მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში Courtyard by Marriott-ი იხსნება - ინვესტიცია $45 მლნ-ზე მეტია

62a9e32a842f0
ვიქტორია მღებრიშვილი
15.06.22 17:58
1591
2022 წელს ბათუმში გლობალური სასტუმრო ბრენდი Courtyard by Marriott-ი გაიხსნება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 45 მილიონ აშშ დოლარს აღემატება. ინფორმაციას აჭარის ავტონომიური მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო „ალიანს პალასის“ მრავალფუნქციურ კომპლექსში ამოქმედდება. ოპერირების დაწყების შემდეგ, პროექტში შემავალი სასტუმრო და პრემიუმ კლასის აპარტამენტები 300-ზე მეტი ადამიანის დასაქმებას უზრუნველყოფს.



„ალიანს პალასის“ გენერალური დირექტორის აკაკი სონღულიას განცხადებით, კომპანიამ სასტუმროს გახსნისთვის როგორც სამშენებლო-სარემონტო, ასევე ინტერიერის აღჭურვის და მოსაპირკეთებელი სამუშაოები დაასრულა, რისთვისაც 45 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

ინფრასტრუქტურა, რომელიც Courtyard by Marriott-ისთვის შევქმენით 5-ვარსკვლავიანია თავისი რესტორნით, ლაუნჯით, მისაღები ზონითა და 150 სასტუმრო ნომრით, მინდა გამოვყო სპა ზონა, რომელიც თავისი ფუნქციონალითა და ხედებით ბათუმში ნამდვილად გამორჩეული იქნება. ამასთან, მისი მმართველი მსოფლიოში აღიარებული სპა-კომპანია „ანანე სპა“ იქნება, რომელიც სტუმრებისთვის დამატებითი მოტივაცია იქნება, რომ ბათუმის Courtyard by Marriott-ს ესტუმრონ და მიიღონ უმაღლესი ხარისხის სერვისი“, - განაცხადა „ალიანს პალასის“ გენერალურმა დირექტორმა.



BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის ხელმძღვანელმა დააზუსტა, რომ სასტუმრო ზაფხულის განმავლობაში გაიხსნება და აღნიშნა, რომ ზუსტი თარიღი თვის ბოლოსთვის იქნება ცნობილი. 

აღსანიშნია, რომ 41-სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსის „ალიანს პალასის“ მშენებლობა 2015 წლის ბოლოს დაიწყო.