მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოტანიკური სასმელი „კაი“ ბაზარზე პანდემიის დროს გამოჩნდა - სად იყიდება ახალი პროდუქტი

5fa4fb011419a
ვიქტორია მღებრიშვილი
07.11.20 09:05
5925
კომპანია „ბოტანისტმა“ პანდემიის პერიოდში ქართულ ბაზარზე პირველი ბოტანიკური სასმელი „კაი“ შემოიტანა, რომელიც დღეისთვის უკვე რეგიონებშიც ხელმისაწვდომია.

როგორც კომპანიის დირექტორი გიორგი ჯირკვალიძე BM.GE-სთან საუბრისას განმარტავს, გაზირებული-გამაგრილებელი სასმელის წარმოების პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 10 მლნ დოლარია. მისივე თქმით, საწყის ეტაპზე კომპანია 50 ადამიანს ასაქმებს. წარმოების მოცულობა კი დღე-ღამეში 100 ათასი ბოთლია, თუმცა წარმოების გაზრდასთან ერთად გაიზრდება წარმადობაც და დასაქმებულთა მაჩვენებელიც.

გიორგი ჯირკვალიძე აღნიშნავს, რომ კომპანიის მთავარი მამოძრავებელი ძალა სოციალური პასუხისმგებლობაა, რომელიც ადამიანებზე ზრუნვაში გამოიხატება.

„ბოტანისტი“-ს მთავარი მოწოდებაა - „შეცვალე ქიმია ბოტანიკით“, რადგან გამაგრილებელი სასმელი ქართველი მეცნიერების მიერ ხანგრძლივი შრომის შედეგად შემუშავებული ფორმულის მიხედვითაა შექმნილი და ალპური კავკასიონის 16 ბიო მცენარის ნაყენებისგანაა დამზადებული.

„ეს არის პირველი ქართული ბოტანიკური სასმელი, რომლის შემადგენლობაშიც უნიკალური მცენარეებია, როგორიცაა ასკილი, ალოე, ჯანჯაფილი და ა.შ. ასევე თაფლი, ღვინო, ყურძნის წვენი და ნატურალური არომატიზატორებია გამოყენებული. „კაი“ არის ერთადერთი ჯანსაღი ალტერნატივა გაზირებულ-გამაგრილებელი სასმელების კატეგორიაში. ამ ეტაპზე პროდუქტი ორი სახეობით იწარმოება - კლასიკური და საფერავი, რომელიც საფერავის ყურძნის წვენზე იხარშება“, - აცხადებს გიორგი ჯირკვალიძე.

„კაის“ მწარმოებელი კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ ჯანსაღი გაზირებულ-გამაგრილებელი სასმელის შეძენა დღეს უკვე რეგიონებშიც შეიძლება.

„დღეისთვის აქტიურად ვითვისებ ქსელურ მარკეტებს, როგორიცაა "აგროჰაბი", "ნიკორა", "გუდვილი", "სპარი" და ა.შ. სამი კვირაა, რაც რეგიონების მიმართულებითაც გავაქტიურდით, მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ კარგი შედეგი გვაქვს“, - აღნიშნავს კომპანიის ხელმძღვანელი.

მისივე თქმით, პანდემიის პერიოდში ახალი პროდუქტის ბაზარზე შემოტანა საპასუხისმგებლო იყო და მიიჩნევს, რომ ვინაიდან COVID-19-მა ჯანსაღ პროდუქციაზე მოთხოვნა გაზარდა ბოტანიკური სასმელი „კაი“-ც საჭირო დროს გაჩნდა თაროზე.

„იქიდან გამომდინარე რომ კომპანიის მთავარი მიზანი ჯანსაღი პროდუქტის პოპულარიზაციაა, ვფიქრობ, რომ „კაი“ მომხმარებლის ყურადღებასა და სიყვარულს დაიმსახურებს. ჩვენი მიზანი 2021 წლის ბოლოსთვის, გამაგრილებელ სასმელებში ლოკალური ბაზრის 4%-ის ათვისებაა", - უთხრა BM.GE-ის „ბოტანისტის“ ხელმძღვანელმა.