01.ოქტომბერი .2022 13:04

ახალი ვირტუალური ოპერატორი მობილური კავშირის ბაზარზე - Hallo-ს გეგმები

ახალი ვირტუალური ოპერატორი მობილური კავშირის ბაზარზე - Hallo-ს გეგმები
views 837
უკან

მობილური ოპერატორების ბაზარზე ახალი კომპანია გამოჩნდა. პირველი ვირტუალური ოპერატორი მომხმარებლებს Hallo-ს ბრენდით ემსახურება. 

Hallo-ს კომერციულმა დირექტორმა გიორგი ლოლუამ გადაცემა „საქმის კურსში“ კომპანიის საქმიანობასა და გეგმებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ბაზარზე კონკურენტული ფასებით შემოდიან. მისივე განმარტებით, მომხმარებლებისთვის სერვისის მიწოდება "სილქნეტის" ქსელის გამოყენებით მოხდება.

„Hallo საქართველოში პირველი ვირტუალური მობილური ოპერატორია. ეს არის ჩვეულებრივი მობილური ოპერატორი, რომელიც მომხმარებელს თავის სერვისს სხვა მობილური ოპერატორების მსგავსად აწვდის, უბრალოდ არ გააჩნია თავისი ქსელი და სხვა კომპანიის ინფრასტრუქტურას იყენებს.

სატესტო რეჟიმი 4 აგვისტოდან დავიწყეთ და გავიარეთ. წინა კვირიდან კი კომუნიკაცია დავიწყეთ და ნელ-ნელა ჩვენ შესახებ ინფორმაციას უფრო ფართო მასას მივაწვდით. უკვე სრული დატვირთვით ვმუშაობთ“, - ამბობს ლოლუა.

რაც შეეხება მიზნობრივ აუდიტორიას, მისის თქმით, მოსწავლეებზე, სტუდენტებსა და ტურისტები არიან ორიენტირებულები.

„მთელ მსოფლიოში ვირტუალური მობილური ოპერატორები ნიშური მობილური ოპერატორები არიან. ჩვენი სერვისი მთელი საქართველოს მოსახლეობისთვის იქნება ხელმისაწვდომი, მაგრამ მიზნობრივი აუდიტორიაც გვყავს და ისინი სტუდენტები, მოსწავლეები და ტურისტები არიან. მომავალში სერვის ცენტრების დამატებას აეროპორტებშიც ვაპირებთ", - განაცხადა გიორგი ლოლუამ

თვითონ ბრენდს, რაც შეეხება, მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანია "სილქნეტის" ქსელს იყენებს, ისინი ერთი ბრენდი არ არან.

„როდესაც ბრენდზე და კონცეფციაზე მუშაობა და ფიქრი დავიწყეთ, ამოსავალი წერტილი ყველა ურთიერთობის დასაწყისი მისალმება იყო. ჩვენი ლოგო და ვიზუალიც სხვადასხვა კულტურაში მისალმებას ნიშნავს. ვირტუალური მობილური ოპერატორობის სურვილი ბევრ კომპანიას აქვს. "სილქნეტთან" მოლაპარაკება მარტივი არ ყოფილა. ის დიდხანს გაგრძელდა და საბოლოოდ ორმხრივად სასარგებლო ხელშეკრულების გაფორმება მოვახერხეთ. ჩვენ და "სილქნეტი" ერთი ბრენდი არ ვართ, ჩვენ მხოლოდ ხელშეკრულება გვაკავშირებს, რომელიც ორმხრივად სასარგებლოა და 2021 წლის ბოლოს გაფორმდა”, - ამბობს იგი.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მისი თქმით, კომპანია ისეთი სერვისების შემუშავებას გეგმავს, რომელიც მიზნობრივ აუდიტორიაზე იქნება მორგებული.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა