მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BAG-ის წევრებს მშენებლობაში სამუშაო ადგილების კლების უკიდურესად ნეგატიური მოლოდინი აქვთ

5eb2845680f1a
თელარა გელანტია
06.05.20 13:32
1004
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრების 47.2% მომდევნო სამი თვის განმავლობაში მათ კომპანიებში დასაქმებულთა შემცირებას გარდაუვლად მიიჩნევს. როგორც bm.ge-ის ასოციაციიდან აცნობეს, BAG-ის დასაქმების ბარომეტრი, რომელიც მომდევნო სამი თვის განმავლობაში ასოციაციის წევრების მიერ დასაქმების სავარაუდო ცვლილებას ასახავს, 2020 წლის პირველ კვარტალში უარყოფითი გახდა და -46.7 ქულა შეადგინა; მაშინ როცა, 2019 წლის მეოთხე კვარტალში BAG-ის წევრ ბიზნესებს პოზიტიური მოლოდინი ჰქონდათ დასაქმებასთან მიმართებაში, შესაბამისად, დასაქმების ბარომეტრი დადებითი იყო და 26.1-ს შეადგენდა.

„სექტორების მიხედვით, გამოკითხული BAG-ის წევრ ბიზნესებს შორის შედარებით ზომიერი ნეგატიური მოლოდინი დაფიქსირდა მრეწველობის სექტორში, რომელსაც სხვა სექტორებთან შედარებით ნაკლებად შეეხო საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული შეზღუდვები. მეორეს მხრივ, მშენებლობის სექტორში სამუშაო ადგილების შემცირების უკიდურესად ნეგატიური მოლოდინია, რაც, სავარაუდოდ, კრიზისების დროს უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნის შემცირებას უნდა უკავშირდებოდეს. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის მეოთხე კვარტალში ყველაზე მაღალი პოზიტიური მოლოდინი დასაქმებასთან მიმართებაში სწორედ მშენებლობის სექტორში გამოვლინდა“, - აცხადებენ BAG-ში.

ცნობისთვის: BAG ინდექსის წარმოება საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ 2020 წელს დაიწყო. BAG ინდექსი მოიცავს BAG-ის წევრი ბიზნესების მმართველი მენეჯერების შეფასებას ბიზნეს კლიმატისა და დასაქმების ბარომეტრის შესახებ. საქართველოს ბიზნეს ასოციაციაციის აზრით, BAG ბიზნეს კლიმატის ინდექსი და BAG დასაქმების ბარომეტრი მნიშვნელოვანი, ღირებული და ეფექტური ინსტრუმენტი გახდება როგორც ბიზნეს სუბიექტების, ასევე ხელისუფლებისთვის ბიზნესში არსებული მდგომარეობის გაცნობის, შეფასებისა და ანალიზის შედეგად კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. BAG ინდექსი ყოველკვარტალურად გამოქვეყნდება და იგი საზოგადოებას გააცნობს დროის კონკრეტულ მომენტში ბიზნეს წრეებში არსებულ განწყობებსა და ბიზნესის მოლოდინებს.