მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Businessinsider: ხმაურის ეფექტი ქვეყნის ეკონომიკაზე

5dc98c31ca5c5
მარიამ ადამია
11.11.19 21:19
911
ხმაური - ეს ისეთივე გლობალური პრობლემაა, როგორიც მაგალითად, ჰაერის დაბინძურება და გამონაბოლქვი. ორივე პრობლემის შედეგი კი არის ის, რომ ადამიანები ავადდებიან, განიცდიან სტრესს და კარგავენ სრულფასოვანი ცხოვრების უნარს. გარდა ამისა, როგორც აღმოჩნდა, ხმაური სერიოზულ ზიანს აყენებს ქვეყნის ეკონომიკასაც.

მაგალითად, საფრანგეთის ეკონომიკას, ქვეყანაში არსებული ხმაური 57 მილიარდი ევრო უჯდება წლიურად. 40 მილიარდი ევროს ზარალზეა საუბარი მთლიანად ევროკავშირის ქვეყნებში, ხოლო იმავე პერიოდში დასავლეთ ევროპის მაცხოვრებლები მილიონი წლის სრულფასოვან ცხოვრებას კარგავენ. და ამ ყველაფერს არც მეტი, არც ნაკლები, ხმაური იწვევს.

ეკონომიკური ზიანი ექვს კატეგორიად განიხილება: ტრანსპორტის ხმაურის გავლენა ჯანმრთელობაზე, ტრანსპორტის ხმაურით გამოწვეული არაპირდაპირი დაზიანება, მაგალითად, მისი გავლენა უძრავი ქონების ფასებზე, სმენის დაქვეითება სამუშაო ადგილზე ხმაურის გამო, ამავე მიზეზით პროდუქტიულობის შემცირება, ხმაურის უარყოფითი გავლენა აკადემიურ მოსწრებაზე და აგრეთვე ხმაურის საერთო უარყოფითი გავლენა.

თუ როგორ აზიანებს ხმაური ადამიანს, ეს ნიუ-იორკის, 98-ე სკოლის მაგალითზე ყველაზე ნათლად ჩანს, სადაც მეოცე საუკუნის 70-იან წლებში, ახალი საქალაქო სარკინიგზო ხაზის დამატების შედეგად გამოწვეული ხმაური, ბავშვებს განათლების მიღებაში ხელს უშლიდა, განსაკუთრებულ ზეგავლენას კი ისინი გრძნობდნენ, რომლებიც საკლასო ოთახებში, ფანჯრის მხარეს ისხდნენ. შედეგად ეს მოსწავლეები 11 აკადემიური თვით ჩამორჩნენ თავიანთ თანატოლებს. მთავრობამ მოგვიანებით, ლიანდაგებს შორის რეზინის მასალა დაამონტაჟებინა და პრობლემა ამით მოაგვარა.

ხმაურის პრობლემას ებრძვიან დიდ ბრიტანეთშიც, სადაც ამავე მიზეზით ქვეყნის ეკონომიკა ყოველწლიურად 7-10 მილიარდი ფუნტი სტერლინგით ზარალდება. ბრიტანელი ექსპერტები, ცდილობენ ამ პრობლემასთან გამკლავებას, თუმცა ხმაურის შემცირებას მაინც ვერ ახერხებენ.

სტამბოლში კი, ხმაურის გამომწვევ სხვა მიზეზებს, მოსახლეობასთან ძალიან ახლოს მდებარე აეროპორტის და განუზობელი რაოდენობის თვითმფრინავების ხმაც ემატება. ამიტომაც ხმაურის პრობლემა და მისგან გამოწვეული ზარალი, ეკონომიკური თუ ჯანმრთელობის მიმართულებით, აქაც გარდაუვალია.

და ბოლოს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, ხმაურიან ქვეყნად იაპონიაც დაასახელა. მიზეზად ცხადია, მრავალრიცხოვნობაც სახელდება. ამას ემატება მშენებლობისა და ტრანსპორტის ხმაური, რაც ჯამში 52-დან 69 დეციბელამდე აღწევს. ეს კი მოსახლეობის 50%-ს დისკომფორტს უქმნის და საზიანოა მათი ჯანმრთელობისთვის.