09.მარტი .2020 17:12

BAG: დროა, გადამზიდავი სატვირთო მანქანების ავზებით აღურიცხავი საწვავის შემოტანის აღსაკვეთად ქმედითი ღონისძიებები იქნეს გატარებული

views 397
უკან

„ყველას გვესმის, რომ საქართველოს ტრანზიტული ფუნქცია უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია ქვეყნისთვის. თანამედროვე და ცივილური ტრანზიტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით საქართველოში მოღვაწე ნავთობკომპანიებმა განახორციელეს მსხვილი ინვესტიციები და ჩქაროსნული ავტო-მაგისტრალის მიმდებარედ უკვე ფუნქციონირებს ყველასათვის მოსაწონი რამოდენიმე დასვენებისა და მომსახურების მულტიფუნქციური კომპლექსი, რომელთა დონე და სერვისის ხარისხი შეიძლება ასწრებდეს კიდეც ნებისმიერი ევროპული ქვეყნის სტანდარტს“, - ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის ხელმძღვანელი შავლეგ მიშველაძე აცხადებს.

მისი ინფორმაციით, 2019 წელს საქართველოში შემოსული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობამ ჯამურად 100 000-ს ერთეულს გადააჭარბა, ხოლო მხოლოდ 2020 წლის იანვარში - უკვე 25 000-სს. სამწუხაროდ, ამ პოზიტიური სტატისტიკის მიღმა თავი იჩინა აღურიცხავი საწვავის შემოტანის პრობლემამ, რომელსაც შემდეგი გარემოებები განაპირობებენ:

საწვავის დაბალი ფასი საქართველოს მეზობელ ქვეყნებში (აზერბაიჯანი, რუსეთი);

არასრული ადმინისტრირება;

ავზით შემოტანილი საწვავის რაოდენობაზე საკანონმდებლო შეზღუდვის არქონა;ხელსაყრელი გარემო (სხვადასხვა ტიპის ავტო-გასამართი სადგურები) აღურიცხავი საწვავის რეალიზაციისათვის.

სამწუხაროდ, ქვეყანაში ქაოტურად მიმოფანტული არაბრენდული გასამართი სადგურების ნაწილი აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა გზებითა და საშუალებებით აღურიცხავად შემოტანილი საწვავის რეალიზაციაში. ამგვარი ქმედება არამხოლოდ მნიშვნელოვანი კანონდარღვევაა, არამედ ქმნის არაკონკურენტულ, არასამართლიან გარემოს ბაზრის კეთილსინდისიერ მოთამაშეებთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, ამგვარი არხებით ქვეყანაში შემოსული საწვავის არსებობით სახელმწიფო ბიუჯეტი მნიშვნელოვან თანხებს კარგავს და თუკი გადამზიდავი ავტომობილების რაოდენობის მზარდ ტრენდს გავითვალისწინებთ - ზემოთქმული მანკიერი დინამიკა მომავალში კიდევ უფრო თვალშისაცემი უნდა გახდეს.

ადმინისტრირების გაძლიერება პრობლემის მოგვარების მხოლოდ ერთი ნაწილია. ვფიქრობთ - აუცილებელია დაწესდეს დასაშვები ზღვარი სატვირთო ავტომობილების ავზით ქვეყანაში შემოტანილი საწვავის რაოდენობასთან დაკავშირებით - ამის პრაქტიკა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებობს და სწორედ ამგვარი მექანიზმები გამოიყენება ადგილობრივი ბაზრების დასაცავად მსგავს ვითარებებში. პარალელურად, საჭიროა მონიტორინგის გაძლიერება სატვირთო ავტომობილებზე კუსტარულად დამონტაჟებულ ავზებთან დაკავშირებით - ვფიქრობთ, საჭიროა ამჟამად მოქმედი ჯარიმის გაზრდა. საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღებთ შედეგს, როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტი არ დაკარგავს კუთვნილ თანხებს, ხოლო კეთილსინდისიერი მეწარმეები შეძლებენ სამართლიან, კონკურენტულ გარემოში საკუთარი ბიზნეს საქმიანობის განხორციელებას.
NS

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა