მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში საქმიანი ვიზიტით ჩამოსვლა მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლადაა შესაძლებელი, მაგრამ აუცილებელია, ვიზიტორმა წინასწარ, სპეციალური აპლიკაცია შეავსოს და ვიზიტი შესაბამის დარგობრივ უწყებასთან შეათანხმოს. საქმიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს ეკისრებათ ვალდებულება, როგორც ჩამოსვლისას - აეროპორტში, ისე ყოველ 72 საათში ერთხელ, საკუთარი სახსრებით ჩაიტარონ კოვიდ-19-ზე PCR ტესტი ან გაიარონ სავალდებულო 14 დღიანი კარანტინი, ასევე, საკუთარი სახსრებით. აღნიშნული არ ეხებათ ევროკავშირის წევრ იმ 5 ქვეყნის მოქალაქეებს/ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს, რომელთანაც საქართველომ უპირობოდ გახსნა საზღვრები (გემანია, საფრანგეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი).
ცნობილია, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველმა კომპანია Tav Georgia-მ უკვე გამოყო სპეციალური ოთახი, სადაც საქართველოში ჩამოსულ ბიზნეს-ვიზიტორებს PCR ტესტები ჩაუტარდებათ. რა დროა საჭირო პასუხების გასაგებად, რამდენად მაღალია საქართველოში საქმიანი ვიზიტით ჩამომსვლელების რიცხვი და ა.შ. ამ და სხვა კითხვებით bm.ge-მ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს მიმართა. თამარ გაბუნიას ინფორმაციით, თბილისის აეროპორტში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ საჰაერო გზით ჩამომსვლელი საქმიანი ვიზიტორებისთვის, PCR ტესტირებისთვის გამოყოფილი სპეციალური ოთახი უკვე ამოქმედდა.
- როგორია ტესტირების სპეც.ოთახის გამტარუნარიანობა - მაგალითად, ერთდროულად 10 ბიზნეს ვიზიტორი შეიძლება გაიტესტოს?
- გამიჭირდება გამტარუნარიანობაზე ვისაუბრო; ჯერჯერობით, დატვირთვა არ აქვს ამ ოთახს. იქ უბრალოდ ნაცხის აღება ხდება და თუ მოთხოვნა იქნა, ნაცხის ამღებს უპრობლემოდ დავამატებთ.
- დაახლოებით, რამდენწუთიანი პროცედურა?
- პროცედურა 10-15 წუთი გრძელდება.
- ტესტის პასუხები რამდენ ხანში ხდება ცნობილი?
- ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწრაფად სურს ვიზიტორს ტესტის პასუხის გაგება, რაც თავის მხრივ, ფასსზეა დამოკიდებული. მაგალითად, თუ ბიზნეს ვიზიტორს სურს PCR ტესტის პასუხი დაჩქარებულად ანუ 6 საათში მიიღოს, 320 ლარი უნდა გადაიხადოს, ხოლო 24 საათში პასუხის გასაგებად - 250 ლარის გადახდაა საჭირო.
- და ამ შუალედში, ვიდრე პასუხს გაიგებენ, სად არიან უცხოელი ვიზიტორები?
- ამ დროის განმავლობაში ვიზიტორი იმყოფება სასტუმროში, რომელსაც თავად ირჩევს და ვიდრე ტესტის პასუხი არ გახდება ცნობილი, უნდა დარჩეს თვითიზოლაციაში. ამაზე პასუხისმგებლობას იღებს მომწვევი ორგანიზაცია. რაც შეეხება სასტუმროს ხარჯებს, მას თავად ვიზიტორი ფარავს.
- მომწვევ ორგანიზაციებზეც მინდა გკითხოთ - როგორც ცნობილია, საქართველოში საქმიანი ვიზიტით ჩამოსვლის მსურველმა უცხოელმა Stopcov-ge-ზე უნდა შეავასოს სპეციალური აპლიკაცია, სადაც უნდა მიუთითოს მომწვევის შესახებ ინფორმაცია. თუ ფლობთ, ინფორმაციას, დაახლოებით, რამდენი განაცხადი აიტვირთა ვებგვერდზე?
- ჯერჯერობით, ერთეული ვიზიტორები გვყავს. ინფრასტრუქტურა კი გათვლილია იმაზე, რა მოლოდინიც გვაქვს ბიზნეს ვიზიტორების შემოსვლის თავლსაზრისით. ამ დროისთვის, დაახლოებით, 600-მდე განაცხადია შემოსული. საუბარია, დაგროვილ ბიზნეს-განაცხადებზე ანუ იმ საქმიან ვიზიტორებზ, რომლებიც ვერ ახერხებდნენ ქვეყანაში შემოსვლას. სამომავლოდ, დიდი ნაკადი ალბათ მოსალოდნელი არ იქნება. მაგალითად, ჯანდაცვის სექტორში სულ 10 განაცხადია - ესეც სამედიცინო მიზნებით ვიზიტებს შეეხება.
- დავაზუსტებ - 600 განაცხადი აიტვირთა stopcov.ge-ზე?
- დიახ. ბიზნეს ვიზიტორებს, ძირითადად, ხუთი უწყება იღებს, ესენია: ეკონომიკის სამინისტრო, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო და სოფლის მეურნეობის სამინისტროები. ბიზნეს მოგზაური თავიდანვე ირჩევს სამინისტროს, რომელიც მის დარგობრივად მიაჩნია. განაცხადს უნდა ახლდეს მოწვევის წერილი. განხილვა ხდება ორ ეტაპად. პირველ რიგში მოწმდება ტექნიკურად რამდენად სწორად არის შევსებული განაცხადი, ასევე ორგანიზაცია, რომელიც მას მოიწვევს რამდენად მოქმედია; დადასტურების შემთხვევაში ხორციელდება მეორე დონის შემოწმება და ხდება პასუხის გაცემა ვიზიტორზე - შემოვა თუ არა ქვეყანაში.
- რა დროში იღებს ბიზნეს ვიზიტორი პასუხს?
- პასუხი 4 სამუშაო დღის განმავლობაში უნდა იქნას გაცემული.