28.აგვისტო .2020 15:42

ცნობილია წესები, რომლითაც მთავრობა დეველოპერებისგან 100 მილიონის ბინებს იყიდის

ცნობილია წესები, რომლითაც მთავრობა დეველოპერებისგან 100 მილიონის ბინებს იყიდის
views 1389
უკან

საქართველოს მთავრობა სამშენებლო სექტორის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ვალდებულებას იღებს “დააზღვიოს” 100 მილიონი ლარის ღირებულების სამშენებლო ფონდი. ამ პროგრამის ფარგლებში დეველოპერები მთავრობას შესაბამისი კრიტერიუმების დაცვით, წარუდგენენ ცალკეულ სამშენებლო პროექტებს (მრავალბინიან კორპუსებს), რის შემდეგად, მთავრობა “დააზღვევს” მიმდინარე მშენებლობას, დაზღვევას კი, ექნება გარანტიის სახე. ამ გარანტიის პირობებში მთავრობა თითოეული კორპუსის მაქსიმუმ 30%-ის ფართობის ბინებს შეიძენს. ჯამურად, გაცემული გარანტიების მოცულობა 100 მილიონი ლარი იქნება. სახელმწიფო შემდგომ ამ ბინებს დევნილ ოჯახებს გადასცემს. 

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უკვე გამოაცხადა კონკურსი, რომელშიც მონაწილეობის მიღება დეველოპერულ კომპანიებს 2020 წლის 11 სექტემბრამდე შეეძლებათ. პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოს მიერ კონკურსში გამარჯვებულ მენაშენეებთან დაიდება გაყიდვის ოფციის ხელშეკრულება მათ მიერ აშენებულ მრავალბინიან სახლ(ებ)ში არსებული საცხოვრებელი ფართების გამოსყიდვასთან დაკავშირებით.

ამასთან განსაზღვრულია, რომ იმისთვის, რათა კომპანიას პროგრამაში შეეძლოს მონაწილეობის მიღება, მის მიერ შეთავაზებულ უძრავ ქონებაში ერთი კვადრატული მეტრის ღირებულება 1700 ლარს (დაახლოებით $555 დოლარს) არ უნდა აღემატებოდეს.

დეტალური მოთხოვნები, რომელთა დაკმაყოფილებაც დეველოპერულ კომპანიებს ესაჭიროებათ კონკურსში მონაწილეობისთვის:

2. საკონკურსო პირობები:

2.1. საკონკურსო ბიუჯეტი შეადგენს 100 მილიონ ლარს.
2.2. საკონკურსო წინადადებაში წარმოდგენილი საცხოვრებელი ფართ(ებ)ი შესაძლებელია მდებარეობდეს საქართველოს ნებისმიერი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში.

2.3. კონკურსის მონაწილის მიერ საკონკურსო წინადადებით შეთავაზებული 1 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართის შემოთავაზებული ნასყიდობის ფასი (შემდგომში - შეთავაზებული ფასი) არ უნდა აღემატებოდეს:

თბილისი - 1700 (ათას შვიდასი) ლარი;
ბათუმი - 1530 (ათას ხუთას ოცდაათი) ლარი;
ქუთაისი - 1445 (ათას ოთხას ორმოცდახუთი) ლარი;
რუსთავი - 1360 (ათას სამას სამოცი) ლარი;
ზუგდიდი - 1326 (ათას სამას ოცდაექვსი) ლარი;
სხვა - 1360 (ათას სამას სამოცი) ლარი.

შენიშვნა: საკონკურსო წინადადებების შესწავლისას სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მიხედვით შეთავაზებული ფასის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებს შორის შედარებადობის უზრუნველყოფის მიზნით, კომისია, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელოს სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით.

2.4. კონკურსში გამარჯვებულთან გაყიდვის ოფციის ხელშეკრულება დაიდება საცხოვრებელ ფართზე, რომლის ფართობი არ აღემატება კონკურსის ეტაპზე წარმოდგენილი სამშენებლო დოკუმენტაციით გათვალისწინებული თითოეული მრავალბინიანი სახლის მთლიანი საცხოვრებელი ფართის 30%-ს.

2.5. საკონკურსო წინადადებების შესწავლის შედეგად, კომისია უფლებამოსილია, ელექტრონული ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნის გზით მოსთხოვოს მენაშენეს საკონკურსო წინადადების/დოკუმენტაციის დაზუსტება, რაც მენაშენემ უნდა განახორციელოს კომისიის მიერ ელექტრონულ მისამართზე შესაბამისი შეტყობინების გაგზავნიდან 20 (ოცი) სამუშაო დღის ვადაში, რაც არ აჩერებს საკონკურსო განაცხადების განხილვის ვადას. ამ პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, კომისიის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის სააგენტოში წარმოუდგენლობის შემთხვევაში, მენაშენის საკონკურსო წინადადება ეთიშება კონკურსს.

2.6. კომისია, გამარჯვებულის გამოვლენის მიზნით გადაწყვეტილების მიღებისათვის არსებით პირობად მიიჩნევს ყველაზე დაბალ შეთავაზებულ ფასს. საკონკურსო ბიუჯეტის ფარგლებში კონკურსში გამარჯვებულად შეიძლება გამოცხადდეს ყველაზე დაბალი შეთავაზებული ფასის ავტორი რამდენიმე მონაწილე (რიგითობის მიხედვით).
2.7. კომისიის გადაწყვეტილება ცხადდება სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის (www.nasp.gov.ge)
საშუალებით.
2.8. კონკურსში გამარჯვებულის თაობაზე კომისიის გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან 15 (თხუთმეტი)
კალენდარული დღის ვადაში, კონკურსში გამარჯვებულ მენაშენესა და სააგენტოს შორის ფორმდება

საცხოვრებელი ფართების გაყიდვის ოფციის ხელშეკრულება. ამ ვადაში კონკურსში გამარჯვებულის მიერ გაყიდვის ოფციის ხელშეკრულების არ გაფორმება მიიჩნევა ხელშეკრულების გაფორმებაზე უარად და მენაშენე კარგავს კონკურსში გამარჯვებულის სტატუსს.

2.9. კონკურსში გამარჯვებულმა პირმა, სააგენტოსთან გაყიდვის ოფციის ხელშეკრულების დადებიდან 3 თვის ვადაში კომისიას უნდა წარუდგინოს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული აუდიტორული ფირმის მიერ გაცემული დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ კონკურსში გამარჯვებულ მენაშენეს გააჩნია:

1. მშენებლობის პროექტი, რომელზეც მოპოვებულია მშენებლობის ნებართვა;
2. განსახორციელებლად საჭირო ფინანსური რესურსების 90%-ზე ხელმისაწვდომობა.
წინააღმდეგ შემთხვევაში, სააგენტოსა და კონკურსში გამარჯვებულს შორის დადებული გაყიდვის ოფციის ხელშეკრულება ავტომატურად კარგავს ძალას, ხოლო კონკურსში გამარჯვებული მენაშენე - კონკურსში გამარჯვებულის სტატუსს.

2.10. თუ კონკურსში გამარჯვებულმა დაკარგა კონკურსში გამარჯვებულის სტატუსი, კომისია იმსჯელებს შემდგომი ყველაზე დაბალი საკონკურსო წინადადების წარმომდგენი კონკურსანტის გამოვლენაზე შემდეგი წესით:
ა) თუ არსებობს შემდგომი ყველაზე დაბალი საკონკურსო წინადადების წარმომდგენი მხოლოდ ერთი კონკურსანტი, მას ეგზავნება შეტყობინება კონკურსში გამარჯვების თაობაზე და მოწვევა გაყიდვის ოფციის ხელშეკრულების გასაფორმებლად;
ბ) თუ არსებობს შემდგომი ყველაზე დაბალი საკონკურსო წინადადების წარმომდგენი რამდენიმე კონკურსანტი, მათ მიეცემათ წინადადება ხელახლა წარმოადგინონ საკონკურსო წინადადებები, მათგან ყველაზე დაბალი შეთავაზებული ფასის წარმდგენი კონკურსანტის გამოვლენის მიზნით ამავე პროგრამით განსაზღვრულ ვადებში.

3. საკონკურსო წინადადება

3.1. კონკურსის მონაწილე, საკონკურსო წინადადების შეტანით, ამავდროულად ადასტურებს თანხმობას კონკურსის პირობებზე.
3.2. საკონკურსო განაცხადში მითითებული უნდა იყოს კონკურსში მონაწილის ელექტრონული ფოსტის მისამართი. საკონკურსო განაცხადი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას/დოკუმენტაციას:

3.2.1. საცხოვრებელი ფართების 1 კვადრატული მეტრის შეთავაზებული ფასი;
3.2.2. ინფორმაცია შემოთავაზებული საცხოვრებელი ფართ(ებ)ის შესახებ.
3.2.2. კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის:

ა) წესდების სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
ბ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
გ) უფლებამოსილი ორგანოს ან პირის გადაწყვეტილება კონკურსში მონაწილეობის თანხმობის თაობაზე;
დ) ცნობა სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის რეორგანიზაცია/ლიკვიდაცია;
ე) ცნობა სასამართლოდან, რომ იურიდიული პირის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
ვ) ცნობა სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ;
ზ) ცნობა მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის არარსებობის თაობაზე;
თ) ცნობა სახელმწიფოს მიმართ საგადასახადო დავალიანების არარსებობის შესახებ.

3.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლით გათვალისწინებული ამხანაგობებისათვის: ა) ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;

ბ) ხელშეკრულებით უფლებამოსილი ორგანოს ან პირის გადაწყვეტილება კონკურსში მონაწილეობის თანხმობის თაობაზე;
გ) ცნობა სსიპ - შემოსავლების სამსახურიდან ამხანაგობის რეგისტრაციისა და მის რეორგანიზაციაზე/ლიკვიდაციაზე საქმის წარმოების არ მიმდინარეობის თაობაზე;
დ) ცნობა სასამართლოდან, რომ ამხანაგობის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
ე) ცნობა სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ამხანაგობის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ;
ვ) ცნობა მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის არარსებობის თაობაზე;
ზ) ცნობა სახელმწიფოს მიმართ საგადასახადო დავალიანების არარსებობის შესახებ.


3.4. კონკურსში მონაწილეობისათვის მენაშენეების მიერ წარსადგენი დამატებითი დოკუმენტაცია:
ა) მოქმედი მშენებლობის ნებართვის ასლი და სამშენებლო დოკუმენტაცია, მათ შორის, უძრავ ქონებაზე მენაშენის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) მშენებლობის არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა (ბეჭდვითი და ელექტრონული ფორმით ჩაწერილი CD დისკზე);
გ) მშენებლობის დასასრულებლად აუცილებელი, დარჩენილი სამუშაოების ჩამონათვალი და ამ სამუშაოთა შესრულების მშენებლობის ნებართვით განსაზღვრული ვადები;
დ) სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული საექსპერტო დასკვნა მიმდინარე ან დასრულებული მშენებლობის კონსტრუქციული მდგრადობისა და მშენებლობის პროექტთან შესაბამისობის შესახებ.

4. გაყიდვის ოფციის ხელშეკრულების პირობები:

4.1. გაყიდვის ოფციის ხელშეკრულებით სააგენტო ვალდებული იქნება, გააფორმოს კონკურსში გამარჯვებულთან საცხოვრებელი ფართების ნასყიდობის ხელშეკრულება შემდეგი წინაპირობების არსებობისას:

ა) კონკურსში გამარჯვებულმა სააგენტოს გაყიდვის ოფციის უფლების გამოყენების შესახებ შეტყობინება უნდა წარუდგინოს არაუგვიანეს გაყიდვის ოფციის ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 წლის ვადაში;
ბ) გაყიდვის ოფციის უფლების გამოყენების შესახებ შეტყობინების წარდგენის მომენტისათვის გასხვისებული უნდა იყოს სამშენებლო დოკუმენტაციით გათვალისწინებული მრავალბინიანი სახლის საცხოვრებელი ფართების არანაკლებ 20%;
გ) საცხოვრებელი ფართი შესყიდვის დროისათვის უნდა იყოს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო მენაშენის საკუთრება, რაც უნდა დადასტურდეს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან შესაბამისი ამონაწერით და საცხოვრებელ ფართსა და/ან მის შესაბამის წილობრივ მიწის ნაკვეთზე არ უნდა მიმდინარეობდეს სასამართლო დავა.

შენიშვნა: საცხოვრებელი ფართის ნივთობრივ და უფლებრივ ნაკლში არ ჩაითვლება კრედიტის გამცემი ფინანსური ინსტიტუტის იპოთეკის უფლება საცხოვრებელ ფართზე, თუკი მენაშენე წარადგენს ფინანსური ინსტიტუტის მიერ წერილობით გაცემულ თანხმობას, ნასყიდობის ღირებულების ფინანსური ინსტიტუტის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის შემთხვევაში, არაუმეტეს 5 სამუშაო დღის განმავლობაში, საცხოვრებელ ფართზე იპოთეკის მოხსნის შესახებ;

დ) მრავალბინიანი სახლი უნდა იყოს ექსპლუატაციაში მიღებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ე) კონკურსში გამარჯვებულის მიერ სააგენტოსათვის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით წარდგენილ წინადადებას თან უნდა დაერთოს:

ე.ა) ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14

მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული აუდიტორული ფირმის მიერ გაცემული აუდიტორული დასკვნა(ები) ან სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული საექსპერტო დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ შემოთავაზებული საცხოვრებელი ფართები აკმაყოფილებს საცხოვრებელი ფართის ტექნიკურ პირობებს და გაყიდვის ოფციის უფლების გამოყენების შესახებ შეტყობინების წარდგენის მომენტისათვის გასხვისებულია სამშენებლო დოკუმენტაციით გათვალისწინებული მრავალბინიანი სახლის საცხოვრებელი ფართების არანაკლებ 20%;

ე.ბ) განხორციელებული მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარების შესახებ უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება;
ე.გ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
ე.დ) ინფორმაცია საცხოვრებელ ფართებზე, რომლის გაყიდვის ოფციითაც სარგებლობს კონკურსში გამარჯვებული.

4.2. საცხოვრებელი ფართის ნასყიდობის ფასის გადახდა განხორციელდება ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის ვადაში.


5. კონკურსის შეწყვეტა

საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მიიღოს კონკურსის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება.
კონკურსის შეწყვეტა არ ანიჭებს არანაირ უფლებას/მოთხოვნას (მათ შორის დანახარჯების ანაზღაურების მოთხოვნას) კონკურსში მონაწილეს/კონკურსში გამარჯვებულს. კონკურსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნდება სააგენტოს ოფიციალური ელექტრონული გვერდის (www.nasp.gov.ge) საშუალებით.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა