მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა

62e137696f324
გიორგი თოლორდავა
27.07.22 22:15
2215
მკვეთრად გაზრდილი ინფლაციის ფონზე, აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა. FED-ის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 75 საბაზო პუნქტით გაიზარდა.

საგულისხმოა, რომ რეფინანსირების განაკვეთი აშშ-ში გასულ თვესაც 0.75%-ით გაიზარდა - მონეტარული პოლიტიკის მსგავსი ტემპითა და სიხისტით გამკაცრების გადაწყვეტილება FED-ს 1994 წლის შემდეგ არ მიუღია.

გამკაცრების შედეგად, ფედერალური რეზერვის ძირითადმა განაკვეთებმა 2.25-2.50 პროცენტიან ნიშნულებს მიაღწიეს, რაც ამერიკული სტანდარტებით მაღალ მაჩვენებლად ითვლება.

FED-ის ხელმძღვანელ ჯერომ პაუელის განმარტებით, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება გარდაუვალი იყო, რადგან ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების ზრდის დონე მნიშვნელოვნად გასცდა FED-ის მიერ განსაზღვრულ სამიზნე მაჩვენებელს.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს აშშ-ში ინფლაციის დონემ 9.1%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც გასული 40 წლის უმაღლესი მაჩვენებელია.

აგრესიული გამკაცრების პოლიტიკა, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე გაგრძელდება. ექსპერტთა ნაწილი ვარაუდობს, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში ფედერალური რეზერვი კიდევ სამჯერ მიიღებს განაკვეთის ზრდის გადაწყვეტილებას, საორიენტაციო მაჩვენებლად კი 75 – 100 საბაზო პუნქტი განიხილება.

მოსალოდნელია, რომ რეფინანსირების განაკვეთი წლის ბოლომდე 3.5%-მდე გაიზარდოს, რაც 1980 წლის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მკაცრი მონეტარული პოლიტიკა იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები