მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „გრანდ გლორია“ დროებით იხურება

5f563e676ca18
ინგა მურუსიძე
07.09.20 18:40
17895
ზაფხულის ტურისტული სეზონის დასრულების შემდეგ, ბათუმში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „გრანდ გლორია“ დროებით დაიხურება.

როგორც bm.ge-ის კომპანია „გლორიას“ მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის კლასტერ მენეჯერმა დიმიტრი მოდრეკელიძემ განუცხადა, პანდემიის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სასტუმროს ზაფხულის სეზონის შემდეგ ჯავშნები არ აქვს და, შესაბამისად, ვერ იმუშავებს.

„ბოლო წუთამდე ჩვენი პარტნიორები ელოდნენ ფრენების აღდგენას, მაგრამ ჩაკეტილი საზღვრების გამო ყველა ჯავშანი გაგვიუქმდა და მოცემული მომენტისთვის ზამთრის სეზონისთვის მოთხოვნა განულებულია“, - აცხადებს მოდრეკელიძე.

რაც შეეხება ზაფხულის ტურისტული სეზონის შეფასებას, „გლორიას“ მარკეტინგის მენეჯერის თქმით, მართალია, რაოდენობრივად სასტუმრო დატვირთული იყო, მაგრამ საერთაშორისო ტურიზმის შეზღუდვის გამო მნიშვნელოვნად შემცირებული ფასები შემოსავლებზე აისახა.

"2020 წლის სეზონმა, მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე, სასტუმრო „გრანდ გლორიასთვის“ მაქსიმალური შედეგიანობით ჩაიარა. სწორი და რაც მთავარია, დროული გადაწყვეტილებების გამო, სტუმართა რაოდენობა პრაქტიკულად უტოლდება 2019 წლის სეზონს და განსაკუთრებული ვარდნა ამ მხრივ არ შეინიშნება, ის არ სცდება 1-4%-იან დასაშვებ ზღვარს თვეების მიხედვით, თუმცა სტუმრების ოდენობა არ ნიშნავს იდენტურ შემოსავალს.

კომპანიის მენეჯმენტმა დროულად შეაფასა არსებული ვითარება, მოცემულობა და გამოწვევები, რომელიც გლობალური პანდემიით იყო გამოწვეული, ამიტომ სეზონის დასაწყისშივე ორიენტირი მხოლოდ და მხოლოდ ადგილობრივ მომხმარებელზე გაკეთდა, რაც ფასებზეც აისახა. ჩვენ გავითვალისწინეთ შიდა ტურისტების გადახდისუნარიანობა და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უპრეცედენტო ფასებად შევთავაზეთ მომხმარებელს 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს სერვისი. წინა წლებთან შედარებით საერთო ჯამში, სასტუმროში განთავსება 50%-ით შემცირდა. ეტაპობრივად სხვადასხვა ტიპის ფასდაკლებებიც გამოვაცხადეთ, რითაც მაქსიმალურად გაიზარდა ბრენდის ცნობადობა, მოთხოვნა სასტუმროზე და ასევე, მაქსიმალურად შენარჩუნდა გაყიდვები“, - განაცხადა მოდრეკელიძემ.

ცნობისთვის: სასტუმროს მენეჯმენტში ამბობენ, რომ "გლორიას" დროებით დახურვის მიუხედავად, თანამშრომლების გათავისუფლებას არ აპირებენ.

სასტუმრო „გრანდ გლორია“ ბათუმში, რამდენიმე წლის წინ გაიხსნა. 5 ვარსკვლავიან სასტუმროს, რომელიც ბათუმის სანაპიროს პირველ ზოლში მდებარეობს, 167 ნომერი აქვს.