მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზარტული თამაშების რეკლამის რა მოდელი შესთავაზა მედიამ მთავრობას და რა პასუხი მიიღო?

61bc654662dee
ინგა მურუსიძე
17.12.21 14:21
665
აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა ძალაში არა 2022 წლის 1-ელი იანვრიდან, არამედ 1-ელი მარტიდან შევა. ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ და აზარტული თამაშების შეზღუდვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის ერთ-ერთმა ავტორმა დავით სონღულაშვილმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომელსაც როგორც აზარტული თამაშების ინდუსტრიის, ისე სხვადასხვა ტელეკომპანიის მენეჯერი და წარმომადგენელი ესწრებოდა.

აღსანიშნია, რომ აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის მხოლოდ სამი თვით გადავადება მედიამენეჯერებმა გააკრიტიკეს. „სამი თვე არ არის საკმარისი დრო იმისთვის, რომ სარეკლამო ბაზარი გადაერთოს ახალ რეგულაციაზე“, - აცხადებდნენ ტელეკომპანიების - „მთავარი არხის“, „კავკასიის“ და „tv პირველის“ წარმომადგენლები.

ამასთან, მათ კანონპროექტის ინიციატორებს მოუწოდეს, გაეცნონ მედიის მიერ მომზადებულ წინადადებებს, რომლებიც აზარტული თამაშების რეკლამირების შეზღუდვის ე.წ. ბრიტანულ მოდელს წარმოადგენს, რათა არ დაზარალდეს როგორც - სატელევიზიო, ისე ონლაინმედია.

“TV პირველის“ აღმასრულებელი დირექტორი ნანა აბურჯანიძე: „გთავაზობთ, რომ როგორც სიგარეტის კოლოფზე აწერია - „კლავს“, „იწვევს სიმსივნეს“ და ა.შ. მსგავსი ფორმულირებით გავიდეს აზარტული თამაშების რეკლამებიც. ასევე, გთავაზობთ, რომ გამოგვიყენოთ მედია, როგორც საყვირი სოციალური პასუხისმგებლობით. გამოგვიყენეთ ამ კანონის სწორად აღსრულებაში“.

„მთავარი არხის“ დირექტორი თამთა მურადაშვილი: რეკლამის აკრძალვის 1-ელ მარტამდე გადავადებით, თქვენ ფაქტობრივად მოგვეცით თვენახევარი. სატელევიზოო სექტორისთვის კი ეს არაფერს ნიშნავს, ვერ გადავეწყობით, ჩვენ უნდა მოვიძიოთ სხვა სექტორი, რომელიც ამ დანაკლისს ჩაანაცვლებს, ამიტომ ვითხოვდით, რომ რაღაცა გონივრული ვადა მოგეცათ ჩვენთვის. საქმიანი წინადადებაა ასევე ჩვენი მხრიდან, რომ კანონპროექტი ეტაპობრივად ამოქმედდეს“.

აღსანიშნია, რომ მიუხედავად მედიის წარმომადგენლების თხოვნისა, მათ არ მიეცათ საშუალება თავიანთი წინადადებები - ე.წ. ბრიტანული მოდელის ძირითადი არსი წაეკითხათ კომიტეტის სხდომაზე.

„იძულებული ვარ დავასრულო სხდომა, რადგან დრო ნამდვილად არ მაქვს", - ამბობდა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ეკატერინე სეფაშვილი.

საბოლოო ჯამში, დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა აზარტული თამაშების შეზღუდვის კანონპროექტს მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა. საინტერესოა, რომ საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორმა დავით სონღულაშვილმა აზარტული თამაშების ინდუსტრიას, ფაქტობრივად, ბოდიში მოუხადა და თქვა, რომ „რეგულირების სიმძიმე ესმის, თუმცა აღნიშნული კანონის მიღება აუცილებელია“.

„სამწუხაროა, რომ ხდება სექტორის რეგულირება და მესმის... კიდევ ერთხელ ბოდიშის მოხდით... დიდი პატივისცემა თითოეულ თქვენგანს“, - ამ სიტყვებით დაამთავრა სხდომა დავით სონღულაშვილმა.

ამ წუთებში აზარტული თამაშების შეზღუდვის საკანონმდებლო პაკეტს პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

ინფორმაციისთვის, ცვლილებები შედის კანონებში: „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში“, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონში“, „რეკლამის შესახებ“ კანონში, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ და „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ კანონში.

ცვლილებების თანახმად, 25 წლამდე ასაკის პირებს აზარტულ და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობა აეკრძალებათ, ეს აკრძალვა არ შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და სოციალურად დაუცველებს, ჯამში, მილიონამდე ადამიანს. ასევე, შეიქმნება დამოკიდებულ და აკრძალულ პირთა სიები მოთამაშის ან მისი ოჯახის წევრის მოთხოვნის საფუძველზე. ამავე კანონპროექტით, აზარტული თამაშების რეკლამა ტელევიზიით იკრძალება, ხოლო ბიზნესს გადასახადები ეზრდება.