მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აღდგენილ "მესხურ ტერასებზე" უძველესი ვაზის ჯიშების გაშენების ისტორიული პროცესი იწყება

575189c25b160
BM.GE
03.06.16 17:43
2697
აღდგენილ „ მესხურ ტერასებზე“ უძველესი ვაზის ჯიშების გაშენების ისტორიული პროცესი იწყება. ვაზის პირველ ნერგებს, ასპინძის რაიონში, მესხური ტერასების ტერიტორიაზე, ხვალ, 13:00 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მესხური ტერასების პროექტის დამფუძნებლები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე და „ვარძიის ტერასების“ დირექტორი გიორგი ნათენაძე ჩაყრიან.

რეაბილიტირებულ ტერასებზე 17 იშვიათი ჯიშის მესხური ვაზი დაირგვება, რაც რეგიონში მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიულად მნიშვნელოვანი მიმართულების აღორძინებას შეუწყობს ხელს. მესხური ტერასები მთლიანობაში 23 ჰექტარ მიწის ფართობზე გავრცელდება, ხოლო ჯამური ინვესტიციის მოცულობა ნახევარ მილიონ ლარამდეა. მესხური ტერასების აღდგენით სამცხე-ჯავახეთში მეღვინეობა-მევენახეობის უძველესი ტრადიცია გაცოცხლდება. სოფელ ხიზაბავრში გაშენებული ტერასები სამცხე-ჯავახეთის ტურისტული პოტენციალის გაზრდას შეუწყობს ხელს.

მესხური ტერასების პროექტის წარდგენის შემდეგ, ვარძიის მიმდებარე უძველესი სოფლის, უნიკალური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის - ჭაჭკარის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც სახელმწიფო და კერძო სექტორის ერთობლივი ინიციატივით ხორციელდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვარძიასაც ესტუმრება და კლდეში ნაკვეთი კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს გაეცნობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები