მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიძინა ივანიშვლის თანაინვესტირების ფონდი ბრალდებებს პასუხობს

615e90b08c639
სალომე მეცხვარიშვილი
07.10.21 10:16
3673
ბიძინა ივანიშვლის თანაინვესტირების ფონდი ფოთის თიზ-თან დაკავშირებულ ბრალდებებს და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის განცხადებას პასუხობს. როგორც ფონდის მიერ bm.ge-სთვის მიწოდებულ წერილშია აღნიშნული, ოფშორებში დარეგისტრირებული კომპანიები, რომლებიც თანაინვესტირების ფონდის მენეჯმენტის ქვეშაა, არც პირდაპირი და არც ირიბი გზით არ ფლობენ ქონებას ან/და აქტივს ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ან/და მასთან დაკავშირებულ რომელიმე კომპანიაში.

თანაინვესტირების ფონდის განცხადებით, ისინი ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მმართველი კონსორციუმს ეხმარებიან ინვესტორების მოზიდვაში, თუმცა, ამ საქმიანობიდან ფონდი ფინანსური სარგებელს არ იღებს. აქვე თანაინვესტირების ფონდი აცხადებს, რომ მიუხედავად ამ კავშირისა, მათ უშუალოდ ფოთის პორტთან არანაირი ინტერესი არ გააჩნიათ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შესაბამისად, თანაინვესტირების ფონდი ანაკლიის პორტის მშენებლობის წინააღმდეგი არ არის.

გთავაზობთ თანაინვესტირების ფონდის წერილს, რომელიც მათ Pandora Papers-სთან დაკავშირებით გაავრცელეს:

„გარკვეული მედია საშუალებებით ბოლო პერიოდში გაჟღერებული ინფორმაციის საპასუხოდ, გვინდა განვაცხადოთ, რომ „Brightstone Finance Limited“არის პანამაში რეგისტრირებული „Frankston International”-ის შვილობილი კომპანია, რომელიც თავის მხრივ იმყოფება საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მართვის ქვეშ. აქვე განვმარტავთ, რომ არც ერთი ზემოთხსენებული კომპანია და ფონდი არც პირდაპირი და არც ირიბი გზით არ ფლობს ქონებას ან/და აქტივს ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ან/და მასთან დაკავშირებულ რომელიმე კომპანიაში.

2017 წელს, საქართველოს თანაინვესტირების ფონდს მიმართა ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მმართველმა კონსორციუმმა, ინდუსტრიული ზონის მართვის კომპანიაში
წილობრივი თანამონაწილეობის თხოვნით. საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მიზანი იყო ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა და პოტენციური ინვესტორებისათვის საჭიროების შემთხვევაში ფინანსური თანამონაწილეობის შეთავაზება.

ბოლო მონაცემებით, ფოთის თავისუფალმა ინდუსტრიულმა ზონამ 2018-2021 წლებში ჯამში 106 კომპანია მოიზიდა, რომელთა ჯამური ინვეტიცია 18 მლნ ლარს აჭარბებს. კონსორციუმთან მოლაპარაკების თანახმად, ფონდის ერთადერთ მიზანს წარმოადგენს პოტენციური ინვესტორებისთვის კომფორტის შექმნა და საჭიროების შემთვევაში ფინანსური თანამონაწილეობა, რაც არ ითვალისწინებს ფოთის თავისუფალი ზონიდან ან მმართველი კონსორციუმიდან რაიმე სახის შემოსავლის მიღებას.

შესაბამისად, ამ წლების მანძილზე, ზემოთხსენებული საქმიანობიდან ფონდს არავითარი ფინანსური სარგებელი არ მიუღია და არც მომავალში არის დაგეგმილი.

აპელირება იმით, რომ აღნიშნული საქმიანობა ფარულად/საიდუმლოდ მიმდინარეობდა, ვინმეს ინტერესების დასაცავად არის სიცრუე. მსოფლიო საინვესტიციო ფონდების 80%-ზე მეტი ოფშორულ ზონებშია დაფუძნებული და ეს დასავლეთში მიღებული პრაქტიკაა. ამასთანავე, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ FRANKSTON INTERNATIONAL-ის და ბიძინა ივანიშვილის კავშირი არასოდეს ყოფილა დაფარული, ყოველთვის იყო საზოგადოებისთვის გამჭვირვალე და ამ წლების მანძილზე არც არავის მიუმართავს კომპანია Brightstone Finance Limited-ისთვის ან შპს „ევრაზიან ინვესტ “-ისთვის კითხვით მისი აქციონერების შესახებ.

აქვე, გვინდა გამოვეხმაუროთ ანაკლიის კონსორციუმის ბრალდებებს და განვმარტოთ, რომ ჩვენი ცნობით საქართველოში არც ერთ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას არავითარი საერთო არ აქვს არც ერთ პორტთან. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, ერთადერთი რითიც შეგვიძლია დავაკავშიროთ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა და ფოთის პორტი არის მათი ადგილმდებარეობა. ზუსტად ასევე ამ ორი ობიექტის მეზობლად, მდებარეობს მრავალი სხვა ტერმინალი და რკინიგზის სადგური, იგივე ლოგიკით შეიძლება დავასკვნათ, რომ თანაინვესტირების ფონდს ამ უკანასკნელშიც აქვს ინეტერსი, რაც არალოგიკურია.

საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მონაწილეობა ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მმართველ (და არა მფლობელ) კომპანიაში არ ნიშნავს, რომ საქართველოს თანაინვესტირების ფონდს, რაიმე ინტერესი გააჩნია ფოთის პორტში. ძალიან სამწუხაროა, რომ საკმაოდ პროფესიონალი კოლეგებისგან, ხშირად ჟღერდება მსგავსი ტიპის გადაუმოწმებელი და უსაფუძვლო ბრალდებები.

სრული პასუხისმგებლობით გვინდა განვაცხადოთ, რომ ამ წლების მანძილზე, არც ერთ ეტაპზე ფონდს და მასთან დაკავშირებულ არც ერთ პირს არასდროს ჰქონია ფოთის პორტთან დაახლოვებულ არც ერთ პირთან და სტრუქტურასთან შეხება ან/და საერთო ინტერესი“,- ნათქვამია განცხადებაში.

გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმი (ICIJ) აქვეყნებს ოფშორული ზონების და დამალული ქონებების შესახებ ახალ მასალებს, რომლებიც “Pandora Papers”-ის სახელით ერთიანდებიან. დოკუმენტები მათ შორის ეხება ექს-პრემიერსა და მილიარდერ ბიძინა ივანიშვილსაც. გაჟონილი მასალები იურიდიული ფირმა Alcogal-ის შიდა მონაცემებს ეყრდნობა, ფირმა ივანიშვილისთვის ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე (BVI) ოფშორული კომპანიების დაფუძნებაში ერთ-ერთი შუამავლის როლს ასრულებდა და მისი გავლით ივანიშვილმა სულ 12 კომპანია დააფუძნა. ამ 12 კომპანიიდან ერთ-ერთია Brightstone Finance Limited-ი, რომელიც ფოთის თიზ-ის მენეჯმენტ კომპანიის მეწილეა. სწორედ ამ კომპანიის შესახებ აქვეყნებს განცხადებას "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი", რომელიც აცხადებს, რომ Pandora Papers-ის მასალები ადასტურებს წარსულში მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბიძინა ივანიშვილი პირადად არის ჩართული ფოთის თიზ-ის საქმიანობაში და იქ ბიზნესინტერესები გააჩნია.