მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაკლიის პორტით რამდენიმე ინვესტორი დაინტერესდა - ლევან დავითაშვილი

6247068aa8eed
შოთა ტყეშელაშვილი
01.04.22 18:09
1426
ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტით “რამდენიმე ინვესტორი დაინტერესდა”. მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარება მთავრობისთვის სტრატეგიული მიმართულებაა და ამ მხრივ არსებული “ჩავარდნა ერთ-ერთ გამოწვევას” წარმოადგენს.

ლევან დავითაშვილი არ ასახელებს, თუ რომელი ინვესტორები არიან დაინტერესებული ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტით. ის  ამბობს, რომ პროექტის განვითარებისთვის ასევე მნიშვნელოვანია საარბიტრაჟო დავების გადაწყვეტაც.

“დიახ დღეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ საქართველომ განავითაროს ინფრასტრუქტურა და ინფრასტრუქტურის ჩავარდნა ერთ-ერთი გამოწვევაა, რომ ჩვენ ვიყოთ კონკურენტუნარიანი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ვსაუბრობთ კონკრეტულ მიმართულებებზე და სტრატეგიულ მიმართულებებზე. კრიტიკულ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას ძალიან მნიშვნელოვანი როლი გააჩნია, მათ შორის არსებული პორტების რეაბილიტაციას და თვენახევრის წინ მოწმე გავხდით ფოთის პორტის ახალი ტერმინალის გახსნის, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ახალი პორტის, ანაკლიის პორტის აშენება.

როდესაც ვსაუბრობთ პორტებზე, ყველა პორტი, რომელიც კეთდება ეს არის გათვლილი უფრო მაღალი ტვირთამწეობის გემებზე. ანაკლიის პორტი საკმაოდ კომპლექსურია, მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე დაინტერესებული ინვესტორი უკვე არის და ინტერესს გამოხატავს და სახელმწიფოსთან ამაზე უკვე საუბრობს.

ჩვენ ჩავატარეთ დეტალური კვლევა, ჰოლანდიურ კომპანიასთან ერთად, რომელმაც შეისწავლა ზოგადად საქართველოს პორტები. ეს კვლევები არსებობს, არის გარკვეული მიგნებები და დასკვნები გაკეთებული. ანაკლიის საკითხის მოგვარება რამდენიმე საკითხს მოიცავს, მათ შორის არის საარბიტრაჟო დავის მოგვარების საკითხი, რომელშიც ჩვენ ჩვენი პოზიცია წარმოვადგინეთ საკონსულტაციო იურიდიულ კომპანიასთან ერთად. საბოლოოდ ჩვენ ამ პროექტს განვახორციელებთ,”- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

2022 წლის 1 თებერვალს საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი დღეს საქართველოსთვის ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობას წარმოადენს. 

"პროექტი გეგმის მიხედვით რომ გაგრძელებულიყო, წელს უკვე გემები უნდა შესულიყვნენ ამ პორტში და ის ღია უნდა ყოფილიყო. ვფიქრობ, ეს ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა,"- განაცხადა ელჩმა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ 2020 წლის იანვარში ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან არსებული ხელშეკრულება გაწყვიტა, რასაც პროექტის ინვესტორთა მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ ორი საარბიტრაჟო დავის დაწყება მოყვა.

ხელშეკრულების გაწყვეტის დროს “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” პროექტში უკვე ინვესტირებული ჰქონდა 74 მილიონი დოლარი, მათ შორის 35 მილიონი უკვე იყო ჩადებული ზღვის ფსკერის დაღრმავების სამუშაოებში, დანარჩენი თანხები კი საზღვაო, ეკოლოგიურ და საინჟინრო კვლევებსა და პროექტებში.

საქართველოს მთავრობა კი აცხადებს, რომ ისინი კვლავ რჩებიან ანაკლიის პროექტის ერთგულები და პროექტთან დაკავშირებით ახალი ტენდერის გამოცხადებას გეგმავენ. ამ დრომდე უცნობია როდის იგეგმება ამ ტენდერის გამოცხადება.