მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BAG-ის პრეზიდენტი: ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიებს დავიცავთ

5f08909a2b209
თელარა გელანტია
10.07.20 21:20
1514
„ის კომპანიები, რომლებიც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს წარმოადგენენ, ჩვენი წევრები არიან და ისევე, როგორც სხვებს, მათაც დავიცავთ“, - ეს განცხადება bm.ge-ისთან საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების კომენტირებისას განაცხადა, რომლის განხილვა დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე 5 საათზე მეტ ხანს მიმდინარეობდა.

"დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კანონპროექტს არ უყრიან კენჭს. ეს უკვე მონაპოვარია. კომიტეტის სხდომის ბოლო ნაწილში საკმოდ კონსტრუქციული იყო ჩვენი საუბარი. გაითვალისწინეს ჩვენი არგუმენტები და მზად არიან, მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდეს. არსებული კანონპროექტი დღეს ან ხვალ გადმოგვეგზავნება, ყველანი ჩავერთვებით და შევიტანთ იმ ცვლილებებს, რომელიც მიგვაჩნია, რომ არის ობიექტური და სამართლიანი“, - აღნიშნა სოსო ფხაკაძემ.

ცნობისთვის: მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით, რომელიც ეხება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონსა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანას. კომუნიკაციების კომისიას შესაძლებლობა ეძლევა კომპანიებში სპეციალური მმართველი დანიშნოს და ამ ნაბიჯით საკუთარი გადაწყვეტილებების აღსრულება უზრუნველყოს. სპეციალურ მმართველს კი საკმაოდ დიდი უფლებამოსილებები ენიჭება, მათ შორის შესაძლებელი ხდება კომპანიის წილებისა და აქციების გახსვისება აუქციონის წესით.

კანონპროექტი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ კახი ბექაურმა გამოიტანა განსახილველად.

მისი თქმით, კანონპროექტის მიღების შედეგად, კომისიას მიენიჭება სპეციალური, დამატებითი უფლებამოსილებები, რომელთა გამოყენებითაც კომისია შეძლებს მის მიერვე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებას და უფრო ეფექტური გახდება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს რეგულირება. მომხსენებლის განმარტებით, შემოთავაზებული მექანიზმი არ არის სანქციის ახალი სახე, ეს არის კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების ეფექტური მექანიზმი.

მომხსენებლის განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას აქვს უფლებამოსილება, რომ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული ან ლიცენზიის მფლობელი ნებისმიერი პირის მიმართ კანონმდებლობის და კომისიის გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს სანქციები: გაფრთხილება; ჯარიმა - არანაკლებ 3 000 და არაუმეტეს 30 000 ლარის ოდენობით; დარღვევის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში განმეორებითი ჯარიმა - არანაკლებ 9 000 და არაუმეტეს 90 000 ლარის ოდენობით; დარღვევის კვლავ აღმოუფხვრელობის შემთხვევაში - ჯარიმა არანაკლებ 27 000 და არაუმეტეს 270 000 ლარის ოდენობით და ბოლოს ავტორიზაციის შეჩერება ან ლიცენზიის გაუქმება.

ამასთან, კანონის თანახმად, კომუნიკაციების კომისიას ავტორიზაციის შეჩერება ან ლიცენზიის გაუქმება შეუძლია ავტორიზებული პირის პირველად დაჯარიმების შემდეგ. ანუ ისე, რომ არ დაელოდოს შემდეგ ჯარიმებს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია დრო. კერძოდ, ავტორიზებულ პირებს დარღვევის აღმოსაფხვრელად და კომისიის გადაწყვეტილების შესასრულებლად ყოველთვის ეძლევათ გონივრული ვადა და ის დამოკიდებულია შესასრულებელი გადაწყვეტილების შინაარსზე.

მომხსენებლის თქმით, ცვლილებების პაკეტი არ მოიცავს სანქციის ახალ სახეს, რადგან დღეს მოქმედი კანონმდებლობით კომისიას სანქციების დაკისრება ისედაც შეუძლია.

„შემოთავაზებული მექანიზმი არ არის სანქციის ახალი სახე. ეს არის კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მექანიზმი. უბრალოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 172-ე მუხლი ადგენს მხოლოდ ზოგადად ინსტიტუტს და არ შეიცავს მისი პრაქტიკაში გამოყენების მექანიზმებს, ვინაიდან იგი დათქმას აკეთებს სპეციალურ კანონმდებლობაზე, სადაც უნდა გაიწეროს ამ მექანიზმის პრაქტიკაში გამოყენების დეტალები. სწორედ ამ კანონისმიერი დათქმიდან გამომდინარე, წარმოდგენილი კანონპროექტი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში აღსრულების კუთხით არსებული ვაკუუმის შევსებას ისახავს მიზნად“, – განაცხადა კახა ბექაურმა.

მისივე განცხადებითვე, კომისიისთვის გადაწყვეტილებების აღსრულების ამ მექანიზმის არარსებობა ნიშნავს იმას, რომ რისკის ქვეშ დგება მთელი საკომუნიკაციო ბაზარი. შესაბამისად, კანონპროექტის მიღება დაიცავს ბაზარს.

ხანგრძლივი განხილვისა და კამათის შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხის საბოლოო ვერსიის შემუშავებამდე საჭიროა მეტი კომუნიკაცია დაინტერესებული მხარეების ფართო შემადგენლობით. სხდომაზე გადაწყდა, რომ ხვალ, 11 ივლისს კომიტეტში ფართო შემადგენლობით გაიმართება სამუშაო შეხვედრა, სადაც აღნიშნული ცვლილებების თაობაზე უფრო დეტალური მსჯელობა გაიმართება და ამის შემდეგ კანონპროექტი პირველი მოსმენით ხელახლა გამოვა განსახილველად. ეს სავარაუდოდ, 13 ივლისს მოხდება.