მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესი დაცვითი საქმიანობის ახალ კანონს აკრიტიკებს

5d2ef6a8b7df3
ელენე გოგბერაშვილი
17.07.19 14:18
1007
დაცვის პოლიცია კერძო დაცვით კომპანიებს ვეღარ შეამოწმებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალი მარეგულირებელი დოკუმენტი შექმნა. ეს კი მას შემდეგ, რაც კერძო დაცვითი კომპანიების სარჩელის საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ ერთდროულად დაცვითი საქმიანობის განხორციელება და კომპანიების კონტროლი.

შსს-ს ახალი მარეგულირებელი დოკუმენტის შესაქმნელად დრო 30 ივნისს ამოეწურა, თუმცა კანონპროექტი ისე მოამზადეს და წარადგინეს პარლამენტში, რომ როგორც ბიზნესის ნაწილი ამბობს, კერძო დაცვით კომპანიებს დოკუმენტის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღიათ და მეტიც, მათმა ნაწილმა ინფორმაცია ამის შესახებ ჩვენგან შეიტყო.

კანონპროექტის მიხედვით, დაცვის პოლიციის დეპარტამენტს კერძო დაცვითი კომპანიების კონტროლის უფლება აღარ ექნება და მარეგულირებლის ფუნქცია საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრს „112“-ს გადაეცემა. 112 გარდა ბაზრის კონტროლისა, სამინისტროს ნაცვლად კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზიის გაცემასაც უზრუნველყოფს.

ერთ-ერთი მოსარჩელე კერძო დაცვის კომპანია “გიგანტია”, რომლის საფუძველზეც საკონსტიტუციო სასამართლომ დაცვის პოლიციის მარეგულირებლის და დაცვითი საქმიანობის ფუნქციების გამიჯვნის გადაწყვეტილება მიიღო. “გიგანტის” ხელმძღვანელის შეფასებით, წარმოდგენილი პროექტი ძირეულ ცვლილებებს არ ითვალისწინებს, შესაბამისად მარეგულირებლის ფუნქციის ერთი უწყებიდან მეორესთვის გადაცემით, თითქმის არაფერი იცვლება.

„ბნელ სივრცეში რომაა ადამიანი, მზის ამოსვლას ელოდება და ამ დროს სანთელს აუნთებენ, აი, ეს არ არის, მეტი არაფერი. ძირეულად თუ არ შეიცვალა კანონი, განსაკუთრებით საჯარიმო ნაწილი, აზრი არ ექნება აბსოლუტურად არაფერს.

ბიზნესის ეს სფერო ასე ვერ განვითარდება. დაცვის სამსახურების ზეწოლის ბერკეტი გადაეცა ერთი სამსახურიდან მეორეს, რომელიც შედის იგივე შინაგან საქმეთა სამინისტროში და პრაქტიკულად ამით არაფერი არ იცვლება.

არც გამიკვირდება, რომ ის სადამსჯელო ქვედანაყოფი, რომელიც ჰყავდათ დაცვის პოლიციაში, გადაიყვანონ 112-ში და იგივე პიროვნებებმა განახორციელონ მონიტორინგი“-აცხადებს ჯიმშერ პაპაშვილი.
მთავარი შენიშვნა, რაც კერძო დაცვით კომპანიებს აქვთ, საჯარიმო სანქციებს უკავშირდება. როგორც გიგანტის ხელმძღვანელი ამბობს, დაცვის პოლიციის საქმიანობა სადამსჯელო ფუნქციას ატარებდა და შეეძლოთ კომპანიები ელემენტარული ხარვეზის გამო რამდენიმე ათასით დაეჯარიმებინათ.

„ელმენტარულად შეიძლება ხელშეკრულებაში ნებისმიერ წერტილ-მძიმეზე, თუ არ მოეწონათ, 5000-ლარიანი ჯარიმა გამოწერონ. რამდენად ნორმალურია ახლა ეს?
ამ კანონის საშუალებით ნებისმიერ სამსახურს, ნებისმიერ დროს დავხურავ, როცა მექნება სურვილი. ყოველ შემთხვევაში ლიცენზიას გააუქმებ იმ მოთხოვნების თანახმად, რაც ამ კანონში წერია. ახლა ეს ნორმალურია?“-აცხადებს „გიგანტის“ ხელმძღვანელი.

შსს-ში ამბობენ, რომ „დაცვითი საქმიანობის შესახებ“ კანონში და მის თანმდევ კიდევ 8 კანონში ცვლილებები დებულების დონეზე უკვე მიღებულია და გამოქვეყნებულია კიდეც საკანონმდებლო მაცნეში.