09.ოქტომბერი .2019 15:40

2018 წელს აზარტული თამაშების ბრუნვამ 13.8 მილიარდ ლარს მიაღწია

views 791
უკან

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სათამაშო ბიზნესი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე მზარდ და მიმზიდველ სფეროდ იქცა. ინტერნეტის და სმარტფონების საყოველთაო გავრცელების შედეგად, ამ სექტორმა ფიზიკური კაზინოებიდან და ტოტალიზატორებიდან, ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლა.

BMG-მ საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში აზარტული თამაშების სექტორის ბრუნვის შესახებ. მიღებული დოკუმენტიდან კი ირკვევა, რომ 2018 წელს ქვეყანაში რეგისტრირებული სათამაშო დაწესებულებების ჯამური ბრუნვა რეკორდული ტემპით - 128%-ით გაიზარდა და მან 13.8 მილიარდ ლარს მიაღწია.

საქსტატის განმარტებით, სხვა სექტორებისგან განსხვავებით, აზარტული თამაშების სფეროში ბრუნვა განსხვავებული წესით აღირიცხება. სააღრიცხვო მეთოდოლოგიის მიხედვით, ბრუნვად ითვლება ყველა თამაშზე მომხმარებელთა მიერ დადებული ფსონების ჯამი და ამასთანავე, ყველა თამაშზე "დატრიალებული თანხის" მოცულობა.



1-მილიარდიან მაჩვენებელს სექტორის ბრუნვამ 2013 წელს მიაღწია. მას შემდეგ, მისი მოცულობა 14-ჯერ არის გაზრდილი.

აზარტული თამაშების სექტორი ფულის გათეთრების რისკებთან არის დაკავშირებული, რაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშშიც არის აღნიშნული.

საქართველოს აზარტული თამაშების ინდუსტრიის ბრუნვით უკანასკნელ პერიოდში საერთაშორისო სავალუტო ფონდიც დაინტერესდა. ორგანიზაციის ექსპერტებმა საქსტატთან ერთად შეიმუშავეს კითხვარი, რომელსაც 2020 წლიდან კაზინოებმა უნდა გასცენ პასუხი და რომელიც უცხოეთის რეზიდენტთა მიერ დადებულ ფსონებს შეეხება. აღნიშნული ღონისძიება საქართველოს საგადასახდელო ბალანსის აღრიცხვის გაუმჯობესებას ემსახურება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა