მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრაიზა, ვოლკერი და გენერალი ჰოჯესი – მსოფლიოში ცნობილი დიპლომატები „კავკასუს ონლაინის“ გამო ხელისუფლებას და კომუნიკაციების კომისიას აკრიტიკებენ

5f45000e17ebc
BM.GE
25.08.20 16:25
1844
კომპანია "NEQSOL ჰოლდინგმა“ 2019 წელს სატელეკომუნიკაციო კომპანია “კავკასუს ონლაინის” 49%-იანი წილი შეისყიდა და მასში $61 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა. სწორედ ამ გარიგებას მოჰყვა საქართველოს კომუნიკაციების კომისიის და მთავრობის მკვეთრი რეაქცია. კომისია მიუთითებდა, რომ გარიგება მათთან არ იყო წინასწარ შეთანხმებული, რასაც “კავკასუსითვის” მკაცრი სანქცია უნდა მოჰყოლოდა. კომისიამ კომპანიისგან გარიგების გაბათილება და სტატუს ქვოს აღდგენა მოითხოვა.

„კავკასუს ონლაინმა“ მოთხოვნის შესრულება შეუძლებლად მიიჩნია და მარეგულირებელმა ორგანომ ის რამდენჯერმე, მათ შორის უკვე 3-ჯერ მაქსიმალური სანქციით, 270 000 ლარით დააჯარიმა.

კომუნიკაციების კომისიამ და მთავრობამ გადაწყვიტეს პრობლემა საკანონმდებლო ცვლილებების გზით მოეგვარებინათ და პარლამენტს ცვლილებების პაკეტი შესთავაზეს. კანონის ცვლილების რეალურ მიზეზად ბევრი ექსპერტი, პოლიტიკოსი და უცხოელი დიპლომატი სწორედ „კავკასუს ონლაინსა“ და კომუნიკაციების კომისიას შორის წარმოქმნილ პრობლემას ასახელებს. ექსპერტები აცხადებენ, რომ კანონი ერთი კომპანიისთვის, „კავკასუს ონლაინისთვის“ შეცვალეს, თუმცა ცვლილებების წინააღმდეგი იყო კომუნიკაციების სფეროში მომუშავე ყველა ქართველი თუ უცხოელი ბიზნესმენი. მიუხედავად ამისა, ხელისუფლებამ ცვლილებები გაიტანა და პარლამენტმა ცხარე დებატების და წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც მიიღო.

პარლამენტმა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში“ ცვლილებები საზაფხულო სესიის მიწურულს, არდადეგებამდე ბოლო კვირაში, დაჩქარებული წესით მიიღო. ერთი კვირის განმავლობაში მოესწრო განხილვა საპარლამენტო კომიტეტებში და 3 მოსმენით კენჭისყრა. რამდენიმე დეპუტატმა ისიც აღნიშნა, რომ ცვლილებებს ისე განიხილავდნენ, ტექსტი დარიგებულიც კი არ იყო.

საქართველოს პარლამენტში მიღებულმა ამ კანონმა, რომელსაც კონსტიტუციონალისტები ბიზნესისთვის დამაზიანებლად და ანტიკონსტიტუციურად მიიჩნევენ, აჟიოტაჟი გამოიწვია საერთაშორისო დონეზე.

კანონში ცვლილებების საეჭვო გარემოებაზე ისაუბრა ამერიკელმა დიპლომატმა კურტ ვოლკერმა:

“შემიძლია გითხრათ, რომ აშკარა იყო, პროცესი ნაჩქარევად წარიმართა, რაზეც არაერთი ფაქტორი, მათ შორის გვიან ღამით გამართული საპარლამენტო განხილვაც მეტყველებს. რაც შეეხება მის უკან მდგარ მოტივაციებს, მათთან მიმართებით მე ვერ ვისაუბრებ. ამასთანავე მინდა ვთქვა, რომ თუ ეს საკანონმდებლო ცვლილება ერთი კონკრეტული კომპანიის წინააღმდეგ არის მიმართული, ესეც საერთაშორისო ინვესტორებისთვის შეშფოთების საგანი შეიძლება გახდეს, რადგან საკითხი მათი ინვესტიციების დაცულობას ეხება. კანონი უკვე მიღებულია, შესაბამისად, ახლა მთავარი კითხვაა ის თუ რა მოხდება მომავალში“.

კანონპროექტის განხილვის დროს პრცედურების პირდაპირ დარღვევაზე საუბრობდა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის წევრი ლევან კობერიძე: „უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს დახურულ ფორმატში შეხვედრები, ჩვენ შედეგებს ვიგებთ მხოლოდ კომიტეტზე, საკმაოდ დიდი პრობლემები იქმნება პროცედურული თვალსაზრისით. ყველა მთავარი პრობლემა არის ის, რომ დეპუტატებს რეალურად არ დაგვირიგდა შეთანხმებული პროექტი. დღეს უკვე სესიაზე გამოდის და მე კომიტეტის წევრს, რომელიც დაინტერესებული ვარ ამ საკითხში დეტალურად გავერკვე, არ მაქვს კომიტეტში გუშინ შეთანხმებული ან ნაწილობრივ შეთანხმებული დოკუმეტი. რა არის საბოლოო შეთანხმება, ეს რეალურად ფურცელზე დატანილი არ არის“ – განაცხადა დეპუტატმა.

კანონის მიღების ასეთი ფორმით და მოსალოდნელი შედეგებით დაინტერესდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე, მეთიუ ბრაიზაც. ის აცხადებს, რომ უცნაურად ეჩვენება ხელისუფლების დამოკიდებულება „კავკასუს ონლაინის“ პროექტის მიმართ და გარემოებები, რომლებიც კანონის ცვლილებების განხილვას ახლდა:

„მოსმენები გვიან ღამით, შუაღამის მერე მიმდინარეობდა, დიდი აჩქარებით. ასეთი სიჩქარე რა საჭიროა, რატომ არ უნდა იყოს ნორმალური განხილვები, რა არის ფარული დღის წესრიგი, რომელიც ამ კანონპროექტის ასე სწრაფად წინ წაწევას იწვევს?

ეს ერთი შეშფოთების საგანია. მეორეა შინაარსობრივი მხარე. გვიან ღამით განხილვებში ვგულისხმობ, თუ არ ვცდები, შაბათ დღეს მოსმენებს პარლამენტის ეკონომიკის კომიტეტში. ამ დღეს ზოგმა ქართულმა ტელეკომუნიკაციის კომპანიამ პროტესტი გამოხატა, თქვეს, რომ ეს კანონპროექტი ეწინააღმდეგება სხვა ქართულ კანონებს, თქვეს ისიც, რომ შეიძლება, საერთოდ, არაკონსტიტუციურიც კი იყოს. სხვათა შორის, საპროტესტო წერილში მათ დაწერეს და თქვეს, რომ ეს კანონპროექტი არ უნდა გავიდეს და ვფიქრობ, მათ შორის დიდი შეშფოთება უკავშირდება იმას, რომ კანონი შეიძლება, გამოყენებული იქნას ინტერნეტ თავისუფლების შესაზღუდად და ყველა ამ კომპანიის ბიზნესების დასაზიანებლად“, – თქვა ბრაიზამ „ინტერპრესისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

“კავკასუს ონლაინის” მთავარ აქტივს 1,200-კილომეტრიანი წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი წარმოადგენს. ეს მაგისტრალი დღეს საქართველოს გლობალურ ინტერნეტთან წვდომისთვის ერთ-ერთი მთავარი არხია და თუ NEQSOL ჰოლდინგს ციფრული აბრეშუმის გზის პროექტის რეალიზების შესაძლებლობა მიეცემა, მაგისტრალი ცენტრალური აზიის რეგიონისთვისაც ინტერნეტის მიღების წყარო გახდება.

თავად NEQSOL-ის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება გარიგების საქმის კურსში იყო და არსებობდა შესაბამისი თანხმობაც იმის თაობაზე, რომ “კავკასუსის” მეწილეთა რიგებში ცვლილება განხორციელებულიყო. „ხაზს გავუსვამ იმას, რომ ამ გარიგების დადებამდე, ისეთი დიდი ჰოლდინგი, როგორიც “ნექსოლია”, აუცილებლად განიხილავდა ამ გარიგებასთან დაკავშირებულ შესაძლო რისკებს. გვჯერა, რომ საქართველოს იმდროინდელი მთავრობა საქმის კურსში იყო ჩვენს გეგმებთან დაკავშირებით, მათ შორის წილების გასხვისებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ჩვენთვის სიურპრიზი იყო, როდესაც ვიხილეთ კომუნიკაციების კომისიის ასეთი მკვეთრი პასუხი. რადგან კომისიის უკანასკნელი გადაწყვეტილებები განსაკუთრებით მტრულად განწყობილი იყო“, – აცხადებს „ბიემჯისთან“ ინტერვიუში აზერბაიჯანული კომპანიის სტრატეგიული განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი თემურ თაგიევი.

