მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ახლა უნდა დავიწყოთ მუშაობა, თორემ ჩამოიშლება ტურიზმის ინდუსტრია“ - ორი რჩევა მთავრობას

64ad5977db583
თელარა გელანტია
11.07.23 22:00
1381
ჰოლდინგ „ინნ ჯგუფის“ თანადამფუძნებელი პაატა კოკაია ტურიზმში მეორე კვარტლის შედეგებით კმაყოფილი არაა. „არც მარტის, არც აპრილის, არც მაისის შედეგებით კმაყოფილი არ ვართ, უფრო - პირიქით“, - თქვა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ მეორე კვარტალში ტურისტების ნაკადის შეფასებისას.

აღსანიშნია, რომ „ინნ ჯგუფის“ საკუთრებაშია 7 სასტუმრო საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის - დედაქალაქში.

„რა თქმა უნდა, ქვეყანაში სასტუმროების და შესაბამისად, ნომრების რაოდენობა გაზრდილია, მაგრამ ტუროპერატორებიც გვეუბნებიან, რომ არ ჰყავთ ხალხი... არ მოდიან. კონკურენტების მეტი რა გვყავს?! ყველამ მოვისმინეთ, რომ ანტალიაში, ორი კვირის წინ 11 000-მდე რეისი განხორციელდა, მაშინ როდესაც უკრაინიდან და რუსეთიდან ვიზიტორების ნაკადი ჩაუვარდათ, მაგრამ სახელმწიფოს და კერძო სექტორის ჭკვიანური და ერთობლივი მუშაობით, ეს პრობლემა გადაწყვიტეს“, - განაცხადა მან „წერტილში“.

ბიზნესმენი ვარაუდობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე, წელს ევროპიდან ვიზიტორების რიცხვი ნაკლები იქნება, ამიტომ სახელმწიფომ ჩინეთიდან, ინდოეთიდან და ტაილანდიდან ვიზიტორების მოზიდვაზე უნდა იმუშაოს.

"ყველამ ერთად - სახელმწიფომ და კერძო სექტორმა - უნდა ვიზრუნოთ და გავიხედოთ ინდოეთისკენ, ჩინეთისკენ, ტაილანდისკენ. საჭიროა, პირდაპირი ავიარეისების სიხშირის გაზრდა და პირველ რიგში, ელექტრონული ვიზების საკითხის მოგვარება.

როგორც ვიცი, მთავრობაში ამ საკითხის <ელექტრონული ვიზების პორტალი> მოგვარებაზე მუშაობა დაწყებული აქვთ. სურთ, უწყებათშორისი საბჭოს შექმნა, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტრო, შსს და, რა თქმა უნდა, ეკონომიკის სამინისტრო შევა.

არ შეიძლება, საზღვარზე ინდოელ თუ ჩინელ ტურისტს აჩერებდნენ და უკან აბრუნებდნენ ახსნა-განმარტების გარეშე, როცა ყველა საბუთი წესრიგში აქვს. გასაგებია, რომ საზღვარზე შეყოვნება ყველგან ხდება, მაგრამ იმიტომ, რომ მესაზღვრემ ცუდ ხასიათზე გაიღვიძა, უცხოელი სახეზე არ მოეწონა და ამიტომ უკან გააბრუნა - ასე არ შეიძლება. მესაზღვრეს უნდა ჰქონდეს ზუსტი მითითება, ვის არ უშვებს ქვეყანაში.

ამდენად, რომელიმე ამ სამი ქვეყნიდან თუ ტურისტების ნაკადი დაიძრა, საქართველო ტურისტებით უმარტივესად შეივსება.

ჩემი პროგნოზით, ივლის-აგვისტო-სექტემბერი ნორმალური სიტუაცია გვექნება, მაგრამ საბერძნეთივით არ უნდა ვიქცეთ... ახლა გვაქვს სამუშაო, რომ ამ სამი ან აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებიდან მოვიზიდოთ ტურისტები. ახლა უნდა დავიწყოთ მუშაობა და საერთოდ არ უნდა ვიძინოთ, თორემ ჩამოიშლება ტურიზმის ინდუსტრია, რადგან სასტუმროები ზამთარში, ფაქტობრივად, თავს ვერ ირჩენენ თბილისში და ვერც სხვაგან, გარდა ზამთრის კურორტებისა.

ვფიქრობ, მთლიანად აღმოსავლეთის ქვეყნებისკენ უნდა შევატრიალოთ ვექტორი, თან ძალიან სერიოზულად და სწრაფად, რადგან ამ ეტაპზე გადარჩენას მე აქ ვხედავ... ომის გამო ევროპელები მოგზაურობას უფრო ფრთხილად ეკიდებიან; იტალიელ ტურისტს ვერ ეტყვი, რომ ჩამოდი და ყველაფერი კარგად იქნებაო, როცა 30 კილომეტრში ოკუპანტის ჯარი დგას“, - განაცხადა პაატა კოკაიამ.

ბიზნესმენის თქმითვე, გამოწვევების, მათ შორის ელექტრონული ვიზის საკითხის მოგვარებით, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი დაინტერესებულია.

„მარიამ ქვრივიშვილი ერთ-ერთი საუკეთესო მენეჯერია, ვინც მინახავს, მაგრამ მხოლოდ ეკონომიკის სამინისტრო ამ საკითხს ვერ მოაგვარებს“, - დასძინა ბიზნესმენმა.

ცნობისთვის: საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია მეორე კვარტალში საერთაშორისო ტურისტების სტატისტიკას, სავარაუდოდ, 15 ივლისის შემდეგ გამოაქვეყნებს.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები