მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ „კრიშავს“ ამ კანონპროექტს? – „გირჩის“ კითხვა მინისტრის მოადგილეს

60f94f1e0657b
ინგა მურუსიძე
22.07.21 15:17
4376
პარლამენტი დაჩქარებული წესით განხილავს ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც აზარტული თამაშების სექტორის რეგულირებას ამკაცრებს. კერძოდ, ცვლილება შეეხება საქართველოდან უცხოეთში აზარტული თამაშების სერვისების მიწოდებას, რომელიც ამჟამად რეგულირების მიღმა ექცევა. თუკი ამჟამად მსგავსი სერვისის მიმწოდებელი კომპანიები ნებართვის აღებას არ საჭიროებენ და არც შესაბამის სალიცენზიო გადასახადს იხდიან, კანონის ცვლილების შემდეგ ისინიც დაიბეგრებიან. პარლამენტში გამართულ მოსმენაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ განაცხადა, რომ ეს ცვლილება ეხება ისეთ კომპანიას, როგორიცაა მაგალითად "ევოლუშენ გეიმინგი", რომელიც საქართველოში არსებული ოფისიდან აზარტული თამაშების სერვისებს უცხოურ კომპანიებს აწვდის. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ამჟამად ქვეყანაში ამ სფეროში 13 კომპანია საქმიანობს.

მიხეილ დუნდუას რიგგარეშე სესიაზე წარდგენის შემდეგ „გირჩის“ წარმომადგენელმა, იაგო ხვიჩიამ ჰკითხა, თუ ვინ ლობირებს პარლამენტში კანონპროექტს:

„თქვენ გსურთ, გააკონტროლოთ სფერო, რომლის მიხედვითაც საქართველოში აფუძნებენ კომპანიას, მუშაობენ მხოლოდ უცხოელებზე და ემსახურებიან უცხოელ მოთამაშეებს. ანუ თქვენ ვერ იტყვით, რომ საქართველოს მოქალაქეებს იცავთ ლუდომანიისგან და ა.შ. თქვენი პასუხები არის სრულიად არადამაჯერებელი.

მე მაინტერესებს, ამ დარბაზში ვინ კრიშავს კანონპროექტს? ეს არის ადამიანების მიერ სამსახურის დაკარგვის კანონპროექტი, შეიძლება ამას კრიშავდეს სხვა კონკურენტი კომპანია, მაგრამ ამ დარბაზში ვინ კრიშავს? ვინ არის ლობისტი? ეს კანონპროექტი არის პირდაპირ კორუფციული“, - მიმართა ხვიჩიამ მიხეილ დუნდუას.

კანონპროექტის ავტორის თქმით, კანონპროექტი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება და კორუფციული არანაირად არ არის.

„კანონპროექტი ემსახურება იმას, რომ საქართველო არ გახდეს არეალი ფულის გათეთრების ხელშემწყობი“, - თქვა დუნდუამ.