მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ADB-იმ საქართველოს $100 მილიონიანი სესხი გამოუყო

5ecf695885121
შოთა ტყეშელაშვილი
28.05.20 11:30
1072
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაამტკიცა საქართველოს მთავრობის დასახმარებლად ახალი კორონავირუსის (კოვიდ-19) პანდემიის გავრცელების შეჩერების, ბიზნესზე უარყოფითი ზემოქმედების შერბილებისა და მოწყვლადი ჯგუფებისთვის, მათ შორის ქალებისა და ბავშვებისთვის საარსებო საშუალებების შესანარჩუნებლად. ამის შესახებ განცხადებას თავად ADB ავრცელებს. 

„საქართველოს — მნიშვნელოვანი სავაჭრო და ტურისტული ჰაბის ­ჯანდაცვა და ეკონომიკა კოვიდ-19-მა დიდი რისკის წინაშე დააყენა,“ — განაცხადა ADB-ის პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ. — „ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს პანდემიის საპასუხო ქმედებებში და ეს კომპლექსური პაკეტი ქვეყნისთვის აუცილებელ სამედიცინო და სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებებს მოხმარდება. იგი ADB-სა და საქართველოს შორის ათ წელზე ხანგრძლივ თანამშრომლობას ემყარება ფისკალური მენეჯმენტისა და სოციალური დაცვის მიმართულებით, რაც ეკონომიკის პოსტ-პანდემიური გაჯანსაღების მთავარი ფაქტორებია.“

მოწყვლადი ჯანდაცვის სისტემის დასაცავად საქართველომ დაავადების გავრცელების შემაკავებელი ნაბიჯების გადადგმა იანვარში დაიწყო, მაგრამ პანდემიამ ეკონომიკა მნიშვნელოვნად დააზარალა. გაადაადგილების შეზღუდვამ ტურიზმის სექტორს განსაკუთრებული დარტყმა მიაყენა და შედეგად გასული წლის მარტთან შედარებით საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა თითქმის 60%-ით შემცირდა.

"კოვიდ-19-ის აქტიური საპასუხო და ხარჯვითი დახმარების (CARES) პროგრამა საბიუჯეტო დახმარებას გაუწევს მთავრობას და დააფინანსებს მის კომპლექსურ ანტიკრიზისულ გეგმას. დაფინანსება მოიცავს 4000-ზე მეტი მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესისთვის გადასახადების გადავადებასა და მინიმუმ 2000 მცირე და საშუალო სასტუმროსთვის კრედიტის სუბსიდირებას.

მთავრობის სოციალური დახმარების მექანიზმების დაფინანსებით სესხი მოწყვლადი ჯგუფების დაცვასაც მოხმარდება, რაც მოიცავს პანდემიის გამო სამსახურის დაკარგვის რისკის ქვეშ მყოფი 350,000 დასაქმებულის დროებით ფულად ხელშეწყობას; ერთჯერად ფულად დახმარებას 250,000 არაფორმალურად ან თვითდასაქმებული ადამიანისთვის, 1.2 მილიონი ოჯახისთვის კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას და ფასების ექვსთვიან დაფიქსირებას ცხრა ძირითად პროდუქტზე.

დაავადების გავრცელების შესაკავებლად, სესხი ხელს შეუწყობს კოვიდ-19-ის უფასო დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაფინანსებას, მათ შორის ღარიბი მოსახლეობისთვის, ვისაც ჯანდაცვის ხარჯები განსაკუთრებით მძიმე ტვირთად აწვება. მთავრობის კოვიდ-19 ვებ-პორტალი საჯარო რეკომენდაციების კარგი წყაროა მათ შორის ორსულობის, მშობიარობისა და ძუძუთი კვების შესახებ.

კოვიდ-19-ის წინაშე განსაკუთრებით დაუცველი არიან ქალები, რომლებიც საქართველოს ტურიზმისა და პანდემიის წინა ხაზზე მომუშავე სამედიცინო პერსონალის დაახლოებით 60%-ს წარმოადგენენ. ADB-ის სესხით შესაძლებელი გახდება პირადი დამცავი აღჭურვილობის შეძენა სამედიცინო პერსონალისთვის, მათ შორის მდედრობით სქესის წარმომადგენლებისთვის, და ფულადი დახმარების გაცემა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებისა და ბავშვებისთვის. მთავრობის საგადასახადო და საკრედიტო სუბსიდირების გეგმის მონაწილე 6000-მდე ტურისტული და სასტუმრო ბიზნესიდან ერთ მესამედზე მეტი ქალების საკუთრებაშია, ან ქალების მიერაა მართული.

ADB-ის CARES პაკეტი შეიქმნა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და სხვა განვითარების პარტნიორებთან ერთად საქართველოში კოვიდ-19-ის კრიზისის დაძლევის კოორდინირებული მუშაობის ფარგლებში,"- ნათქვამია ADB-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.