მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიტკოინის და ეთერიუმის ფასები მკვეთრად ეცემა - კრიპტოვალუტების გაუფასურების მიზეზები

627910a7d9688
გიორგი თოლორდავა
09.05.22 17:07
15645
საერთაშორისო ბირჟაზე ბიტკოინის, ეთერიუმის და სხვა კრიპტოაქტივების ფასები მკვეთრად ეცემა: გასულ შვიდ დღეში ბიტკოინის ღირებულება 15%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი BTC-ის შეძენა 32,700 დოლარადაა შესაძლებელი; რაც შეეხება ეთერიუმს, მისი ფასიც, დაახლოებით, 15%-ით დაეცა და ამჟამად ერთი ETH 2,300 დოლარად ივაჭრება.

ისტორიულ რეკორდულ ნიშნულებთან შედარებით, ფასების ვარდნის მაჩვენებელი გაცილებით უფრო მკვეთრია: ნოემბერში დაფიქსირებულ $69,000-თან შედარებით, ბიტკოინის ფასი, დაახლოებით, 66%-ით შემცირდა; ეთერიუმის ღირებულება კი $4,900-დან 53%-ითაა შემცირებული.

ბოლო პერიოდში ბიტკოინისა და სხვა კრიპტოაქტივების გაუფასურება გლობალურ მაკროეკონომიკურ ფაქტორებთან და აშშ-ის საფონდო ბირჟების ზოგად ტენდენციებთანაა დაკავშირებული. გასათვალისწინებელია, რომ დროსთან ერთად სულ უფრო მეტად იზრდება მსგავსება ტექნოლოგიური კომპანიების ინდექსსა (Nasdaq) და ბიტკოინს შორის: Nasdaq-ის აღმასვლის პარალელურად იზრდება ბიტკოინის ფასიც, დაღმასვლისას კი - პირიქით. საგულისხმოა, რომ 6 თვეში Nasdaq-ის ღირებულება, დაახლოებით, 24%-ით შემცირდა, გასულ კვირას კი ინდექსი განსაკუთრებით მკვეთრად დაეცა, რაც, ცხადია, კრიპტობირჟაზეც აისახა.

Nasdaq-ის აღმასვლისა თუ დაღმასვლის ტენდენცია უშუალოდაა დამოკიდებული ამერიკული კომპანიების კვარტალურ შედეგებსა და მაკროეკონომიკურ ფაქტორებზე, რომლებიც ამჟამად უაღრესად არასახარბიელო მდგომარეობაშია: აშშ-ში ინფლაციის დონე 8.5%-იან ნიშნულზეა; მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ქვეყნის ეკონომიკა 1.4%-ით შემცირდა; მკვეთრად გაზრდილი ინფლაციის დასაძლევად კი ფედერალური რეზერვი მონეტარულ პოლიტიკას ამკაცრებს, რაც, თავის მხრივ, ზღუდავს კაპიტალთან წვდომას.

გარდა მაკროეკონომიკური ფაქტორებისა, გაუარესებულია უმსხვილესი ამერიკული კომპანიების ფინანსური შედეგებიც, ტექნოლოგიურმა გიგანტებმაც კი (Apple, Amazon, Google, Microsoft) ვერ შეძლეს ანალიტიკოსთა მოლოდინების გამართლება, რამაც საფონდო ბირჟებზე მათი აქციების მკვეთრი გაუფასურება გამოიწვია.

კრიპტო და ტრადიციულ ბირჟებს შორის მსგავსების ზრდა სულ უფრო მეტად ასუსტებს ბიტკოინის, როგორც ოქროს ციფრული ალტერნატივისა და ინფლაციისგან თავის დაზღვევის საშუალების ნარატივს. სტატისტიკურ მონაცემებზე დაკვირვებით, შეიძლება ითქვას, რომ ბიტკოინი კლასიფიცირებული უნდა იყოს არა ინფლაციის ჰეჯად, არამედ სპეკულაციურ საინვესტიციო აქტივად.

საგულისხმოა, რომ ამჟამად შიშისა და სიხარბის ინდექსი ექსტრემალური შიშის ზონაშია (11/100), რაც იმაზე მიუთითებს, რომ ბაზრის ძირითადი სენტიმენტი დაღმასვლისკენაა მიმართული, მოკლევადიან პერსპექტივაში სამომავლო მოლოდინები კი მაქსიმალურად ნეგატიურია. მდგომარეობა გაცილებით უფრო მძიმეა ალტკოინებისთვის ანუ ბიტკოინისა და ეთერიუმის გარდა არსებული სხვა კრიპტოვალუტებისთვის.

რაც შეეხება გრძელვადიან მოლოდინებს, იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ უკანასკნელ პერიოდში ბიტკოინის, ეთერიუმისა თუ სხვა მსხვილი კრიპტოაქტივების ფუნდამენტური ფაქტორები არსებითად არ გაუარესებულა; მათ მიმართ ინტერესი კი, მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად იზრდება. შეიძლება ვიფიქროთ, რომ გლობალური მაკროეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებისა და ზოგადი საფონდო ბირჟების აღმასვლის ტენდენციის აღდგენის პარალელურად, გაიზრდება კრიპტოვალუტის ბაზრის ხარისებური (აღმასვლის) დინამიკის დაბრუნების შანსები.