BMG-ის ინფორმაციით, სინგაპურული Indorama Corporation-ი „რუსთავის აზოტში“ 200 მლნ დოლარზე მეტის ინვესტირებას გეგმავს.
სააქციო საზოგადოება „რუსთავის აზოტი“, რომელიც კავკასიის რეგიონში მინერალური სასუქებისა და ინდუსტრიული ქიმიკატების ერთ-ერთ ყველაზე მსხვილი საწარმოა, გაიყიდა.
უშუალოდ გარიგების ღირებულება, ჯერჯერობით, უცნობია.
როგორც BMGTV-ის გადაცემა #რედაქტ2-ში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა განაცხადა, Indorama-სთან “რუსთავის აზოტის“ შეძენაზე მოლაპარაკებები 5 წელზე მეტი ხანი მიმდინარეობდა და პროცესში საქართველოს მთავრობა, მათ შორის სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში“ გუნდი აქტიურად იყო ჩართული.
„საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, ეს პროექტი შედგა და აღნიშნული ინვესტიცია ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი იქნება საქართველოში. კორპორაცია მომდევნო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსის ინვესტირებას გეგმავს საწარმოს მოდერნიზების, განვითარებისა და წარმოების გაფართოების მიმართულებით“, - აცხადებს მიხეილ ხიდურელი.
მისივე თქმით, მოლაპარაკების პროცესში ყველაზე მთავარი კითხვა, რაც სინგაპურულ კორპორაციას ჰქონდა, საინვესტიციო გარემოს განჭვრეტადობას და სტაბილურობას შეეხებოდა.
„როდესაც ინვესტორი შემოდის ქვეყანაში კომპანიის საყიდლად, მისთვის პირველი და მთავარი კითხვა არის ის, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს ის გარემო, რაც მას სჭირდება. დაახლოებით, 5 წელზე მეტი ხანი მიმდინარეობდა მოლაპარაკებები და საბოლოოდ, ყველაფერი პოზიტიურად დასრულდა. არ გავაგრძელებ იმაზე საუბარს, რა მნიშვნელობა აქვს ასეთი გიგანტი კორპორაციის შემოსვლას და რაც ყველაზე მთავარია, ეს არ იქნება Indorama-ს ბოლო ინვესტიცია ინვესტიცია საქართველოში“, - აღნიშნა მან.