ამავეს ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე მეთიუ ბრაიზა.

მისი თქმით, გამყიდველი და მყიდველი შეხვდნენ საქართველოს კომუნიკაციების კომისიის ხელმძღვანელს და შეატყობინეს, რომ ეს შეთანხმება მალე შედგებოდა. ბრაიზა იმასაც ადასტურებს, რომ საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირებიც, მაშინდელი პრემიერის, მამუკა ბახტაძის ჩათვლით, ინფორმირებულები იყვნენ: “საქმე იმასთან გვაქვს, რომ კომისია ამბობს: „იცით, თქვენ ჩვენი ინფორმირება სიტყვიერად მოახდინეთ, მაგრამ ეს წერილობით უნდა გააკეთოთ“. სხვათა შორის, ასეთი დავები სხვა ტრანზაქციების შესახებაც იყო, მათ შორის, აქტივების გაყიდვასთან დაკავშირებით და ყველა შემთხვევაში კომუნიკაციების კომისია ამბობდა: „კარგი, კარგი, გვესმის. კარგი იქნებოდა, რომ ეს ჩვენთვის წერილობით ან რაიმე სხვა ფორმით შეგეტყობინებინათ, თქვენ ამბობთ, რომ სიტყვიერად შეგვატყობინეთ, თუმცა ამაზე არ იდარდოთ, შეთანხმებას დავუშვებთ“. თუმცა, ეს ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც კომისიამ თქვა, რომ არა, ამ გარიგებას გავაუქმებთო. ეს ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც უცხოური კომპანიაა ჩართული და ეს კომპანია აზერბაიჯანულია.

კავკასიაში ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩემთვის დაუჯერებლად მნიშვნელოვანია, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ერთმანეთთან კარგად იყვნენ, ენერგიის სექტორიდან დაწყებული. აზერბაიჯანს სჭირდება საქართველო ევროპასთან დასაკავშირებლად, საქართველოს კი აზერბაიჯანის ინვესტიციები და ენერგია სჭირდება, რათა ეკონომიკა წავიდეს წინ. შესაბამისად, მთელი ეს სიტუაცია ჩემთვის ძალიან უცნაურია და ისევ, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის მცდელობას უკავშირდება“, – აცხადებს მეთიუ ბრაიზა.

ინტერვიუ კურტ ვოლკერთან, რომელიც პირდაპირ აცხადებს, რომ კანონში შესული ცვლილებები საქართველოს ბიზნესკლიმატზე ნეგატიურად აისახება, ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილმა ხელმძღვანელმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა Twitter-ზე გააზიარა.

გენერალი ბენ ჰოჯესი მოუწოდებს კომუნიკაციების სფეროს მარეგულირებელს, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილება და გაითვალისწინოს რუსეთის ფაქტორი: “სამწუხაროა იმის ხილვა, რომ საქართველოს მთავრობა ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ახალ ციფრულ მაგისტრალთან დაკავშირებით უშვებს იმავე შეცდომებს, რომლებიც ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით იყო დაშვებული. მოვუწოდებ საქართველოს კომინიკაციების ეროვნულ კომისიას პრიორიტეტად აქციოს ის, რაც საქართველოსთვის არის უკეთესი და პატივი სცეს ქვეყნის ციფრულ დამოუკიდებლობას რუსეთისგან”, – წერს გენერალი ბენ ჰოჯესი Twitter-ის საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ NEQSOL-სა და სახელმწიფოს შორის დავა ამ დრომდე გრძელდება, კომპანია საკუთარი უფლებების დასაცავად საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოსთვის მიმართვას არ გამორიცხავს. „კავკასუს ონლაინი“ აპირებს საკანონმდებლო ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები