მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალ მიკროავტობუსებში მგზავრობა, შესაძლოა 50 თეთრამდე გაიაფდეს - მერიის ინიციატივა

6041ffb5ec599
ინგა მურუსიძე
05.03.21 15:00
5282
ახალი მიკროვატობუსებით მგზავრობა, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინტეგრირებულ ქსელშია ჩართული, შესაძლოა, გაიაფდეს და 80 თეთრის ნაცვლად, 50 თეთრი გახდეს. აღნიშნულს ითვალისწინებს "საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით დედაქალაქის მთავრობის 2021-2023 წლების სამუშაო პროგრამა", რომელსაც თბილისის საკრებულო დღეს განიხილავს. 

აღნიშნული პროგრამა 15 პუნქტისგან შედგება და მათგან ერთ -ერთი სწორედ სამგზავრო ტარიფს ეხება: „სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული M2 კატეგორიის ავტობუსებით (მიკროავტობუსებით) მგზავრობის ფასის დადგენა 50 თეთრის ოდენობით“.

რას ნიშნავს ინტეგრირებული სქემა?

გადახდის ინტეგრირებული სქემა კომპანია "სისტრამ" მოამაზადა და ის გულისხმობს, რომ ერთხელ აღებული ბილეთით მგზავრს საათ-ნახევრის განმავლობაში შეეძლება ავტობუსით, მიკროავტობუსითა და მეტროთი მგზავრობა.
 

“თუ დღეს მგზავრი მიკროავტობუსსა და ავტობუსში მგზავრობის შემთხვევაში, ორ გადახდას აწარმოებს, ახალი სისტემის დანერგვის შემდეგ, ერთი გადახდა იქნება საჭირო, თუ გადაჯდომა საათნახევრის განმავლობაში მოხდება“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ დეკემბერში, 2021 წლის დედაქალაქის ბიუჯეტის განხილვისას.

დღეს დედაქალაქის მერიაში განმარტავენ, რომ ტარიფის ცვლილება არ შეეხება ყვითელ მიკროავტობუსებს და მგზავრობის საფასურის შემცირება მხოლოდ ახალ მიკროავტობუსებზე იქნება გათვლილი, რომლებიც მეტროსთან და ავტობუსებთან გადახდის სისტემაში არიან ინტეგრირებული. საქმე ისაა, რომ ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის მიხედვით, მიკროავტობუსები თბილისის ცენტრალურ ქუჩებში ნაკლებად დადიან და დედაქალაქის ამ ნაწილს სრულად ითვისებს ავტობუსები და მეტრო, ხოლო მიკროავტობუსები სწორედ მეტროსთან და ავტობუსთან დამაკავშირებელი საშუალებებია. ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის დანერგვის პროცესი დაწყებულია, თუმცა, არა ძველი ყვითელი "მარშუტკებით", არამედ ახალი ლურჯი მიკროვატობუსებით, რომელიც დედაქალაქის მერიამ შეისყიდა, სწორედ ამიტომ ახალი ტარიფიც მხოლოდ ლურჯ მიკროავტობუსებს ეხება.

„ცენტრალურ ქუჩებს მთლიანად მეტრო და მუნიციპალური ტრანსპორტი აითვისებს, რომელსაც სრულად აახლებს თბილისის მერია. ამ გზით, ყვითელი მიკროავტობუსები მეტად ინტეგრირებული იქნება ძირითადი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელთან. სამარშრუტო ტაქსების ცენტრალური ქუჩებიდან გაყვანა ეტაპობრივად მოხდება”,- აცხადებდა ამ თემაზე ირაკლი ხმალაძე.

უკვე არაერთი წელია საუბარია, რომ დედაქალაქში მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასური, შესაძლოა გაძვირდეს. ბოლოს ეს ინფორმაცია 2019 წელს გავრცელდა, თუმცა მაშინ კომპანია „თბილისის მიკროავტობუსმა“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული არ დაადასტურა. კომპანიაში ამბობდნენ, რომ მგზავრობის საფასურის მომატება არ განიხილებოდა.

საკითხმა მას შემდეგ წამოიწია, რაც თბილისის მერმა, ჯერ კიდევ ორი წლის წინ თქვა, რომ დედაქალაქში ამორტიზებული სამარშრუტო ტაქსტები დადის და აუცილებელია, მათი შეცვლა. კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ დირექტორს კი დედაქალაქის ხელმძღვანელობისთვის ერთი პასუხი ჰქონდა - „კომპანიას ფინანსური კრიზისის გამო ამის შესაძლებლობა არ აქვს“ და ახალი ვალდებულებების ასაღებად მგზავრობის გაძვირება გარდაუვალი იყო. თუმცა, მერიამ სხვა გზა აირჩია - ე.წ. ყვითელ მიკროავტობუსებში მგზავრობა არ გააძვირა, სამაგიეროდ, თავად აიღო ახალი ავტომანქანების შესყიდვის ვალდებულება. ეს პროცესი დაწყებულია - 2020 წელს 29 მლნ. ლარად დედაქალაქის მთავრობამ  „ფორდის“ მარკის ლურჯი მიკროავტობუსები შეიძინა, სულ 300 ერთეული და მათი ნაწილი დედაქალაქში 24 თებერვლიდან გადაადგილდება. მოგვიანებით აღნიშნული მიკროვატობუსები "თბილისის მიკროავტობუსმა" უნდა გამოისყიდოს.

რაც შეეხება მერიის მიერ საკრებულოში წარდგენილ 2021-2023 წლების სატრანსპორტო გეგმას და მასში გათვალისწინებულ დანარჩენ პუნქტებს, ისინი შემდეგნაირად გამოიყურება:

1. სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული M2 კატეგორიის ავტობუსებით(მიკროავტობუსებით) მგზავრობის ფასის დადგენა 50 თეთრის ოდენობით.
2. საზოგადოებრივი ტრანსპორტის (M3 კატეგორიის ავტობუსი და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტი (მეტრო) უფასო გადაჯდომის არსებულ სისტემაში სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული M2 კატეგორიის ავტობუსების ჩართვის უზრუნველყოფა.
3. საზოგადოებრივ ტრანსპორტში (M3 კატეგორიის ავტობუსი და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტი (მეტრო) არსებული შეღავათიანი მგზავრობის პირობების გავრცელება სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართულ M2 კატეგორიის ავტობუსებში (01.04.2021)
4. ტენდერის გამოცხადება 8-მეტრიანი 180 ერთეული M3 კატეგორიის ავტობუსის შესყიდვაზე მე-7 და მე-10 პუნქტების გათვალისწინებით (01.05.2021)
5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებაზე ნებართვების მფლობელების მიერ შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ უკვე შესყიდული 300 ერთეული M2 კატეგორიის ავტობუსის გამოსყიდვის უზრუნველყოფა (01.08.2021)
6. ტენდერის გამოცხადება 18-მეტრიანი M3 კატეგორიის 200 ერთეული ავტობუსის შესყიდვაზე მე-13 პუნქტის გათვალისწინებით (01.09.2021)
7. 8-მეტრიანი არანაკლებ 50 ერთეული M3 კატეგორიის ავტობუსის მიღების უზრუნველყოფა(01.01.2022)
8. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებაზე ნებართვების მფლობელების მიერ დამატებით 400 ერთეული M2 კატეგორიის ახალი ავტობუსის შესყიდვა და მიღების უზრუნველყოფა(01.01.2022)
9. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ 300 ერთეული M2 კატეგორიის ახალი ავტობუსის შესყიდვა და მიღების უზრუნველყოფა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებაზე ნებართვების მფლობელებისთვის გადაცემა (01.01.2022)
10. 8-მეტრიანი 130 ერთეული M3 კატეგორიის ავტობუსის მიღების უზრუნველყოფა(01.06.2022)
11. 1 ერთეული M3 კატეგორიის ავტობუსების არსებული ავტობაზის რეაბილიტაცია(01.01.2023)
12. 1 ერთეული M3 კატეგორიის ავტობუსების ახალი ავტობაზის მშენებლობა (01.07.2023)
13. 18-მეტრიანი M3 კატეგორიის 200 ერთეული ავტობუსის მიღების უზრუნველყოფა(01.07.2023)
14. მგზავრობის ვადიანი აბონემენტების დანერგვა და ამოქმედება(01.07.2023)
15. მგზავრთა გადაყვანის ახალი ქსელის სრულად ამოქმედება (01.07.2023)