მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზიის განვითარების ბანკმა ვაქცინების შესაძენად საქართველოს $15-მილიონიანი სესხი გამოუყო

614d873063768
შოთა ტყეშელაშვილი
24.09.21 12:20
605
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დღეს 15 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაამტკიცა საქართველოს მთავრობის დასახმარებლად კოვიდ-19 საწინააღმდეგო ვაქცინების შესაძენად და ქვეყანაში ვაქცინაციის პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო შესაძლებლობების გასაძლიერებლად.

ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული ფინანსური რესურსი ქვეყანას დაეხმარება დაახლოებით 700,000 დოზა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის, ასევე ნემსების, უსაფრთხოების ყუთებისა და ვაქცინაციისთვის საჭირო სხვა ნივთების შეძენასა და ჩამოტანაში.

„ვაქცინაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია კოვიდ-19-ის გავრცელებისა და მისით გამოწვეული გართულებების შესამცირებლად,“ - განაცხადა ADB-ის პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ.

„ეს პროექტი საქართველოში ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას უზრუნველყოფს, შეამცირებს დაავადების გავრცელებასა და მისით გამოწვეულ სიკვდილიანობას და აღადგენს მოსახლეობის თავდაჯერებულობას. ADB სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს კოვიდ-19-ის უარყოფითი გავლენის მართვაში ჯანდაცვაზე, სოციალურ დაცვასა და ეკონომიკაზე და ეს პროექტი ქვეყნის პანდემიასთან გასამკლავებლად მიმართული ADB-ის სრული მხარდაჭერის მთავარი კომპონენტია.“

"ახლადდამტკიცებული პროექტი ADB-ის მიერ საქართველოს კოვიდ-19-ის საპასუხოდ გაწეული დახმარების კიდევ ერთი საფეხურია. ADB-მ საქართველოს უკვე გამოუყო $100 მილიონიანი სესხი მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში სოციალური დაცვის მექანიზმებისა და დაზარალებული ბიზნესების მხარდაჭერის დასაფინანსებლად. $200 მილიონიანი საბიუჯეტო სესხი ქვეყნის სოციალური დაცვის, ფისკალური და ვალის მართვის სისტემების გასაძლიერებლად გამოიყო და $2.5 მილიონიანი გრანტი გაიცა ლაბორატიული სატესტო შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად",- ნათქვამია ბანკის განცხადებაში. 

საქართველოს მთავრობის მიზანია, 2021 წლის ბოლომდე მისი ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის ანუ 1.7 მილიონი ადამიანის აცრა. ADB-ის დახმარება 300,000-ზე მეტი მოქალაქის აცრას გახდის შესაძლებელს, ანუ საქართველოს მთლიანი მოსახლეობის 8%-ს. 

NCDC-ის მონაცემებით, საქართველოში ამ დროისთვის მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 963,663 ადამიანი, ხოლო ორივე დოზით აცრილთა რაოდენობა 751,410-ს შეადგენს. შესაბამისად, მინიმუმ ერთი დოზით აცრილია მოსახლეობის 26%, ხოლო ორი დოზით აცრილია მთლიანი მოსახლეობის 20%.