მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბეირუთის პორტში მომხდარ აფეთქებასთან საქართველოს დაკავშირება საფუძველს მოკლებულია - საზღვაო სააგენტო

5f2bc5facec3b
BM.GE
06.08.20 11:08
832
ბეირუთის პორტში მომხდარ აფეთქებასთან საქართველოს რაიმე ფორმით დაკავშირება ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, - ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში განაცხადეს.

უწყების ცნობით, ამონიუმის ნიტრატი, წლების განმავლობაში საქართველოს ერთ-ერთი საექსპორტო პროდუქტია და ყოველწლიურად დიდი მოცულობებით გადის საერთაშორისო ბაზრებზე და ტვირთის გადაზიდვის, დამუშავების და დასაწყობების ტექნოლოგიები მიმღები სახელმწიფოს კომპეტენციაა და არა ექსპორტიორი სახელმწიფოსი.

მათივე განცხადებით, გარდა ამისა, ხაზგასასმელია, ის გარემოებაც, რომ ტვირთი გაგზავნილია 2013 წელს, ხოლო მის შენახვასთან დაკავშირებული ინციდენტი მოხდა 2020 წელს.

მათი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 4 აგვისტოს, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების მიზეზად ოფიციალურმა პირებმა პორტში წლების განმავლობაში შენახული დიდი ოდენობით ამონიუმის ნიტრატის დასაწყობების უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევის ფაქტი დაასახელეს.

„აღნიშნული ნივთიერება ბეირუთის პორტში მოხვდა შემდეგი გზით: 2013 წლის სექტემბერში ლიბანის საპორტო კონტროლის სახელმწიფო ინსპექციის მიერ, დაკავებული იქნა მოლდოვას დროშით მცურავი მშრალტვირთმზიდი Rhosus. მიწერის პორტი ჯურჯულეშტი, მოლდოვა.

აღნიშნული გემი ახორციელებდა 2750 ტონა ამონიუმის ნიტრატის ტრანსპორტირებას საქართველოდან (ბათუმის პორტი) მოზამბიკში (პორტი ბეირა).

ლიბანის ოფიციალური ხელისუფლების ინფორმაციით, გემის დაკავების შემდეგ, გემთმფლობელმა კომპანიამ თავი გაკოტრებულად გამოაცხადა და გემი, ეკიპაჟი და ტვირთი მიატოვა ბეირუთის ნავსადგურში. ეკიპაჟის წევრებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებოდნენ. მოგვიანებით, ტვირთი გადმოიტვირთა და დასაწყობდა ბეირუთის პორტში.

ამასთან, როგორც ყველასთვის ცნობილია, ამონიუმის ნიტრატი, წლების განმავლობაში საქართველოს ერთ-ერთი საექსპორტო პროდუქტია და ყოველწლიურად აღნიშნული პროდუქტი გადის საერთაშორისო ბაზრებზე დიდი მოცულობებით, 2020 წელს მხოლოდ ფოთის ნავსადგურიდან ექსპორტზე გავიდა 52037 ტონა.

აღნიშნულ ინციდენტთან საქართველოს რაიმე ფორმით დაკავშირება მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს, რამდენადაც ტვირთის გადაზიდვის, დამუშავების და დასაწყობების ტექნოლოგიები მიმღები სახელმწიფოს კომპეტენციაა და არა ექსპორტიორი სახელმწიფოსი. გარდა ამისა, ხაზგასასმელია, ის გარემოებაც, რომ ტვირთი გაგზავნილია 2013 წელს, ხოლო მის შენახვასთან დაკავშირებული ინციდენტი მოხდა 2020 წელს“, - განმარტავენ სააგენტოში.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, საქართველოს ნავსადგურების უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობაზე შემოწმება ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ხორციელდება საერთაშორისო შემოწმებებით, ხოლო ყოველწლიურად ნავსადგურებს უტარდებათ კომპლექსური შემოწმება.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს ნავსადგურები და ნავსადგურებში წარმოებული სატვირთო ოპერაციები სრულად შეესაბამება მკაცრ საერთაშორისო სტანდარტებს. სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ბოლო წლების განმავლობაში, ამ მიმართულებით, მიღებული აქვს არაერთი უმაღლესი შეფასება.

ცნობისთვის, მედია წერს, რომ ბეირუთის პორტში დასაწყობებული ამონიუმის ნიტრატი, ბათუმის პორტიდან ბეირუთში რუსულ გემით 2013 წელს წაიღეს. სატვირთო ხომალდ "Rhosus" -ის მეპატრონე იგორ გრეჩუშკინია, რომელსაც თავისი კომპანია კვიპროსში აქვს რეგისტრირებული.

შეგახსენებთ, ბეირუთში 4 ივლისს ძლიერი აფეთქება მოხდა. ბოლო მონაცემებით აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 100-ს აჭარბებს. ლიბანის ოფიციალური პირები მომხდარს ასაფეთქებელი ნივთიერებების საწყობს უკავშირებენ. ქვეყნის პრეზიდენტმა მიშელ აუნმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატის საწყობში, უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები