მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ციფრული სამედიცინო ისტორია medik - რას სთავაზობს ახალი აპლიკაცია მომხმარებელს

61792041cfc04
ვიქტორია მღებრიშვილი
27.10.21 15:01
1386
medik - სამედიცინო სერვისების მიღების ახალი აპლიკაციაა, რომელიც 2021 წლის სექტემბრიდან ამოქმედდა და სამედიცინო მომსახურების მიმღებ პირებს ციფრული სამედიცინო ისტორიის ერთ სივრცეში თავმოყრას სთავაზობს.

BM.GE-სთან საუბარისას იდეისა და პროექტის ავტორი ლაშა მურჯიკნელი, რომელიც პროფესიით ფინანსისტია აღნიშნავს, რომ ამოქმედებიდან დღემდე medik-ის აპლიკაცია რამდენიმე ათასმა ადამიანმა ჩამოტვირთა, ხოლო მისი მეშვეობის ციფრული გზით, ანალიზების პასუხი და დანიშნულება 1000-მდე ადამიანმა უკვე მიიღო. აღსანიშნია, რომ აპლიკაციის გამოყენება ამ ეტაპზე მხოლოდ ჩაჩავას კლინიკის პაციენტებს შეუძლიათ, 29 ოქტომბრიდან კი აპლიკაცია „ავერსის“ მომხმარებლისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება.

სამედიცინო ისტორიის გაციფრულების იდეა ლაშა მურჯიკნელს რამდენიმე წლის წინ გაუჩნდა. მისი თქმით, დარგში არსებული ძველი მიდგომების გამოწვევა, რაც გაუთავებელი ანალიზებისა და კვლევების შედეგების ქაღალდების ძიებას, გაურკვეველი ხელით გაწერილი დანიშნულების გარჩევას გულისხმობს, ამ აპლიკაციის საშუალებით დაიძლევა და მომხმარებელი ინოვაციური არხების საშუალებით სამედიცინო მომსახურებას ციფრული არხების მეშვეობით მიიღებენ.



„დედა ექიმი მყავს და ყოველთვის ვხედავდი საბუთების შევსება, რომ უწევდა. ამასთან გაურკვეველი ხელწერის დანიშნულებები, დაკარგული ანალიზის პასუხები და ექიმთან ვიზიტის შემდეგ მუდმივი ქაღალდების ძებნა ყველასთვის ნაცნობ პრობლემაა, ამიტომ დღეს ვთვლი, რომ სამედიცინო სფეროში სერვისების გაციფრულება, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და პროცესების გამარტივება ძალიან მნიშვნელოვანია.

კოვიდ-პანდემიამ ინოვაციების პროცესები ქვეყანასა და ზოგადად მსოფლიოში დააჩქარა. ჩვენ კი პროექტზე მუშაობა შესაბამისი ანალიზის შემდეგ 2020 წლის თებერვალში დავიწყეთ და მაისში საქართველოში მოქმედ თითქმის ყველა წამყვან საავადმყოფოს დავუკავშირდით. 2020 წლის მაისში კი „ავერსთან“ თანამშრომლობა დავიწყეთ“ - იხსენებს ლაშა მურჯიკნელი.

მნიშვნელოვანია, რომ პროექტზე მუშაობა ავტორმა საკუთარი რესურსით დაიწყო და სატესტო ვერსიის ჩაშვებისთვის ინვესტიციები ადგილობრივი ინვესტორებიდან მოიზიდა. ჯამში აპლიკაციის პროექტის შემუშავებისა და ამოქმედების ღირებულებამ 60 000 დოლარი შეადგინა. medik-ის შექმნაზე კი დაახლოებით 5 კაციანი ჯგუფი მუშაობდა. როგორც პროექტის იდეის ავტორი აღნიშნავს, პარტნიორი კომპანიებისა და მომხმარებლების ზრდასთან ერთად აპლიკაციის განვითარებისა და სრულყოფის პროცესში, დასაქმებულთა რაოდენობა გაიზრდება.

medik-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ მათი მიზანი სამედიცინო პროცესის სრული ციკლის აპლიკაციაში ინტეგრირებაა, რაც ვიზიტის დისტანციურად დაჯავშნას, ანალიზების და კვლევების პასუხების, დანიშნულების ციფრული ვერსიის მიღებას და მკურნალობის დასრულებას მოიცავს.

„კონსულტაციები თითქმის ყველა სამედიცინო დაწესებულებასთან მიმდინარეობს და ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელი მიიღებს სწრაფ, მარტივ და დაცულ წვდომას სამედიცინო ჩანაწერებზე და სამედიცინო სფეროსთან დაკავშირებული ხალხის ფრაგმენტული მოგზაურობისგან თავის არიდება მოხდება“, - განმარტავს ლაშა მურჯიკნელი.

აღსანიშნია, რომ დღეს medik-ის გუნდი აპლიკაციაში პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, კოვიდ-სტატუსის განსაზღვრის მოდულის დამატებასაც გეგმავს. ლაშა მურჯიკნელი აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის მუშაობა დიზაინზე მიმდინარეობს და დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში აპლიკაციის მომხმარებელი თავისი კოვიდ-სტატუსის ნახვას შეძლებს. შედეგად medik-ის აპლიკაციის მომხმარებელს დღეს ე.წ. მწვანე ბარათის შემოწმებისა და გამოყენების საშუალება საკუთარი სმარტფონის საშუალებით ექნებათ.