მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავიაციიდან ჯანდაცვაში-ჩოგოვაძეს ტიკარაძის უწყებაში საავადმყოფოების მართვას ჩააბარებენ

5e3421c56aac1
თელარა გელანტია
31.01.20 16:50
2319
Bm.ge-ის ინფორმაციით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების უკვე ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე საქმიანობას ჯანდაცვის სამინისტროში გააგრძელებს.

კერძოდ, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ეკატერინე ტიკარაძე გიორგი ჩოგოვაძეს იმ სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის მართვას ჩააბარებს, რომელშიც თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო, ონკოლოგიური ცენტრი და ბავშვთა ინფექციური და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოები გაერთიანდებიან.

სამედიცინო ჰოლდინგი, ჯერჯერობით, ოფიციალურად შექმნილი არაა, მაგრამ ეკატერინე ტიკარაძემ მინისტრად დანიშვნის შემდეგ, ჰოლდინგის შექმნის თაობაზე განცხადება რამდენჯერმე გააკეთა.

ცნობისთვის: 2015 წელს საქართველოს მთავრობამ "საპარტნიორო ფონდს" სამართავად თბილისში მდებარე სამი მსხვილი კლინიკა - "რესპუბლიკური საავადმყოფო," "ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო," და "ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი” გადასცა. რამდენიმე კვირის წინ დავით საგანელიძის უწყებაში bm.ge-ის უთხრეს, რომ ეკატერინე ტიკარაძის მიერ სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის შექმნის დაანონსების შემდეგ, 2019 წლის 22 ნოემბერს ფონდმა მიმართა საქართველოს მთავრობას, რათა დაჩქარდეს იურიდიული ღონისძიებების გატარება ფონდის შვილობილი კომპანიის „კლინიკების მართვის კომპანიის“ მფლობელობაში არსებული კლინიკების ჯანდაცვის სამინისტროსთვის გადასაცემად. როგორც ჩანს, აღნიშნული პროცესი, ჯერჯერობით, არ დასრულებულა.

გიორგი ჩოგოვაძის ჯანდაცვის სამინისტროში გადასვლასთან დაკავშირებით, bm.ge ტიკარაძის უწყების პრესსამსახურს დაუკავშირდა და მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. თავად ჩოგოვაძე bm.ge-ის ზარებს არ პასუხობს.

შეგახსენებთ: გიორგი ჩოგოვაძე საქართველოს აეროპოტების გაერთიანების დირექტორი 2019 წლის იანვრიდან 2020 წლის იანვრის ჩათვლით იყო. 2019 წლამდე მას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტი ეკავა. ჩოგოვაძე ამ თანამდებობაზე მარიამ ქვრივიშვილმა ჩაანაცვლა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ახალ ხელმძღვანელად კი, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს თამარ არჩუაძე წარადგინა. არჩუაძემ აეროპორტების გაერთიანებაში სამოქალაქოს ავიაციის სააგენტოდან გადმოინაცვლა, სადაც ის დირექტორის მოადგილე იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები