30.სექტემბერი .2021 16:10

ჭიათურაში საბაგიროს აღდგენის პროექტი დაიწყო

ჭიათურაში საბაგიროს აღდგენის პროექტი დაიწყო
views 280
უკან

ჭიათურაში სახალხო-სამგზავრო ტრანსპორტის - საბაგიროს აღდგენის მასშტაბური პროექტი დაიწყო. კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე აქტიურად მუშაობენ სადგურების განახლებაზე.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში მთლიანად გამოიცვლება ბაგირები, მართვის სისტემა და სრულად განახლდება ისტორიული, უნიკალური სამგზავრო გონდოლები. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი შენარჩუნებული იქნება, როგორც მთავარი სადგურის, ასევე გონდოლების პირვანდელი იერსახე.

სახალხო - სამგზავრო საბაგიროს და სადგურს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, ამიტომ სამუშაო განსაკუთრებული სიფრთხილით, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით ტარდება.

„ორგონდოლიანი საშევარდნოს ხაზი ორივე მიმართულებით 14 მგზავრისთვისაა გათვალისწინებული. ხაზის სიგრძე 250 მეტრია, სადგურებს შორის სიმაღლე 186 მეტრი, დახრის კუთხე 48 გრადუსი, მოძრაობის ხანგრძლივობა 1, 7 წთ, სიჩქარე კი 2, 8 მეტრი წამში.

საბაგირო ხაზის, გონდოლების და სადგურის აღდგენას უზრუნველყოფს კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად. საბაგირო დაახლოებით ორი წელია არ ფუნქციონირებს, რადგან სამგზავრო ხაზი, ისევე, როგორც გონდოლები, მთლიანად ამორტიზებული იყო. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ კი მგზავრობა სრულად უსაფრთხო გახდება, რაც ქალაქს ახალ სიცოცხლეს შესძენს“, - ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, ჭიათურაში პირველი სამგზავრო კიდული ბაგირგზა „ჭიათურა -პერევისა“, ე.წ. 25-ის გზა 1954 წელს, გამოჩენილი ინჟინერ-კონსტრუქტორის, გიორგი ფანცულაიას ხელმძღვანელობით აშენდა.

1966 წელს კი კვლავ გიორგი ფანცულაიას ხელმძღვანელობით გაკეთდა უნიკალური სახალხო - სამგზავრო ბაგირგზა ნინოშვილის ქუჩიდან საშევარდნოზე.

„ეს საბაგირო ხაზი ჭიათურის სავიზიტო ბარათია, რომელიც განსაკუთრებულ ინტერსს იწვევს ტურისტებში. შესაბამისად, პროექტის დასრულების შემდეგ ქალაქში გაიზრდება სტუმართა რიცხვი, რაც თავის მხრივ, დადებით გავლენას მოახდენს ჭიათურის, როგორც ტურისტული ცენტრის განვითარებაზე“, - ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში.
(NS)

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა