მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აუდიტის სამსახურს 2021 წლის განახლებულ ბიუჯეტზე შენიშვნები აქვს

61a72e0ed749e
შოთა ტყეშელაშვილი
01.12.21 12:16
1018
2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი იცვლება - პარლამენტს ბიუჯეტის კორექტირების კანონპროექტი წინა კვირაში გაეგზავნა. მისი მიხედვით, მთავრობის ხარჯები 297 მილიონი ლარით იზრდება და ის რეკორდულ 19.97 მილიარდ ლარს მიაღწევს.

ბიუჯეტის ზრდა ძირითადად ჯანდაცვის სამინისტროს შეეხება, რაც COVID-19-ის მართვის ხარჯებს უკავშირდება. სამინისტროს დაფინანსება 376 მილიონი ლარით, 6.47 მილიარდ ლარამდე გაიზრდება. კოვიდის მართვასთან ერთად, ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის ზრდა პენსიონერთა ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამითაც არის გამოწვეული, რადაგანაც 2021 წლის 1 იანვრამდე ყველა აცრილი პენსიონერი სახელმწიფოსგან 200-ლარიან დანამატს იღებს. ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, 60 მილიონი ლარით იზრდება თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებაც.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა მისი დასკვნა კორექტირების პროექტთან დაკავშირებით, სადაც უწყება რამდენიმე შენიშვნაზე საუბრობს.

კერძოდ, კი განახლებულ ბიუჯეტს არ ახლავს ინფორმაცია სამინისტროებს დაქვემდებარებული სსიპ-ების და სხვა მხარჯავი დაწესებულებების ბიუჯეტების შესახებ, შესაბამისად, უცნობია იცვლება თუ არა ამ ორგანიზაციების დაფინანსება.

“საყურადღებოა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტით არ მომხდარა კაპიტალური პროექტების დანართის, სსიპ/ა(ა)იპ-ების ბიუჯეტების შესახებ ინფორმაციისა და პროგრამული ბიუჯეტის დანართის განახლება, რაც ანგარიშგების ეტაპზე გაართულებს შესაბამის საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ანალიზსა და ანგარიშგებას,” - წერს აუდიტის სამსახური.

კიდევ ერთი საკითხი მთავრობის ვალს უკავშირდება. აუდიტის სამსახური განმარტავს, რომ წარმოდგენილი ვალის ნიშნული არ მოიცავს სახელმწიფო სექტორად დაკლასიფიცირებული სახელმწიფო საწარმოების ვალდებულებებს, რომელთა მოცულობაც 310 მილიონ ლარს შეადგენს. ამ ვალდებულებების გარეშე ვალის მოცულობა მშპ-ს 53.1%-ია, მაშინ როდესაც მათი გათვალისწინება ვალის მოცულობაში აუცილებელია და მათთან ერთად ვალის ნიშნული მშპ-ის 53.7%-ს შეადგენს.

“მთავრობის ვალი არ მოიცავს იმ სახელმწიფო საწარმოების ვალს, რომლებიც IMF-ის რეკომენდაციით, ფინანსთა სამინისტროს მიერ 2020 წელს დაკლასიფიცირდა როგორც სამთავრობო სექტორის ნაწილი. 2020 წლის ბოლოსთვის, ასეთი საწარმოების ვალდებულებების მოცულობა (310 მლნ ლარს) 2021 წლის მშპ-ის საპროგნოზო მაჩვენებლის 0.5%-ს შეადგენს. თუ 2021 წლის ვალის წესის მიზნებისთვის გაანგარიშებულ საპროგნოზო მაჩვენებელს (მშპ-ს 53.1%) დავუმატებთ სამთავრობო სექტორად დაკლასიფიცირებული საწარმოების ვალდებულებებს, იგი 53.7%-მდე გაიზრდება. ვალის წესის სრულფასოვნად წარმოდგენის საკითხის მნიშვნელობაზე ყურადღება იქნა გამახვილებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წინა ანგარიშებშიც,” - ნათქვამია ბიუჯეტის დასკვნაში.

კიდევ ერთი შენიშვნა ბიუჯეტის თანდართულ მაკროეკონომიკური რისკების ანალიზებს ეხება, აუდიტის სამსახური აღნიშნავს, რომ ეს მონაცემები “არ იძლევა დეტალურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რისკების სხვადასხვა ხარისხით მატერიალიზაცია რა მასშტაბით მოახდენს გავლენას ეკონომიკურ პარამეტრებზე.”