მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ციფრული ეკონომიკა სიღარიბის და უთანასწორობის წინააღმდეგ" - რატი აბულაძე

5d53fe5ea8c7f
BM.GE
14.08.19 23:00
3880
„საჭიროა, შეიქმნას სახელმწიფოს პოლიტიკურ ინტერესებთან დაკავშირებული გლობალური კომპანიები“ - ასე ჰქვია ეკონომიკის დოქტორ რატი აბულაძის მიერ მომზადებულ მასალას, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ.

საქართველოში ელექტრონული მთავრობის სისტემა კარგადაა განვითარებული შედარებით ციფრული ეკონომიკის მიმართულებებთან.

აღსანიშნია, რომ საქართველოს გააჩნია მნიშვნელოვანი ციფრული ეკონომიკური რესურსი, განვითარებული ელექტრონული სერვისები და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა. თუმცა, არ ფლობს ციფრულ ეკონომიკურ პოლიტიკას და ეფექტიან სტრატეგიას. ციფრული ეკონომიკური პოლიტიკის ფარგლებში ძირითად გამოწვევად რჩება:

 ელექტრონული მმართველობის სტანდარტები, ნორმატიულ სამართლებრივი ბაზა, ციფრული სტრატეგია და პოლიტიკა;
 ინდუსტრიის აპარატული და პროგრამული პროდუქტების განვითარების ხელშემწყობი პროგრამები;
 სოციალურ-ეკონომიკური აქტივიზაცია, რომელიც სტიმულირებულია ბლოკჩეინით, ქლოუდკომპიუტინგით, მობილური, სოციალური და სენსორული ქსელებით.
ფაქტოლოგია ადასტურებს, რომ საქართველოს ციფრული გარემო სიცოცხლისუნარიანი და დიდი პოტენციალის მქონეა. თუმცა, მმართველობითი აქტივობის ტემპის, პროგრამების დეფიციტისა და პრაქტიკული მიდგომების ნაკლებობის გამო, ქვეყანაში მცირეა ციფრული ეკონომიკური დოვლათი.
ხაზგასასმელია, რომ ქვეყანაში ციფრული გარემოს აქტივიზაციისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ ფულის გამოყოფა. ასევე, მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოდგენს პროგრამების ინიცირება, რესურსები და მართვის კომპონენტი.

შესაბამისად, არსებული მოცემულობის გამო, საქართველოს მთავრობამ ყურადღება უნდა გაამახვილოს შემდეგ ძირითად მიმართულებებზე:

1. საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს ქვეყნის ციფროვიზაციისკენ;
2. მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს ციფრული გარემოს აუთვისებელ მიმართულებებზე, „ციფრულ მიწებსა“ და საექსპორტო ციფრულ პროდუქტებზე;
3. უნდა გააქტიურდეს ციფრული ეკონომიკური დიპლომატია და დიპლომატიური პლატფორმით გააქტიურებული ციფრული ეკონომიკური ურთიერთობები;
4. ქართულ ციფრულ ბაზარზე, ღონისძიებები უნდა განხორციელდეს კაპიტალის შემოსვლისა და გლობალური ციფრული კომპანიების საინვესტიციო ინტერესების ზრდის მიმართულებით (რობოტექნიკის, ხელოვნური ინტელექტის და სხვა სფეროების განვითარების მიმართულებით);
5. ტექნოლოგიური დომინატობის ფარგლებში, საჭიროა შეიქმნას პროგრამები (ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფილი), რომელიც ხელს შეუწყობს მოქმედ ქართულ კომპანიებს, რომ მათ შეძლონ არსებული (რასაც აწარმოებენ) პროდუქტების ციფროვიზაცია - ინტერნეტიზებული პროდუქტების გამოშვება;
6. საქართველოს პოლიტიკური ინტერესებით, გლობალურ ბაზარზე უნდა ჩამოყალიბდეს სტრატეგიული ბიზნეს აქტივობისა და კონკურენტუნარიანობის მქონე ქართული კომპანიები;
7. აქცენტები უნდა გამახვილდეს სახელმწიფო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების რესურსზე. პრობლემების დაძლევის მიზნით საჭიროა შეიქმნას „ელექტრონული მმართველობის სახელმწიფო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი“, სახელმწიფო პრობლემების შესწავლისა და სამთავრობო პროგრამების შემუშავების მიზნით. ინსტიტუტის შექმნა გადაჭრის ე-მართველობის სფეროს პოტენციალის წარმოჩენის საკითხს, კონსულტაციებითა და რეკომენდაციებით ხელს შეუწყობს მართვის პროცესს, წარმოადგენს პრობლემების გადაჭრის პრაქტიკულ მიდგომებსა და ციფრული ეკონომიკური განვითარების მიზნობრივ პროგრამებს;
8. სახელმწიფო უწყებებმა პროგრამების შექმნის კომპონენტი სახელმწიფო კვლევით ინსტიტუტებს უნდა დაუთმოს, სწავლების კომპონენტი - სასწავლო დაწესებულებებს, ინფორმირების კომპონენტი - არასამთავრობო ორგანიზაციებს, ხოლო ციფრული გარემოს მართვის პროცესი ერთმა სახელმწიფო უწყებებამ უნდა იტვირთოს;
9. თითოეული ოჯახის (სეგმენტის) სოციალურ-ეკონომიკური აქტივიზაციის მიზნით საჭიროა ამოქმედდეს ინდივიდუალური პროგრამები; დაიწყოს სოფლების ციფრული ეკონომიკური განვითარება. სოფლის გამგებლების დონეზე განისაზღვროს ეკონომიკური განვითარების პასუხიმგებლობა (რწმუნებულს, მერს, გამგებელს განესაზღვროს პროგრამების ინიცირება და შესრულება);
10. ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების პირობებში, ქვეყანა სტრატეგიულ მომზადებას საჭიროებს: გეგმებით, პროგრამებით, რესურსებით, სავაჭრო-ეკონომიკური მიდგომებითა და სტრატეგიული ბიზნეს აქტივობების შექმნით;

დასკვნის სახით აღვნიშნავ, რომ ქვეყანა საჭიროებს ციფრული გარემოსა და ციფრული ეკონომიკის განვითარებას. განვითარების ფორმატში წარმოვადგენ სლოგანს „ციფრული ეკონომიკა სიღარიბისა და უთანასწორობის წინააღმდეგ“, რომლის რეალიზების საფუძველია სახელმწიფო პროგრამები, ციფრული პროექტები, მართველობითი აქტივიზაცია და საზოგადეობაში გატარებული პრაქტიკული ღონისძიებები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები