ მოქალაქეებს ძალიან მალე ვეტყვით სასიამოვნო ინფორმაციას. მე არ მინდა დეტალებზე ვისაუბრო დღეს, მაგრამ მინდა გარწმუნოთ, რომ ჩვენ ყველა ამ პრობლემაზე და ამ საკითხზე ვმუშაობთ, რომ მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესები,"- განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომპანია „IDS ბორჯომი საქართველომ“ განაცხადა, რომ იძულებულია, მიმდინარე წლის 29 აპრილიდან დროებით შეაჩეროს ბორჯომის ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში წარმოების პროცესი. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულის მიზეზი სანქციების გამო მათთვის საბანკო ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვაა.

რატომ შეეხო ბორჯომს სანქციები:

2013 წლიდან IDS Borjomi-ის საკონტროლო 60%-იან პაკეტს რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო საინვესტიციო ჰოლდინგი “ალფა ჯგუფი” ფლობს. ამ გარიგებამდე მინერალური წყლების კომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელი პატარკაციშვილების ოჯახი იყო, რომლებმაც ეს აქტივი $460 მილიონად გაასხვისეს. კომპანიის 40%-იან წილს, ამ დროისთვის კვლავ პატარკაციშვილების ოჯახი ფლობს.

თავად “ალფა ჯგუფის” დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებულ ოლიგარქთა სიაშია.

„გაცნობებთ, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან კომპანია IDS ბორჯომი საქართველო მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა. კომპანიის პროდუქციის რეალიზაციის ძირითად ბაზრებზე შექმნილ რთულ ვითარებას დაემატა საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომა, რამაც კომპანიას ჩაუკეტა სავალუტო შემოსავლების მიღებისა და კრედიტორებთან ანგარიშსწორების შესაძლებლობა.

კომპანია დღემდე სიტუაციის არსებითი გამოსწორების იმედით აგრძელებდა ფუნქციონირებას, რაც სამწუხაროდ ამ დრომდე ვერ მოხერხდა,"- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ბორჯომის მინერალური წყლის საბადოზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია “საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანიამ” 1997 წელს 10 წლის ვადით მოიპოვა. IDS Borjomi-მა ლიცენზიები 2009 და 2020 წლებში 25 და 15 წლის ვადით კიდევ მოიპოვა, 2022 წლის თებერვალში კი მას კიდევ რამდენიმე საბადოზე წყლის მოპოვების 25-წლიანი ლიცენზია გადაეცა.